პოლიტიკაქართველები უცხოეთშისაქართველო

„ასე გამოდის, რომ ჩვენ უსამშობლოდ გვტოვებს სახელმწიფო“, – რას ამბობენ ემიგრანტები დაგეგმილ საარჩევნო ცვლილებაზე

საქართველოს საარჩევნო კოდექსში „ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ დაანონსებულმა ცვლილებებმა, კერძოდ კი, ცვლილებამ საქართველოს მოქალაქეებისთვის უცხოეთში ხმის მიცემის შესაძლებლობის გაუქმების თაობაზე, ჩვენს თანამემამულე ემიგრანტებში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. მათი დიდი უმრავლესობა, მათ შორის, „ოცნების“ მხარდამჭერებიც, სოციალურ ქსელებში, რბილად რომ ვთქვათ, უარყოფითად აფასებენ ამ გადაწყვეტილებას და ამბობენ, რომ პრაქტიკულად, არჩევანის გაკეთების საშუალება მოუსპეს, რადგან სპეციალურად არჩევნების დღისთვის ჩამოსვლა საქართველოში არარეალურია სხვადასხვა მიზეზის გამო. ზოგიერთი ამ გადაწყვეტილებას ემიგრანტების შეურაცხყოფად და დაცინვადაც კი მიიჩნევს. nostal.ge რამდენიმე რესპონდენტს დაუკავშირდა სხვადასხვა ქვეყანაში და ერთი კითხვით მიმართა:

რას ფიქრობთ ახალ საარჩევნო ცვლილებებზე, რომლის თანახმადაც საყოველთაო-სახალხო კენჭისყრის დღოს საარჩევნო უბნები საზღვარგარეთ აღარ გაიხსნება და თუ ხმის მიცემა გსურთ, საქართველოში უნდა ჩამოხვიდეთ თქვენი არჩევანის დასაფიქსირებლად?

ეკა კაჭარავა, იტალია

ჯერ კიდევ შოკში ვარ, ბრაზისგან და წყენისგან  ვერაფერს ვამბობ… 22 წელზე მეტია იტალიაში ვარ და  საქართველოში არასოდეს ჩამოვსულვარ ხმის მისაცემად, ყოველთვის აქ ვაძლევდი ხმას. ახლა ამ შესაძლებლობას მართმევენ!..

ეკა ცაბაძე, იტალია

ეს საარჩევნო ცვლილება  არის  ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევა და პირდაპირი ნაბიჯები ტოტალიტარიზმისაკენ.

ათი წელია ემიგრანტი ვარ და არჩევნების დროს არასდროს ჩამოვსულვარ საქართველოში. ჯერ  ერთი, საბუთი არ მქონდა, მეორე – არ მქონდა სახლი.

როცა საელჩოები და საკონსულოები არსებობს და სოლიდურ ხელფასებს იღებენ, გვაქვს თუ არა უფლება, ადგილზე გვქონდეს საარჩევნო უბნები?! კოლოსალური კორუფციის პირობებში ვეღარ ახერხებენ საარჩევნო უბნების გახსნას? მოლდოვის მაგალითმა ნათელყო, რომ ემიგრაცია დამოუკიდებელია და ძალას წარმოადგენს. შესაბამისად, პირდაპირი დირექტივებია, რომ საქართველოს შემთხვევაში მსგავსი „შეცდომა“ აღარ განმეორდეს.

21-ე საუკუნის მონებად გვაცხადებენ. მხოლოდ მთავრობის და მათთან  დაახლოებული პირების  პირადი კეთილდღეობის შექმნაში ვიღებთ მონაწილეობას.

რეალურად ეს შეუძლებელია. არ არსებობს რესურსი, რომ უზრუნველყონ ემიგრანტების ქვეყანაში დაბრუნება საარჩევნოდ. ვეძებ ბერკეტს, რომ საელჩომ უზრუნველყოს ჩემი არჩევნებში მონაწილეობა. სხვას რას აკეთებენ?!

მაია ლომიძე, იტალია

როგორ შეიძლება ქვეყანამ, რომელსაც ამდენი ემიგრანტი ჰყავს, ეს აბსურდული კანონი მიიღოს და არ მისცეს თავის მოქალაქეს ხმის მიცემის უფლება იმ ქვეყანაში, სადაც არის?! მაშინ რისთვის არის საჭირო ამდენი საკონსულო და საელჩო?! მხოლოდ მიცვალებულების გადასვენებით არიან დაკავებულები. თითქოს იმდენი საქმე აქვთ კონსულებს, ვიცე კონსულები ჰყავთ. ხელოვნურად გაბერილია შტატები. ემიგრაციისგან ვერცერთ ქვეყანაში, ვერცერთ ქალაქში ვერ მიიღეს სასურველი ხმების რაოდენობა წინა არჩევნებზე და ახლა ეს ხერხი გამონახეს.

რომში მიჭირდა ჩასვლა და საქართველოში როგორ ჩამოვალ? თუ შვებულება არ დაემთხვა, არა მგონია, ვინმემ მხოლოდ არჩევნების გამო ჩამოსვლა შეძლოს…

ეთევან ქართველიშვილი, აშშ

არ მიმაჩნია სწორად და ნორმალურად ეს ცვლილება, რომ საქართველოში უნდა ჩამოვიდეთ ხმის მისაცემად. ამხელა ხარჯს არავინ გაიღებს არჩევნებში მონაწილეობისთვის. ბევრს საშუალებაც არ აქვს, რომ საქართველოში ჩამოვიდეს.

2009  წლიდან ამერიკაშ ვარ (ქეთევანი პიანისტია – რედ.) და არასოდეს ჩამოვსულვარ არჩევნებისთვის საქართველოში.

მანანა სააკაშვილი, გერმანია

ვფიქრობ არაპრაქტიკულია, სამწუხაროდ, ყოველთვის არ არის ჩამოსვლა შესაძლებელი და, შესაბამისად, მოქალაქეს ეკარგება ხმის მიცემის შესაძლებლობა. მე არასოდეს ჩამოვსულვარ საქართველოში არჩევნებისთვის, იმიტომ რომ მოსახერხებელი იყო ბერლინში საქართველოს საელჩოში ხმის მიცემა და ვიყენებდი ამ შესაძლებლობას.

თინა ბედიაშვილი, აშშ

არჩევნებზე ხმის მიცემის უფლება ადამიანის ფუნდამენტური კონსტიტუციური უფლებაა. საქართველოს მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი არის იძულებით ემიგრაციაში. ისინი ოჯახებს არჩენენ საზღვარგარეთ გამომუშავებული თანხებით და დიდი წვლილი შეაქვთ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, ამიტომ ამ ხალხს უნდა ჰქონდეს არჩევნებში მონაწილეობისა და ხმის მიცემის უფლება იმ ქვეყანაში, სადაც არიან და სადაც დიპლომატიური წარმომადგენლობები აქვს საქართველოს.

ჩამოვიდნენ და აქ მისცენ ხმაო – აბა, რა, სასეირნოდ არიან წასულები ემიგრანტები და ადვილად ჩამოფრინდებიან საქართველოში და მეორე დღეს გაფრინდებიან უკან. დაცინვაა ეს!  არარეალურია, რა თქმა უნდა, და რეალურად ხმის მიცემის საშუალებას ართმევენ ემიგრანტებს.

ლალი დავითულიანი, იტალია

პირველ რიგში, ბილეთები ძალიან ძვირია, რომ ერთი-ორი დღით ჩამოვიდეს ადამიანი და უკან წავიდეს. ბილეთებს რომ თავი დავანებოთ, თვითმფრინავებს უზრუნველყოფს სახელმწიფო, დავუშვათ, იგივე ევროპაში  – იმდენი ქართველია მარტო მილანში, ეს ხომ არ არის 10-20 კაცი?! საქართველოს ვერცერთი მთავრობა ვერ უზრუნველყოფს არჩევნებზე ასობით თვითმფრინავის გამოყოფას და რეისების ორგანიზებას. ასე გამოდის, რომ ჩვენ უსამშობლოდ გვტოვებს სახელმწიფო – მე ასე ვთვლი პირადად.  მე ჩემი სურვილით მინდა მივცემ ხმას და მივიღებ მინაწილეობას, მინდა არა, მაგრამ შენ რატომ მიკრძალავ და მიზღუდავ უფლებას?! რაღაცა ცოტა უნამუსობა ხომ არ არის მთავრობის მხრიდან? პირადად მე, რომელიც დადებითად ვარ განწყობილი ამ ხელისუფლების მიმართ, არ ვთვლი, რომ ეს არის  ნორმალური. ამას არცერთი ქვეყანა არ იკადრებს თავისი მოქალაქეების მიმართ, რასაც კადრულობს ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება. ანუ უსპობ ადამიანებს კონსტიტუციურ უფლებას – რა გამოდის? ეშინია მთავრობას იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეების ძალიან დიდ ნაწილს, რომელიც უცხოეთში ცხოვრობს და თვალყურს ადევნებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, არ მოსწონს ბევრი რამე, რადგან ხედავენ, როგორ ცხოვრობს ხალხი ევროპაში და იმასაც კარგად ხედავენ, რა სიტუაციაა ჩვენთან  (თუნდაც პროდუქტების სიძვირე ავიღოთ, ან ბანკების პროცენტები). გამოდის, რომ არ უნდათ ემიგრანტებისგან სხვა არაფერი, მარტო ის აინტერესებთ, ბანკებში ფული შევიდეს, საბრალო ემიგრანტებმა აცხოვრონ ეს მუქთახორა პოლიტიკოსები და უვარგისი, ხარახურა პროდუქციის შემომტანები, რითაც სავსეა საქართველო…  რაში სჭირდებათ ემიგრანტების ხმები?! გაყარეს ხალხი ქვეყნიდან და ფულის საჭრელ მანქანებად აქციეს და ახლა უსამშობლოდ ტოვებენ?! ისედაც გამწარებულია აქ ხალხი, აგზავნიან ფულს და ისეთი ფასებია საქართველოში, ვეღარ აუდიან… მილანში, რომელიც ყველაზე ძვირი ქალაქია იტალიაში, არ არის ეგეთი ფასები. მე ხომ ბევრს ვიცნობ აქ – გოგოები გაგიჟებული არიან, ისეთი კანონები შემოდის, მე რომ აქ ხელფასს ვიღებ, გადასახადებს ვიხდი და ჩემს ოჯახს ვუგზავნი, კიდევ უნდა დამიბეგრონ?! შემოსავალს რომ ანგარიშობ, ისიც იანგარიშე, რა ხარჯი აქვს ოჯახს, ზოგს მცირეწლოვანი ბავშვები ჰყავს, ზოგი კრედიტს იხდის და ა. შ.

ნინო შუბითიძე (ყოფილი ემიგრანტი იტალიაში, ამჟამად საქართველოშია)

მე ვფიქრობ, რომ არასწორია ეს ცვლილება. იტალიაში მაგ., დიდ ქალაქებში, სადაც საელჩო და საკონსულოებია და სადაც ქართველი ემიგრანტების დიდი უმრავლესობაა (რომი, ნეაპოლი, ბარი, მილანი და ა. შ.), იქ უნდა  მოეწყოს ისევ საარჩევნო უბნები და იქ უნდა მისცენ ხმა ემიგრანტებმა, იმიტომ რომ ათიათასობით ემიგრანტი რომ ჩამოვიდეს აქ არჩევნების დღისთვის, არარეალურია; ვთქვათ და, ჩამოვიდეს, ქაოსი იქნება – ჯერ აეროპორტები როგორ მოემსახურება, ბილეთებს როგორ აიღებენ?! ჩემთვის ეს დიდი უაზრობაა და არარეალურია, პრაქტიკულად, ხმის მიცემის უფლების შეზღუდვაა. ათიათასობით ემიგრანტია წასული და მათ უნდა ჰქონდეთ საშუალება, სადაც არიან, იმ ქვეყანაში მისცენ ხმა იმას, ვისაც უნდათ.

დაკავშირებულ თემაზე: საარჩევნო კოდექსის რეფორმა 2025: კიდევ რას ზღუდავს ახალი სამართლებრივი ჩარჩო ემიგრანტების მონაწილეობის გეოგრაფიული არეალის გარდა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close