რას არ გაიგებ/ფაქტებიშეუცნობელი

რატომ ითვლება ქოლგის გახსნა სახლში ცუდ ნიშნად და საიდან მოდის ეს „ტაბუ“?

ქოლგის გახსნა დახურულ სივრცეში ბევრ კულტურაში დღესაც ითვლება ცუდ ნიშნად – ისეთივე არასასურველად, როგორც სარკის გატეხა ან გზაზე შავი კატის გადარბენა. საიდან გაჩნდა ეს უცნაური შეხედულება? როგორ მოახერხა ჩვეულებრივმა, ყოველდღიურმა საგანმა ისეთი მნიშვნელობის მიღება, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო?

ამ კითხვას ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ აქვს, მაგრამ არსებობს რამდენიმე ვერსია, რომელიც ამ ძალიან ძველი ცრურწმენის მოტივაციას ხსნის.

ეგვიპტური ფესვები: როდესაც ქოლგა წმინდა საგნად ითვლებოდა

ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული ვერსია ძვ. წ. 1200 წელში გვაბრუნებს, ძველ ეგვიპტეში – ეპოქაში, როდესაც ქოლგას მხოლოდ მზისგან დასაცავად იყენებდნენ სამეფო ოჯახის წევრები და ქურუმები – ისინი პაპირუსითა და ფარშევანგის ბუმბულით დამზადებულ, განსაკუთრებულად გაფორმებულ ქოლგებს ატარებდნენ, რომლებიც არა უბრალოდ აქსესუარი, არამედ სტატუსის, ძალაუფლებისა და ღვთაებრივი დაცულობის სიმბოლო იყო.

ქოლგის გახსნა დახურულ სივრცეში, სადაც მზის სხივები არ აღწევდა, შესაძლოა მიჩნეულიყო მზის ღმერთის – რას – შეურაცხყოფად. ამგვარი „არასწორი გამოყენება“ თითქოს შეურაცხყოფდა მის ნებასა და მფარველობას, რის გამოც ადამიანს უიღბლობა ელოდა.

არის მეორე, ასევე ეგვიპტური ვერსია, რომელიც დაკავშირებულია ცის ქალღმერთ ნუთთან. ძველი ქოლგების ფორმა და ფუნქცია იმეორებდა ნუთის მიერ დედამიწის „მფარველობას“ – მის მფარველ ჩრდილს, ამიტომ ქოლგის ჩრდილი წმინდად მიაჩნდათ: მასში შესვლა მხოლოდ დიდგვაროვნებს შეეძლოთ. თუ ქოლგას „დაბალი ფენის“ ადამიანი იყენებდა და, მით უმეტეს, არამიზნობრივად, დახურულ სივრცეში – ეს ამ ადამიანისთვის უარყოფით ენერგიასა და ცუდ მოვლენებს მოიზიდავდა.

მითი, რომელიც ვიქტორიანულ ეპოქაში უსაფრთხოების წესად იქცა

დღეს, რა თქმა უნდა, ეგვიპტური ღმერთების აღარავის ეშინია, თუმცა დახურულ სივრცეში, სახლში ქოლგის გახსნის გარშემო ჩამოყალიბებული უკუეფექტის რწმენა მაინც გადარჩა – უბრალოდ, მნიშვნელობა შეიცვალა.

ქოლგის თანამედროვე სტანდარტი ჩვენამდე უფრო გვიან მოვიდა – ვიქტორიანული ეპოქიდან, როდესაც სემუელ ფოქსმა შექმნა Paragon-ის სახელით ცნობილი რკინის ჩარჩო ზამბარიანი მექანიზმით. ეს მთავარი სიახლე – სწრაფი, ძლიერი, ზამბარიანი მექანიზმი ქოლგას ერთდროულად ფუნქციურსა და პოტენციურად სახიფათოსაც ხდიდა.

როგორც ჩარლზ პანატი წერს წიგნში „Extraordinary Origins of Everyday Things“, პატარა ოთახში მოულოდნელად გაშლილ ქოლგას უამრავი პრობლემა შეიძლებოდა გამოეწვია – დაეზიანებინა ბავშვი, მოხვედრილიყო თვალში, დაემტვრია მინა ან სხვა მყიფე საგანი. სწორედ ამიტომ, საზოგადოებაში თავისთავად დამკვიდრდა გაფრთხილება: „ქოლგა სახლში არ გააშალო – თავს რამეს ავნებ!“

სწორედ ასე გადაიქცა ძველი მითოლოგია პრაქტიკულ რჩევად. ხალხი თავიდან საშიშ კონსტრუქციას ერიდებოდა და ამ ყოველდღიურმა სიფრთხილემ ქოლგის სახლში გახსნის სრულიად ჩვეულებრივ მოქმედებას „ცუდის ნიშანი“ შეუნარჩუნა.

რატომ ინარჩუნებს ეს რწმენა ძალას XXI საუკუნეში?

საბოლოოდ, მიზეზი ძალიან მარტივია: არავის უნდა, რომ რკინის ჩხირები თვალში მოხვდეს (მით უმეტეს, თუ ქოლგა დაზიანებულია და დამცავი პატარა პლასტმასის რგოლები რკინის ღერებს სძვრება), ან მოულოდნელად სახესთან გაეშალოს. ერთი უცნაური მოძრაობა საკმარისია, რომ ვინმე „ჩხვლეტის“ მსხვერპლი გახდეს, დავუშვათ ისე, როგორც კომედიურ ფილმშია „ჩხვლეტა ქოლგით“. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით, თუმცა სინამდვილეში ყველას გვახსოვს: მხოლოდ დაკეცილი ქოლგა შეიძლება იყოს უსაფრთხო, მით უმეტეს, თუ სახლში მოუსვენარი პატარა ბავშვები არიან, რომლებსაც ერთი სული აქვთ, ნებისმიერი ამგვარი ნივთი თავიანთ „სპორტული ტრენაჟორად“ აქციონ.

ამიტომ დღესაც ბევრისთვის მოქმედებს უცვლელი წესი: ქოლგა სახლში მხოლოდ დაკეცილი შედის!
მიზეზი შეიძლება აღარ არის რას ან ნუთის რისხვა, მაგრამ ადამიანური პრაქტიკა და უსაფრთხოების დაცვის წლობით ჩამოყალიბებული ჩვევა დღესაც ცოცხალ ტრადიციად რჩება.

თამთა გურული

p. s. რადგან ქოლგაზე ვსაუბრობთ, თუ დრო გაქვთ, გირჩევთ, მიხეილ კობახიძის მოკლემეტრაჟიან ფილმს – „ქოლგას“ (1967 წ.) უყუროთ. სხვათა შორის, საბჭოთა ცენზურამ ფილმი აკრძალა, მალევე მიხეილ კობახიძეს დამოუკიდებლად ფილმების გადაღებაც აუკრძალეს…

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close