ვიდეომსოფლიოკრიმინალი

ლუვრის ძარცვა – პოლიცია ოთხ ეჭვმიტანილს ეძებს (ვიდეო)

„მძარცველები შესაძლოა უცხოელები იყვნენ, დანაშაული ძალიან გამოცდილი ჯგუფის მიერაა ჩადენილი“

ლუვრში მომხდარი გახმაურებული ქურდობის შემდეგ საფრანგეთის პოლიცია ეძებს ოთხ პირს, რომლებიც სკუტერებით მიიმალნენ და მუზეუმიდან რვა ექსპონატი გაიტაცეს. საფრანგეთის პროკურატურა და პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი დარწმუნებულები არიან, რომ გამოძიება წარმატებით დასრულდება.

პარიზის მთავარი პროკურორის, ლორა ბეკოს განცხადებით, ლუვრის ძარცვასთან დაკავშირებით პოლიცია ოთხი მძარცველს ეძებს. შინაგან საქმეთა მინისტრმა ლორან ნუნიესმა აღნიშნა, რომ დანაშაული „ძალიან გამოცდილი ჯგუფის“ მიერაა ჩადენილი.

ბეკოს თქმით, ოთხი მამაკაცი იყო „დამრტყმელი ჯგუფი“, რომელმაც ლუვრის აპოლონის გალერეა დააცარიელა – სივრცე, სადაც საფრანგეთის სამეფო ძვირფასეულობა ინახებოდა. ისინი ნიღბებით იყვნენ, რომლებიც სახეებს უფარავდატ და გაქცევა მოახერხეს ძლიერი სკუტერებით. ნუნიესის ვარაუდით, მძარცველები შესაძლოა უცხოელები იყვნენ.

პირველადი ინფორმაციით, დამნაშავეებმა სატვირთო ამწე გამოიყენეს, რათა ფანჯარა გაეტეხათ და პირდაპირ შესულიყვნენ პირველ სართულზე (შეგახსენებთ, რომ ფრანგული პირველი სართული ჩვენებური მეორე სართულია, ჩვენებურ პირველ სართულს კი ფრანგები მიწისპირა სართულს – რედშოსეს / rez-de-chaussée -ს უწოდებენ) მდებარე აპოლონის გალერეაში. ძარცვის მთელმა ოპერაციამ სულ რაღაც შვიდ წუთს გასტანა, – განაცხადა ნუნიესმა. ტელეკომპანია BFM-მა გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ხსნის ერთ-ერთი ყვითელჟილეტიანი მძარცველი ვიტრინას. მოგვიანებით სწორედ ეს ჟილეტი და ერთ-ერთი სკუტერი იპოვა პოლიციამ.

გატაცებულია ძვირფასეულობა ნაპოლეონისა და ჟოზეფინას კოლექციიდან

მძარცველებმა გაიტაცეს რვა საგანი ნაპოლეონ ბონაპარტისა და იმპერატრიცა ჟოზეფინას ძვირფასეულობის კოლექციიდან – მათ შორის, ყელსაბამი, ბროში და დიადემა. ერთ-ერთი ექსპონატი – ძვირფასი ქვებით შემკული გვირგვინი – შემთხვევის ადგილზე დარჩა. „ეჭვი არ მეპარება, რომ მუზეუმი უახლოეს დღეებში შეძლებს მოპარული ნივთების დაბრუნებას“, – აღნიშნა პარიზის მთავარმა პროკურორმა და დასძინა, რომ საქმეზე დაახლოებით 60 გამომძიებელი მუშაობს.

მაკრონი: ლუვრის ძარცვა არის თავდასხმა ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობაზე

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ლუვრის ძარცვას უწოდა „თავდასხმა იმ მემკვიდრეობაზე, რომელსაც ვაფასებთ და ვიცავთ“. „ჩვენ დავაბრუნებთ ნამუშევრებს, ხოლო დამნაშავეები პასუხს აგებენ. ამისთვის ყველაფერი კეთდება – პარიზის პროკურატურის ხელმძღვანელობით“, – განაცხადა მაკრონმა.

ლუვრი მსოფლიოს ყველაზე პოპულარული მუზეუმია – ყოველწლიურად მას 9 მილიონზე მეტი ადამიანი სტუმრობს. აპოლონის გალერეაში ინახება მუზეუმის ყველაზე ფასეული ისტორიული კოლექციები. ის 2020 წლის 15 იანვარს კვლავ გაიხსნა ექსპოზიციის რეორგანიზაციისთვის საჭირო შესვენების შემდეგ.

ნანა ძნელაძე

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close