როგორ მოქმედებს ამინდი ჩვენს ჯანმრთელობაზე და შესაძლებელია თუ არა მეტეოდამოკიდებულების შემცირება

ჯერ კიდევ რენესანსის ეპოქაში ამტკიცებდა შვეიცარიელი ფილოსოფოსი და ექიმი პარაცელსუსი, რომ ამინდი პირდაპირ მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე, თუმცა მეტეოროლოგიური დამოკიდებულება, როგორც სამედიცინო ფაქტი, მხოლოდ მეოცე საუკუნეში იქნა ოფიციალურად აღიარებული. სწორედ ამ პერიოდში ჩამოყალიბდა ახალი მეცნიერებაც – ადამიანის ბიომეტეოროლოგია, რომელიც სწავლობს, როგორ რეაგირებს ორგანიზმი ამინდის მკვეთრ ცვალებადობაზე.
თანამედროვე კვლევების მიხედვით, ადამიანთა დაახლოებით 30 პროცენტი მეტეოდამოკიდებულია – ისინი სიცივეს, ქარს, წნევის ცვალებადობასა და ტენიანობას განსაკუთრებით მძაფრად გრძნობენ. ექიმები კი გვახსენებენ „სუსტ წერტილებს“, რომლებზეც ამინდი ყველაზე ინტენსიურად მოქმედებს.
სახსრების ტკივილი – რეალური ჩივილი და არა მითი
2007 წელს ბოსტონის სამედიცინო ცენტრში ჩატარებულმა კვლევამ ნათლად აჩვენა: ტემპერატურის შემცირება, ატმოსფერული წნევის რყევა და ტენიანობის მატება პირდაპირ კორელაციაშია სახსრების ტკივილთან.
ამ მოვლენას მეცნიერები შემდეგნაირად ხსნიან:
-
მაღალი ტენიანობა და ატმოსფერული წნევის მკვეთრი შემცირება იწვევს ქსოვილების შეშუპებას;
-
შეშუპება კი ნერვულ დაბოლოებებს აწვება, რის შედეგადაც ჩნდება ტკივილი.
ამიტომ, ვინც წვიმის მოსვლამდე ან აცივების წინ ზურგისა და მუხლების ტკივილს გრძნობს, ნამდვილად არ აჭარბებს – ამაზე პასუხისმგებელია ფიზიოლოგიური რეაქცია, რომელსაც ჩვენი სხეული თავადვე ამჟღავნებს.
არტერიული წნევა და ამინდი – ყველაზე მჭიდრო კავშირი
ატმოსფერული წნევა ადამიანის ორგანიზმზე მოქმედების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია.
როდესაც ატმოსფერული წნევა ეცემა, ჩვენი სხეული თითქოს „დაცვას“ რთავს:
-
არტერიული წნევა მცირდება;
-
გულისცემა ნელდება;
-
სისხლძარღვების კედლებზე დატვირთვა მცირდება.
ამიტომ მაღალი წნევის მქონე პაციენტები ცუდ ამინდს ყველაზე მწვავედ გრძნობენ.
ზამთრის დადგომასთან ერთად სიცივე თავის მოქმედებას კიდევ უფრო ამძაფრებს – სხეული კიდურებსა და მთავარი ორგანოების დასაცავად სისხლძარღვებს ავიწროებს, რის გამოც არტერიული წნევა იმატებს. სწორედ ამიტომ იზრდება სტენოკარდიისა და ინფარქტის რისკიც.
თავის ტკივილი და შაკიკი – ამინდის ცვლილების ერთ-ერთი ყველაზე ხშირი შედეგი
მეტეოდამოკიდებულ ადამიანებს ხშირად აქვთ ჩივილი: „თავი მისკდება“.
კვლევების თანახმად, შაკიკით დაავადებულთა 70 პროცენტზე მეტი ამინდის შეცვლას ტკივილის გამწვავებას უკავშირებს. განსაკუთრებით პრობლემურია:
-
ატმოსფერული წნევის მკვეთრი ვარდნა;
-
ძლიერი ქარი;
-
ტემპერატურის უეცარი კლება.
ამ დროს სისხლძარღვების ტონუსი იცვლება, ირღვევა ნორმალური სისხლის მიმოქცევა და ტკივილი მძაფრდება.
ასთმა და სუნთქვითი პრობლემები
ასთმით დაავადებული ადამიანებისთვის ამინდის ცვლილება შესაძლოა სერიოზული გამოწვევა იყოს.
რა იწვევს ასთმურ შეტევას?
-
ცივი და მშრალი ჰაერი
-
ტემპერატურის მკვეთრი ვარდნა
-
ჭექა-ქუხილის წინ გაზრდილი ტენიანობა
-
გაზაფხულზე ჰაერში მტვრის ნაწილაკები
-
ზაფხულში ალერგენული მცენარეები
-
შემოდგომაზე ობი და მაღალი ტენიანობა
ზოგიერთ შემთხვევაში ამინდი იწვევს ალერგიულ რეაქციასაც – მაგალითად, ცივ წყალთან ან ჰაერთან შეხებისას ვითარდება „ჭინჭრის ციება“.
ამინდი და ემოციური მდგომარეობა – რატომ უარესდება განწყობა?
ემოციური ფონი ხშირად ისეთივე სენსიტიურია, როგორც ფიზიკური სხეული.
ამინდის გაუარესებისას ბევრი ადამიანი განწყობის გაუარესებას უჩივის, ხოლო მზიან ამინდში უკეთ გრძნობს თავს. ამის მიზეზი არის:
-
სინათლის ინტენსივობის შემცირება
-
ტემპერატურის ცვალებადობა
-
ატმოსფერული წნევის რყევა
-
ჰორმონული პროცესების აქტივაცია
სწორედ ამ მექანიზმებზეა დაფუძნებული სეზონური დეპრესიის დიაგნოზიც, რომელიც განსაკუთრებით ხშირია შემოდგომაზე და ზამთარში.
შესაძლებელია თუ არა მეტეოდამოკიდებულების შემცირება?
დიახ – და ეს არც ისე რთულია. მთავარია სხეულის გაძლიერება და ნერვული სისტემის გაწონასწორება.
რა გვეხმარება?
-
დამშვიდება და სტრესის შემცირება – მოწყვლად ნერვულ სისტემას ამინდი ყველაზე მეტად აზიანებს;
-
ალკოჰოლისა და სიგარეტის შემცირება – ეს ფაქტორები სისხლძარღვების მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებენ;
-
ტკბილეულის და ძლიერი ყავის შეზღუდვა – ისინი არტერიული წნევის რყევას აძლიერებენ.
-
8-საათიანი ძილი – ორგანიზმი სტაბილურად რეაგირებას მხოლოდ გამართული რეჟიმის პირობებში ახერხებს;
-
ფიზიკური აქტივობის გაზრდა – განსაკუთრებით სასარგებლოა სიარული სუფთა ჰაერზე;
-
სუნთქვითი ვარჯიშები – არახელსაყრელ დღეებში სუნთქვის ვარჯიშების რამდენჯერმე გამეორება მნიშვნელოვნად ამცირებს დაძაბულობას და აუმჯობესებს სისხლის ჟანგბადით მომარაგებას.
მეტეოდამოკიდებულება უბრალოდ „კაპრიზი“ აღარ არის – ეს არის მეცნიერულად დასაბუთებული რეაქცია, რომელსაც ჩვენი სხეული ამინდის ცვლილებაზე გამოხატავს. მთავარია, ყურადღება მივაქციოთ საკუთარ ორგანიზმს, გავაუმჯობესოთ დღის რეჟიმი და გარემო ფაქტორების მიმართ სენსიტიურობაც თანდათან შესუსტდება.
თამარ ქავჟარაძე
დაკავშირებულ თემაზე: მაგნიტური შტორმები ნოემბერში – ყველაზე რთული დღეები და ენერგეტიკული ბალანსის დაცვის გზები




კომენტარები