მატეო სალვინის პარტია Lega მიგრაციულ და შიდა უსაფრთხოების პოლიტიკაში რადიკალურ კურსს აძლიერებს და ახალ „უსაფრთხოების დეკრეტს“ ამზადებს, რომელმაც უკვე გამოიწვია დაძაბულობა მმართველ კოალიციაში. ამის შესახებ იტალიური მედია იუწყება.
პაკეტის ძირითადი პუნქტებია: ბურქის (მუსლიმი ქალების სამოსი, რომელიც მთლიანად ფარავს ტანს, თავსა და სახეს) აკრძალვა, ოჯახების გაერთიანების წესების გამკაცრება, დაჩქარებული დეპორტაციები, ბრძოლა არასრულწლოვანთა ბანდებთან, თუმცა ყველაზე დიდი პოლიტიკური ტალღა სალვინის კიდევ ერთ დაჟინებულ იდეას უკავშირდება – ე. წ. „რემიგრაციას“, რომელიც გულისხმობს მასობრივ დეპორტაციებს, მათ შორის, იმ იმიგრანტებისაც, რომლებიც იტალიაში დაიბადნენ.
სალვინის ზეწოლა ჯორჯა მელონიზე და წინასაარჩევნო გათვლა
სალვინი აცხადებს, რომ ქვეყნისთვის „მხოლოდ კანონპროექტი საკმარისი არ არის“ და საჭიროა სრულფასოვანი უსაფრთხოების დეკრეტი, რომლის დამტკიცებაც მას ნოემბრის რეგიონულ არჩევნებამდე სურს. როგორც იტალიური წყაროები წერენ, ამით „ლიგა“ აშკარად ცდილობს, გააძლიეროს საკუთარი პოლიტიკური პოზიცია და ზეწოლა მოახდინოს პრემიერ ჯორჯა მელონიზე.
თუმცა მმართველ კოალიციაში ერთსულოვნება არ არის: Forza Italia და Fratelli d’Italia უკვე რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ „ლიგას“ ყველაზე მკაცრ ინიციატივებს და პარლამენტში დაბლოკეს კიდეც.
რა შედის ახალ პაკეტში?
პაკეტი მომზადდება შინაგან საქმეთა სამინისტროში, იუსტიციის სამინისტროში და პალაცო კიჯიში (Palazzo Chigi, კიჯის სასახლე რომში, რომელიც ოფიციალურად პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაა). პრეზიდენტის ადმინისტრაცია პროცესს ყურადღებით აკვირდება.
მთავარი ცვლილებები ასეთია:
1. ბურქის აკრძალვა
„ლიგა“ ითხოვს ქალების მუსლიმური სამოსის სრულ აკრძალვას საჯარო სივრცეში. ინიციატივამ უკვე გააჩინა მწვავე დისკუსია უფლებების შეზღუდვაზე.
2. ოჯახების გაერთიანების გამკაცრება
გადახედვა იგეგმება დოკუმენტების, შემოსავლისა და საცხოვრებელი ფართის წესებზე, რაც ბევრ ოჯახს პროცედურას მნიშვნელოვნად გაურთულებს.
3. დაჩქარებული გამოსახლებები
პაკეტი ითვალისწინებს:
- ახალი უწყების შექმნას, რომელიც ბინებში უნებართვოდ შესახლებული პირების სწრაფ გამოსახლებას უზრუნველყოფს;
- საკუთრების დაბრუნების პროცესის დაჩქარებას;
- დაჩქარებული გამოსახლების პროცედურა გავრცელდეს არა მხოლოდ ადამიანის ძირითად საცხოვრებელ ბინაზე, არამედ მის მეორე და მესამე უძრავ ქონებაზეც – ანუ ნებისმიერ ობიექტზე, რომელშიც თვითნებურად შეიჭრებიან და დაეპატრონებიან.
ეს ინიციატივა, ძირითადად, მიმართულია ისე წოდებული sfratti flash-ის დანერგვისკენ, რომელიც საკუთრების უფლების გამყარებას ემსახურება.
4. არასრულწლოვანთა ბანდების წინააღმდეგ ბრძოლა
გეგმაშია, რომ პოლიციის კომისარს მიეცეს უფლება:
- გაფრთხილება მისცეს არასრულწლოვანთა მშობლებს 14 წლამდე;
- მძიმე შემთხვევებში ოჯახებს მსხვილი ჯარიმები დაეკისროთ.
5. პოლიციის გაძლიერება
თითქმის ყველა უწყებაა ჩართული პოლიციაში დამატებითი კადრების აყვანის დაჩქარებაში.
ყველაზე სკანდალური ნაწილი – „რემიგრაცია“
სალვინის „ლიგის“ პაკეტის ყველაზე სადავო და სამთავრობო კრიზისის გამომწვევი ნაწილი არის რემიგრაციის იდეა – ის უკავშირდება მემარჯვენე-რადიკალურ თეორიას, რომლის მიზანიც არის იმიგრანტების „უკან გაგზავნა“ —
მათ შორის მეორე და მესამე თაობის იმიგრანტებისა, რომლებიც იტალიაში დაიბადნენ.
ეჭვმა და კრიტიკამ პიკს პალაცო კიჯიში მიაღწია. როგორც იტალიელი მაღალჩინოსნები აღნიშნავენ:
„როგორ წარმოუდგენია სალვინის ასეთი აბსურდული და იურიდიულად შეუძლებელი ნაბიჯი?“
იურისტები ხაზს უსვამენ, რომ ეთნიკური ან კულტურული ნიშნით კოლექტიური დეპორტაცია ეწინააღმდეგება როგორც იტალიურ კონსტიტუციას, ისე ევროკავშირის სამართალს.
შიდა პოლიტიკური კრიზისის საფრთხე
მართალია, „ლიგა“ ამტკიცებს, რომ ქვეყანა „სისხლის სამართლის გამკაცრებას და უსაფრთხოების დაბრუნებას“ საჭიროებს, კოალიციის სხვა პარტიები შიშობენ, რომ სალვინის პროექტი გამოიწვევს როგორც სამართლებრივ, ისე პოლიტიკურ კატაკლიზმებს.
ანალიტიკოსების შეფასებით, ეს პაკეტი შეიძლება გადაიქცეს არა მხოლოდ მიგრაციასთან ბრძოლის ახალ ეტაპად, არამედ მმართველი კოალიციის ერთიანობის გამოცდადაც.
ნინო ხოშტარია
დაკავშირებულ თემაზე: ჯორჯა მელონის პარტიის ახალი საკანონმდებლო ინიციატივა – ბურქისა და ნიქაბის აკრძალვა, მეჩეთების დაფინანსების კონტროლი და სასჯელი ქალწულობის ტესტისთვის




კომენტარები