კრიმინალიქართველები უცხოეთშისაბერძნეთი

ახალი დეტალები საბერძნეთში დაკავებული 43 წლის ქართველი მამაკაცის საქმეზე – ფეხმძიმე პარტნიორის სასტიკად დასახიჩრება და ყოფილი ცოლის ჩვენება (ვიდეო)

„როდესაც გავიგე, რომ რომანი ჰქონდათ, გავაფრთხილე, როგორც ქალმა - ქალი“... დაცვის მხარე მამაკაცისთვის ფსიქიატრიულ ექსპერტიზას ითხოვს

საქართველოს მოქალაქე 43 წლის მამაკაცს, რომელსაც ათენის რაიონ ნეო ფსიქიკოში, თავის ბინაში, ორსული პარტნიორისთვის ჩანგლით თავდასხმასა და მძიმე დაზიანებაში ედება ბრალი, აღიარებითი ჩვენების შემდეგ წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ამის შესახებ ბერძნული მედია იუწყება. იგი 13 ოქტომბერს დილით 31-ე საგამოძიებო განყოფილებიდან ციხეში გადაიყვანეს. როგორც გაზეთი „ტა ნეა“ წერს, მამაკაცი ციხეში გადაყვანის დროს უშფოთველად და აპათიურად გამოიყურებოდა.

არსებული ინფორმაციით, ბრალდებულმა არც გამომძიებლის და არც პროკურორის არცერთ კითხვას არ უპასუხა, დაცვის მხარემ კი ფსიქიატრიული ექსპერტიზა მოითხოვა, რადგან ბრალდებული წარსულში იძულების წესით უკვე იმყოფებოდა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში.

მამაკაცს ბრალი წაუყენეს სხეულის განზრახ დაზიანებაში, რაც მძიმე დანაშაულის ტოლფასია, იარაღის უკანონო შენახვასა და გამოყენებაში.

100-ზე მეტი ჭრილობა ფეხმძიმე პარტნიორის სხეულზე

გამოძიების ინფორმაციით, ეჭვმიტანილი მამაკაცი ნეო ფსიქიკოს საცხოვრებელ კომპლექსში იმ ბინაში შეიჭრა, სადაც 39 წლის პარტნიორთან ერთად ცხოვრობდა, ქალი ძირს დააგდო, არაფრად ჩააგდო ის ფაქტი, რომ იგი ორსულობის მესამე თვეში იყო, ზემოდან დააჯდა და ჩანგლით ჭრილობები მიაყენა სახესა და სხეულზე.

„ატიკონის“ საავადმყოფოს ექიმების და თანამშრომლების თქმით, სადაც დაზარალებულს მკურნალობენ, შოკირებულები არიან იმ საშინელი მდგომარეობით, რომელშიც იგი იმყოფებოდა საავადმყოფოში შეყვანისას. 39 წლის ორსულ ქალს, რომელიც ასევე საქართველოდანაა, სახეზე და სხეულზე 100-ზე მეტი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული „დანაშაულის იარაღით“ – ჩანგლით და მთლიანად გასისხლიანებული იყო. მას მარჯვენა თვალზე ოპერაცია დასჭირდა, თუმცა მხედველობის შერნარჩუნების საკითხი ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშაა.

43 წლის მამაკაცის ყოფილმა მეუღლემ ტელეარხ MEGA-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ როდესაც თავისი ყოფილი ქმრისა და 39 წლის ქალის რომანის შესახებ შეიტყო, იგი გააფრთხილა, თუ რამდენად აგრესიული და მოძალადე იყო მამაკაცი და რა საშიშროება ელოდა. „მე არ მინდა მასთან არანაირი კონტაქტი მქონდეს“, – თქვა ქალმა Live News-ის შოუში და დასძინა: „მე გავაფრთხილე, თუ რაში ჰყოფდა თავს. როდესაც გავიგე, რომ რომანი ჰქონდათ, ვუთხარი, კარგად დაფიქრებულიყო. ვესაუბრე, როგორც ქალი – ქალს, მაგრამ, სამწუხაროდ, არ მომისმინა. მე ვუთხარი, რაც უნდა მეთქვა. სხვას ვერაფერს გავაკეთებდი. ეს მისი გადაწყვეტილება იყო და, სამწუხაროდ, ასე მოხდა“.

„ვიცი, რომ დღეს გაასამართლებენ. ამაში არ ვერევი. თუ ამ ქალს დახმარება დასჭირდება, მხოლოდ იმ შემთხვევაში მივმართავ სასამართლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში – არა“, – განმარტა 43 წლის კაცის ყოფილმა ცოლმა და დასძინა: „მე მას შეტყობინება გავუგზავნე იმის სათქმელად, რომ ნებისმიერ შემთხვევაში მის გვერდით ვარ. როდესაც ფოტო ვნახე, შოკში ვიყავი. ვიტირე და ძალიან დავმწუხრდი, როგორც ქალი“.

მას შემდეგ, რაც ისინი დაშორდნენ, 43 წლის მამაკაცის ყოფილ ცოლს მასთან არანაირი კავშირი არ სურდა, ისევე როგორც მათ ქალიშვილს, რომელიც ახლა 17 წლისაა და წარსულში მამამისის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი არაერთხელ გახდა. 14 წლის ასაკში გოგონა ორჯერ გაიქცა სახლიდან: 2022 წლის სექტემბერში იგი ქუჩაში მძინარე იპოვეს; 2023 წლის იანვარში კი ხუთი დღით გაუჩინარდა, რის შემდეგაც გააქტიურდა Missing Kid / Amber Alert განგაში და ბავშვი სახლში დააბრუნეს. ჩვენების თანახმად, მამამ მას „თავი გადაპარსა“, რათა სახლიდან ვერ გასულიყო.

ოჯახის მეგობარმა ქალმა, რომელიც 14 წლის გოგონას გარკვეული ხნით თავისთან იფარებდა, „მეგას“ ეთერში, გადაცემა „Live News“-ში თქვა, რომ მამამ შვილს თმის საპარსი მანქანით და სამართებლით თავი გადაპარსა და დედამისი იძულებული გახდა, გარკვეული ხნით გოგონა სახლიდან გაეშვა, რათა მამის რისხვისთვის გაერიდებინა. „დამირეკა და ისინი [გოგონა და დედამისი] ერთად მოვიდნენ ჩემთან სახლში… და მითხრა: „გთხოვთ, ბავშვი რამდენიმე დღით თქვენთან დატოვეთ, რადგან სკოლაში არ უშვებს, სახლიდან არ უშვებს, ძლიერ სცემა“. ბავშვი ისედაც ნაცემი ჩანდა… გოგონას ფეხები, ხელები, სახე გაპარსული ჰქონდა და [გადაპარსულ] თავზე თავშალი ჰქონდა წაკრული, როგორ შეეძლო ასეთ მდგომარეობაში გარეთ გასვლა?! სახლში მე მივიყვანე და ჩემ თვალწინ მამამ სასტიკად სცემა“.

„ბევრს სვამდა, ალკოჰოლიკი იყო. ჩემ მიმართაც მოძალადე და აგრესიული იყო, მაგრამ არასდროს იმდენად, რომ საავადმყოფოში მოვხვედრილიყავი. ამ კაცს დახმარება სჭირდება და არა – ციხე. ფსიქიატრი სჭირდება, რადგან პრობლემა თავში აქვს. ნებისმიერ შემთხვევაში, ის ჩემი ქალიშვილის მამაა, ამიტომ არ მინდა, რომ ჩემმა შვილმა იდარდოს. პატივს ვცემ ჩემს შვილს და ამიტომ ბევრ რამეს ვერ ვიტყვი. დაახლოებით ორი წელია, რაც დაშორებულები ვართ. მაგრამ ჩხუბის და ძალადობის გარეშე. დავსხედით, ვისაუბრეთ და ყველაფერი დავასრულეთ“. მას შემდეგ, რაც წამოვედი, არანაირი კომუნიკაცია არ გვქონია. მე და ჩემი ქალიშვილი კარგად ვართ. 24 საათი ვმუშაობ, რომ ჩემი შვილი გამოვკვებო“, – თქვა 43 წლის მამაკაცის ყოფილმა მეუღლემ.

39 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა

ამ დროისთვის 39 წლის ორსული ქალი „ატიკონის“ საავადმყოფოში რჩება. იგი მარჯვენა თვალით ჯერ კიდევ ვერ ხედავს, ექიმების შეფასებით, მხედველობის აღსადგენად რამდენიმე ოპერაციაა საჭირო. სოციალურ ქსელში ატვირთულ ვიდეოებში იგი ბედნიერი და კმაყოფილი ჩანდა, მისი პარტნიორი კაცი სწორედ ამ სახის დამახინჯებას შეეცადა.

მისმა საუკეთესო მეგობარმაც კი არ იცოდა იმ ტანჯვის შესახებ, რომელსაც ქალი განიცდიდა, სანამ სამშაბათს, 7 ოქტომბერს, შუაღამისას ტირილით სახლში არ დაურეკა. „მიშველე!“ – ყვიროდა ქალი. „დამირეკა და გავიქეცი მასთან, შემდეგ კი სასწრაფო გამოვიძახე, რადგან დავინახე, რომ სისხლი ჰქონდა. სახეზე სისხლი ჰქონდა და შემეშინდა. როგორც ვიცი, არ ჩხუბობდნენ, არა. მე რამდენადაც ვიცი. არ ვიცი, რა მოხდა ოჯახში ამის შემდეგ. ეს გოგო ახლა ამ თემებზე არ საუბრობს და ჩვენც არ ვეკითხებით. ეს სიმართლეა“, – თქვა მან.

უბანში კი ყველამ იცოდა, რომ ადრე თუ გვიან რაღაც ცუდი მოხდებოდა. მათ არაერთხელ აცნობეს ხელისუფლებას 43 წლის მამაკაცის ძალადობრივი და არასტაბილური ქცევის შესახებ, რომელიც მუდმივად სვამდა, პრობლემებს ქმნიდა და ნასვამ მდგომარეობაში მართავდა მანქანას.

ეჭვმიტანილი წარსულში 12-ჯერ იყო დაკავებული არაერთი დანაშაულისთვის.

პოლიციის ცნობით, 43 წლის მამაკაცი 2022 წლის ნოემბერში დაკავების შემდეგ ათენის არალეგალურ მიგრანტთა ამიგდალეზას ბანაკში გადაიყვანეს და თავშესაფრის პროცედურები დაიწყო. 2023 წლის 1-ელ იანვარს თავშესაფრის სამსახურმა საქმე აღძრა, რადგან თავად მამაკაცმა პროცედურა არ გააგრძელა.

ამგვარად, საქართველოს მოქალაქე 43 წლის მამაკაცს არასდროს მიუღია თავშესაფარი საბერძნეთში და ქვეყანაში არალეგალურად იმყოფებოდა.

იგი დღეს (13 ოქტომბერს), დანაშაულის აღიარებისა და ბოდიშის მოხდის შემდეგ, დროებით პატიმრობაში მოათავსეს. მისმა დაცვამ ფსიქიატრიული ექსპერტიზა მოითხოვა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close