რუმინეთში მსოფლიოში უდიდესი მართლმადიდებლური ტაძარი გაიხსნა (ვიდეო)
რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში კვირას, 26 ოქტომბერს საზეიმოდ გაიხსნა მსოფლიოში უდიდესი მართლმადიდებლური ეკლესია – ერის ხსნის საკათედრო ტაძარი. ტაძრის გახსნაზე მთელი მსოფლიოდან ათასობით მომლოცველი ჩავიდა, – წერს სააგენტო AP.
ეკლესიის ფრესკების კურთხევის ცერემონია კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომე I-მა და რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა დანიელმა ჩაატარეს. ღონისძიებაში 65 იერარქი, 70 მღვდელი და 12 დიაკვანი მონაწილეობდა. ათასობით ადამიანი ტაძრის გახსნას ტელევიზიით ადევნებდა თვალყურს.


წირვას რუმინეთის პრეზიდენტი ნიშორ დანი და პრემიერ-მინისტრი ილიე ბოლოშანი დაესწრნენ. მაღალი რანგის სტუმრებს შორის იყო მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ.
ბუქარესტის ერის ხსნის საკათედრო ტაძრის სიმაღლე 125 მეტრზე მეტია (შედარებისთვის: თბილისის სამების საკათედრო ტაძრის სიმაღლე 87 მეტრია). ის 5000-მდე ადამიანს იტევს. Associated Press-ის ცნობით, ტაძარი 15 წელი შენდებოდა და მის მშენებლობაზე დაახლოებით 270 მლნ ევრო დაიხარჯა, რომლის უმეტესი ნაწილი საზოგადოებრივი ფონდებიდან შევიდა. საკათედრო ტაძრის ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მოზაიკებისა და ხატების საერთო ფართობი 17 800 კვადრატული მეტრია. რუმინეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ახალ საკათედრო ტაძარს „ეროვნული იდენტობის სიმბოლო“ უწოდა.
ოპონენტები აცხადებენ, რომ ახალი ტაძრის მშენებლობაზე დახარჯული თანხები შეიძლებოდა სკოლებისა და ჯანდაცვის სისტემის განვითარებისთვის გამოეყენებინათ. როგორც ცნობილია, რუმინეთის ბიუჯეტის დეფიციტი ევროკავშირში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია.
ნინო ხოშტარია
ვიდეო: ბუქარესტის ერის ხსნის საკათედრო ტაძრის გახსნის საზეიმო ცერემონია.




კომენტარები