
იტალიას იმიგრანტების გარეშე ძალიან გაუჭირდებოდა როგორც ეკონომიკური ზრდის, ისე დემოგრაფიული მდგომარეობისა და სამუშაო ძალის მხრივ. Leone Moressa-ს ფონდის ახალი ანგარიშის თანახმად, რომელიც ორგანიზაციამ 20 ოქტომბერს წარადგინა CNEL-ში (დამსაქმებელთა ნაციონალური კონფერენციების ეროვნული საბჭო) და დეპუტატთა პალატაში, ბოლო ათწლეულის განმავლობაში (2014–2024) იმიგრანტი მეწარმეების რაოდენობა 24%-ით გაიზარდა, ხოლო იტალიელი მეწარმეების რაოდენობა 5%-ზე მეტით შემცირდა. დღეს უცხოელთა წვლილი ქვეყნის მშპ-ში 9%-ია, განსაკუთრებით მაღალია მათი წვლილი სოფლის მეურნეობაში (18%) და მშენებლობაში (16.4%). ამის შესახებ ilsole24ore წერს.
„ახალი იტალიელები“ და დემოგრაფიული ზამთარი
2024 წელს იტალიაში 5.3 მლნ უცხოელი ცხოვრობდა (მთლიანი მოსახლეობის 8.9%). თუმცა საზღვარგარეთ დაბადებულთა რიცხვი 6.7 მილიონამდე გაიზარდა (11.3%). ეს სხვაობა, ძირითადად, განპირობებულია იტალიის მოქალაქეობის მიღებით (წელიწადში 200 000-ზე მეტი). იტალიის მოსახლეობას იმიგრაციული წარსულით კვლავაც დადებითი წვლილს შეაქვს იტალიის დემოგრაფიულ მონაცემებში, შობადობის უფრო მაღალი მაჩვენებლით (9.9 ახალშობილი ათას მოსახლეზე, იტალიელებში – 6.1) და სიკვდილიანობის უფრო დაბალი მაჩვენებლით (2.1 გარდაცვლილი ყოველ ათას მოსახლეზე – იტალიელთა შორის – 12.3). შობადობის მაღალი მაჩვენებლის წყალობით, მიგრანტები, ფაქტობრივად, ხელს უშლიან იტალიის დემოგრაფიულ კოლაფსს. მაგალითად, 2023 წელს იტალიის მოსახლეობის რაოდენობა 385 000-ით შემცირდა, ხოლო იმიგრანტების – 375 000-ით გაიზარდა. იმიგრანტთა შორის მხოლოდ 6% არის 64 წელზე უფროსი ასაკის, ხოლო იტალიელებს შორის ეს მაჩვენებელი 26%-ს აღწევს. ეს ნიშნავს, რომ იმიგრანტები საზოგადოების ახალგაზრდა, აქტიური ნაწილია, რომლებიც დღეს ბაზრებსა და გადასახადებს კვებავენ და ხვალ საპენსიო სისტემის მზარდ დეფიციტს აანაზღაურებენ.
სამუშაო ძალაზე მზარდი მოთხოვნა – იმიგრანტები შეუცვლელები არიან
დემოგრაფიული ტენდენციების გაგრძელება თავისთავად განაპირობებს სამუშაო ძალის მზარდ მოთხოვნას. Unioncamere – Excelsior-ის პროგნოზით, 5-წლიან პერიოდში 2024-იდან 2028 წლამდე იტალიურ კომპანიებს დასჭირდებათ 3 მლნ ახალი მუშაკი (საჯარო სექტორის გამოკლებით), რომელთაგან 264 ათასი იმიგრანტი იქნება (21,3%). სამუშაო ძალაზე მოთხოვნა იტალიაში დამოკიდებული იქნება 80%-ით კადრების გადინებაზე მომუშავეთა პენსიაზე გასვლის გამო და მხოლოდ 20%-ით – ეკონომიკური ზრდიდან გამომდინარე. ცენტრალურ და ჩრდილოეთ რეგიონებში იმიგრანტების წილი მუშახელზე მოთხოვნაში 25%-ს აჭარბებს, პიკი კი 31%-ია – ტოსკანასა და ტრენტინო-ალტო-ადიჯეში.
იმიგრანტ მეწარმეთა რაოდენობა კვლავ იზრდება
იმიგრანტი მეწარმეების რაოდენობა კვლავ იზრდება და 2024 წელს 787 000-ს მიაღწია (საერთო რაოდენობის 10.6%). ათი წლის განმავლობაში (2014-2024) იმიგრანტ მეწარმეთა რაოდენობა გაიზარდა (+24.4%), ხოლო იტალიელ მეწარმეთა რაოდენობა შემცირდა (-5.7%). ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ცენტრალურ და ჩრდილოეთის რეგიონებშია, დარგების მიხედვით კი – მშენებლობის, ვაჭრობისა და სტუმარმასპინძლობის სექტორებში. დანიშნულების ქვეყნების დემოგრაფიულ გაჯანსაღებასა და ეკონომიკის ზრდაში შეტანილი წვლილის გარდა, მიგრანტები ხელს უწყობენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნების განვითარებასაც, მათ შორის, ფულის გაგზავნით. 2024 წელს იტალიაში დასაქმებულმა იმიგრანტებმა 8.3 მილიარდი ევრო გაგზავნეს თავიანთი წარმოშობის ქვეყნებში საკუთარი ოჯახებისა და ახლობლების დასახმარებლად, რაც თვეში დაახლოებით 130 ევროს შეადგენს ერთ სულ მოსახლეზე.
ფისკალური წვლილი
იტალიაში 4.9 მილიონი იმიგრანტი გადასახადის გადამხდელია (საერთო რაოდენობის 11.5%). 2024 წელს მათი დეკლარირებული შემოსავალი 80.4 მილიარდი ევრო იყო, 11.6 მილიარდი ევრო პირადი საშემოსავლო გადასახადის სახით გადაიხადეს იტალიის სახელმწიფო ბიუჯეტში. იტალიელებსა და იმიგრანტებს შორის ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის სხვაობა კვლავ მაღალია (წლიურად თითქმის 9 000 ევრო), რაც დასაქმების სტრუქტურის პირდაპირი შედეგია.
სახელმწიფო ხარჯებზე გავლენა
იმიგრანტები, ძირითადად, შრომისუნარიანი, სამუშაო ასაკის ადამიანები არიან და მცირე გავლენა აქვთ სახელმწიფო ხარჯებზე (3%). გარდა ამისა, სახელმწიფო შემოსავლების (დასაქმებულთა მიერ გადახდილი გადასახადები და სოციალური უზრუნველყოფის შენატანები) სახელმწიფოს მიერ სოციალური მიზნით გაწეულ ხარჯებთან შედარებით, იმიგრანტების ბალანსი დადებითია (+1.2 მილიარდი ევრო ანუ უფრო მეტი შენატანი შეაქვთ გადასახადების სახით, ვიდრე სახელმწიფოსგან იღებენ სოციალურ თანხებს – მათ მცირე გავლენა აქვთ სახელმწიფო ხარჯების ძირითად პუნქტებზე, როგორიცაა ჯანდაცვა და პენსიები).
ამ ფონზე სახელმწიფოს გამოწვევაა იმიგრანტების ეფექტიანი ინტეგრაცია, რომლის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ფაქტორია იტალიური სკოლა, თუმცა ასევე საჭირო იქნება სახელმწიფოს მხრიდან ახალი ძალისხმევა – ენობრივი პროგრამების განვითარება, ოჯახების მხარდაჭერა, დიალოგი და ჩართულობა.
ნინო ხოშტარია




კომენტარები