„Mrs Doubtfire-ის სკანდალი“ იტალიურად – როგორ მალავდა 56 წლის მამაკაცი 3 წელი გარდაცვლილ დედას პენსიის გამო

იტალიაში გახსნილია ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე პირქუში საქმე: 56 წლის (ზოგი წყაროს თანახმად – 57 წლის) მამაკაცი მანტუიდან, Borgo Virgilio-დან თითქმის სამი წლის განმავლობაში საკუთარ გარდაცვლილ დედად ასაღებდა თავს, რათა პენსიის აღება გაეგრძელებინა.
Corriere della Sera-ს ინფორმაციით, მამაკაცი 82 წლის ასაკში გარდაცვლილი თავისი დედის, გრაციელა დალ’ოლიოს სამოსს იცვამდა: გრძელ ქვედაბოლოებს, ბიჟუტერიას და ძველებურ საყურეებს ატარებდა, მაკიაჟს იკეთებდა და ასე იტყუებოდა,რომ ქალი ცოცხალი იყო. მან დედის სიკვდილის შესახებ შესაბამის უწყებებს არ შეატყობინა, მისი ცხედარი კი სახლში დამალა – ზეწრებში გაახვია და საძილე ტომარაში მოათავსა. დროთა განმავლობაში ქალის ნეშტი მუმიფიცირდა.
როგორ „გასკდა“ საქმე
ამ პირქუში „სპექტაკლის“ კულმინაცია გახდა მამაკაცის მცდელობა, განეახლებინა გარდაცვლილის პირადობის მოწმობა Borgo Virgilio-ს მუნიციპალურ სამსახურში. მამაკაცი შენობაში მოხუცი ქალის სრული იერსახით გამოცხადდა, თუმცა თანამშრომლებმა შეუსაბამობა შეამჩნიეს – მეტისმეტად ბოხი ხმა, სქელი კისერი და ხელები, რომლებიც მოხუცი ქალის ხელებს არ ჰგავდა.
ოფიციალური ფოტოების შედარებამ პირადობის დოკუმენტის გასაახლებლად მისულ „ხანდაზმულ ქალთან“ ტყუილი მომენტალურად გამოააშკარავა. სამსახურის თანამშრომლებმა კარაბინერები გამოიძახეს, მათ მამაკაცის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს და დედამისის მუმიფიცირებული ცხედარი აღმოაჩინეს, რომელიც სამრეცხაოს შენობაში იყო დამალული.
ხელისუფლების რეაგირება და გამოძიება
ბორგო ვირჯილიოს მერმა ფრანჩესკო აპორტიმ განაცხადა, რომ თაღლითი „საგულდაგულოდ იყო შენიღბული, მაგრამ ახლოდან გამოჩნდა, რომ მისი ასაკი არ ემთხვეოდა“. სამართალდამცავებმა დაადასტურეს, რომ ცხედარი მთლიანად მუმიფიცირებული იყო. ქალის სიკვდილის მიზეზი სასამართლო ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს. შესაძლებელია სასამართლომ მამაკაცის ფსიქიატრიული ექსპერტიზაც მოითხოვოს.
„კორიერე დელა სერა“ აღნიშნავს, რომ პროფესიით ექთანი მამაკაცი უმუშევარი იყო და მამისგან დატოვებული ქონებიდან – სამი ობიექტიდან და დედის პენსიიდან ერთად წლიურად 53 ათასი ევროს შემოსავალი ჰქონდა.
მამაკაცს ბრალი ედება თაღლითობაში (INPS-ის თანხების უკანონოდ მიღება), დედის გარდაცვალების დამალვაში და გარდაცვლილის შეურაცხყოფაში. გამოძიება გრძელდება.
იტალიურმა პრესამ საქმეს უკვე უწოდა „Mrs Doubtfire-ის სკანდალი“ – კრის კოლამბუსის ცნობილი კომედიური ფილმის ანალოგიით, რომელშიც მამაკაცი (მსახიობი რობინ უილიამსი) ხანდაზმულ ქალად – მისის დაუტფაირად შეინიღბება, რომ სამსახური იშოვოს. თუმცა ეს ახალი იტალიური ამბავი სულაც არ არის სასაცილო – პირიქით, ტრაგიკულია, აქ საქმე ეხება თაღლითობას, სოციალური დაცვის სისტემის ხარვეზებს და გარდაცვლილი მშობლის ცხედრის, ფაქტობრივად, შეურაცხყოფას ანგარების მიზნით.
ეს ინციდენტი აჩენს კითხვებს სოციალური კონტროლისა და სამოხელეო შემოწმების მექანიზმების შესახებ – როგორ შეიძლება სისტემებმა უფრო ეფექტიანად აღმოაჩინონ მსგავსი ბოროტმოქმედებები და როგორ უნდა დაიცვან მოწყვლად პირთა უფლებები ისე, რომ არ გაჩნდეს სივრცე მსგავსი დანაშაულებისთვის.
იტალიაში ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გარდაცვლილი პენსიონერის ცხედარს მისი შთამომავლები მალავენ, რათა მათი პენსია მიიღონ. 2023 წელს გამოააშკარავდა, რომ ვერონაში მამაკაცმა დედის ცხედარი ხუთი წლის განმავლობაში სახლში შეინახა და ამ ხნის განმავლობაში მის პენსიას იღებდა.
ნინო ხოშტარია




კომენტარები