
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე – „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ ე. წ. განგრძობადი ოკუპაცია“ – რუსეთს საქართველოს სასარგებლოდ 253 მილიონ ევროზე მეტი კომპენსაციის გადახდა დააკისრა. ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სასამართლომ გაიზიარა საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი კომპლექსური სამართლებრივი პოზიცია და მტკიცებულებები.
აღნიშნული გადაწყვეტილება სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ 2025 წლის 14 ოქტომბერს გამოაცხადა.
„…შედეგად, რუსეთის ფედერაციას საქართველოს დაზარალებული 29 000-ზე მეტი მოქალაქის სასარგებლოდ 253 018 000 ევროს გადახდის ვალდებულება დააკისრა.
როგორც ცნობილია, ამ საქმეზე 2024 წლის 9 აპრილს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლითაც რუსეთს სრული პასუხისმგებლობა დაეკისრა ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოსახლეობის მასობრივი შევიწროების, დაკავების, თავდასხმების, მკვლელობებისა და ამგვარი ფაქტებისადმი ოფიციალური შემწყნარებლობის პრაქტიკისათვის, რომელიც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და ე. წ. ბორდერიზაციის ფონზე მიმდინარეობს.
დღევანდელი გადაწყვეტილება რუსეთის წინააღმდეგ მოგებული ისტორიული საქმეების ლოგიკური გაგრძელებაა. „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (I)“ ე. წ. დეპორტირებულების საქმეში, რომელიც რუსეთიდან ქართველების მასობრივ გაძევებას უკავშირდებოდა, სტრასბურგის სასამართლომ ეთნიკური ქართველების მასობრივი დეპორტაციისა და მათ მიმართ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების გამო რუსეთის ფედერაციას 10 მილიონამდე ევროს გადახდის ვალდებულება დააკისრა. ასევე, საზოგადოებისათვის ცნობილია გადაწყვეტილება „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)“ ე. წ. 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე, რომლითაც აგვისტოს ომისა და შემდგომ პერიოდში საქართველოს მოქალაქეების მიმართ ჩადენილი მასობრივი დარღვევებისთვის რუსეთის ფედერაციას 130 მლნ-მდე ევროს გადახდის ვალდებულება დაეკისრა.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ფედერაცია აღარ არის ევროპის საბჭოს წევრი, მას რჩება გადაწყვეტილებების აღსრულების სამართლებრივი ვალდებულება და ყველა გადაცილებულ დღეზე შესაბამისი ჯარიმა ეკისრება.
აღნიშნული გადაწყვეტილებების აღსრულებაზე მუშაობა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ფარგლებში საქართველოს აქტიური ჩართულობით მიმდინარეობს.
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მადლობას უხდის მტკიცებულებების შეგროვებაში ჩართულ სახელმწიფო უწყებებს და სრულიად საქართველოს ულოცავს ამ ისტორიულ გამარჯვებას“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთმა საქართველოს უნდა გადაუხადოს:
- 224,25 მილიონი ევრო, სულ ცოტა, 23 000 ეთნიკური ქართველისთვის სახლზე, მიწასა და ოჯახებზე წვდომის უკანონო შეზღუდვისთვის (მე-8 მუხლის – პირადი, ოჯახური და საცხოვრებლის პატივისცემის უფლებისა და პირველი ოქმის პირველი მუხლის – საკუთრების დაცვის – დარღვევა);
- 20 მილიონი ევრო მინიმუმ 4000 ეთნიკური ქართველისთვის ქართულ ენაზე განათლების უფლების ჩამორთმევისთვის (პირველი ოქმის მე-2 მუხლის – განათლების უფლება – დარღვევა);
- 5,172 მილიონი ევრო მინიმუმ 2586 ეთნიკური ქართველის თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის, „საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის“ დაკავების შემდეგ (მე-5 მუხლის – პირადი თავისუფლება და უსაფრთხოების უფლება – დარღვევა);
- 1,98 მილიონი ევრო რუსეთის ან დე ფაქტო აფხაზური და სამხრეთოსური ძალების მიერ დაკავებული მინიმუმ 76 ეთნიკური ქართველის წამებისა და არასათანადო მოპყრობისთვის, ასევე ამ ინციდენტების ეფექტური გამოძიების არარსებობისთვის (მე-3 მუხლის – არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა – დარღვევა);
- 1,3 მილიონი ევრო მინიმუმ 20 ეთნიკური ქართველისგან შემდგარი ჯგუფის წინააღმდეგ ძალის გადამეტებული გამოყენებისთვის (მე-2 მუხლის – სიცოცხლის უფლების – დარღვევა);
- 320 000 ევრო მინიმუმ 64 ეთნიკური ქართველის გადაადგილების თავისუფლების უკანონო შეზღუდვისთვის (მე-4 ოქმის მე-2 მუხლის – გადაადგილების თავისუფლების – დარღვევა).
ცნობისათვის, რუსეთის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ არ აღასრულებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2022 წლის 16 მარტის შემდეგ მიღებულ გადაწყვეტილებებს.
საქართველომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელი 2018 წლის 21 აგვისტოს შეიტანა.
ამავე თემაზე: საქართველომ რუსეთს სტრასბურგის სასამართლოში მოუგო – რუსეთი 10 მილიონი ევროს კომპენსაციას გადაიხდის.
კომენტარები