
იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯა მელონის პარტიამ „იტალიის ძმები“ (Fratelli d’Italia) პარლამენტს წარუდგინა კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ბურქისა და ნიქაბის ტარების აკრძალვას საზოგადოებრივ სივრცეებში, მეჩეთების დაფინანსების კონტროლის გამკაცრებას და რელიგიურ მოტივაციაზე დაფუძნებული ძალადობის პრევენციას.
ინიციატივა, რომელსაც მემარჯვენე FDI „ისლამური სეპარატიზმის წინააღმდეგ ბრძოლის“ კანონპროექტად მოიხსენიებს, ქვეყნის შიდა უსაფრთხოებისა და კულტურული იდენტობის დაცვის ნაწილად განიხილება.
საკანონმდებლო წინადადების ავტორები არიან დეპუტატები: სარა კელანი, გალეაცო ბინამი და ფრანჩესკო ფილინი, ხოლო დოკუმენტი კელანიმ პარლამენტის ქვედა პალატაში (დეპუტატთა პალატა, იტ. Camera dei deputati) იუსტიციის მინისტრის მოადგილე ანდრეა დელმასტროსთან ერთად წარადგინა.
რას გულისხმობს კანონპროექტი
დოკუმენტის მიხედვით, საჯარო სივრცეებში, სკოლებში, უნივერსიტეტებში, მაღაზიებსა და ოფისებში აკრძალული იქნება ისეთი ტანსაცმელი, რომელიც სახეს ფარავს – მათ შორის, ბურქა და ნიქაბი .
დარღვევა ისჯება ჯარიმით 300-დან 3000 ევრომდე.
განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ კანონპროექტი მიმართულია „რელიგიური რადიკალიზაციისა და რელიგიურად მოტივირებული სიძულვილის წინააღმდეგ“ და მიზნად ისახავს „შარიათის კანონებით და არა იტალიური კანონმდებლობის მიხედვით მოქმედი ანკლავების წარმოქმნის თავიდან აცილებას“.
გარდა ჩაცმულობის რეგულირებისა, ინიციატივა ამკაცრებს სანქციებს მოტყუებით იძულებითი ქორწინებისა და „ქალიშვილობის ტესტების“ ჩატარების იძულებისთვის. დამრღვევებს ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. გამონაკლისია შემთხვევები, როდესაც ტესტს ექიმი ატარებს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზით.
ისლამური ორგანიზაციების რეაქცია
იტალიის მუსლიმური საზოგადოება ინიციატივას სკეპტიკურად ხვდება.
ისლამური კულტურული ასოციაცია Zayd Ibn Thabit-ის იმამი მასიმო აბდალა კოზოლინო ამბობს, რომ „სრული ნიქაბის აკრძალვა შესაძლოა უსაფრთხოების ზომად ჩაითვალოს, თუმცა ამისთვის საჭირო კანონმდებლობა უკვე არსებობს“.
„არ ვეწინააღმდეგები საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას, მაგრამ ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც რელიგიურ იდენტობას ზღუდავს, კონსტიტუციური პრინციპების შეუსაბამოა – მათ შორის, ეწინააღმდეგება რწმენის თავისუფლების პრინციპს“, – აღნიშნა იმამმა LaPresse-თან საუბარში.
კოზოლინო მიუთითებს 1975 წლის კანონზე (№152), რომელიც კრძალავს სახის დამფარავი ნიღბების „საპატიო მიზეზის“ გარეშე ტარებას – თუმცა კონკრეტულად ისლამური თავსაბურავი 1975 წლის კანონში ნახსენები არ არის.
ლომბარდიის პრეცედენტი
იტალიის ერთადერთი რეგიონი, სადაც მსგავსი აკრძალვა უკვე მოქმედებს, არის ლომბარდია.
2015 წელს რობერტო მარონის ადმინისტრაციამ დაამტკიცა რეზოლუცია, რომელმაც აკრძალა „დაფარული სახით შესვლა“ საჯარო დაწესებულებებში.
მილანის სააპელაციო სასამართლომ 2019 წელს დაადგინა, რომ ეს გადაწყვეტილება დისკრიმინაციულად ვერ ჩაითვლება. თუმცა რეზოლუცია პრაქტიკაში სრულად არ ცგანხორციელებულა.
2025 წლის თებერვალში ვიცე-პრემიერ მატეო სალვინის პარტია „ლიგამ“ ლომბარდიის რეგიონის მთავრობას მოუწოდა, აკრძალვა გაავრცელოს მუნიციპალიტეტებზეც და მთავრობას მოსთხოვოს, განიხილოს შეზღუდვის გავრცელება ჰიჯაბზე (ბურქისა და ნიქაბისგან განსხვავებით, ჰიჯაბი არ ფარავს სახეს, არამედ მხოლდ თავს/თმას და ყელს – რედ.), ხიმარსა და ჯილბაბზეც.
ევროპული კონტექსტი
საფრანგეთი იყო პირველი ევროპული ქვეყანა, რომელმაც 2011 წელს საჯარო სივრცეებში ბურქის ტარება აკრძალა. მის მაგალითს მალევე მიჰყვნენ ბელგია, ნიდერლანდები და ავსტრია.
ახლა კი იტალია ემზადება, შეუერთდეს იმ სახელმწიფოებს, სადაც უსაფრთხოებისა და ეროვნული იდენტობის დაცვის მიზნით რელიგიური ჩაცმულობის რეგულაციები მკაცრდება.
ტერაქტების საშიშროება და სოციალური რეაქციები
ბურქისა და ნიქაბის აკრძალვა, ისევე როგორც მეჩეთების ფინანსების მოძრაობის კონტროლი, შეიძლება უსაფრთხოების ზომად აღიქმებოდეს, თუმცა ექსპერტების ნაწილი გაფრთხილებას იძლევა, რომ მსგავსი ინიციატივები ზოგჯერ საპირისპირო ეფექტსაც იწვევს. როცა რეგულაციები კონკრეტულ რელიგიურ ჯგუფს ეხება, იზრდება განცდა, რომ სახელმწიფო მუსლიმურ საზოგადოებას მიზანში იღებს – ეს კი ხელს უწყობს სოციალური დაპირისპირების გაღრმავებას და ექსტრემისტული იდეოლოგიების გამყარებას.
კვლევების მიხედვით, ქვეყნებში, სადაც მუსლიმური ატრიბუტიკის ტარება მკაცრად აიკრძალა, ზოგჯერ ფიქსირდება ტერაქტების რაოდენობის ზრდა – მიუხედავად იმისა, რომ მიზეზშედეგობრივი კავშირი პირდაპირ დადასტურებული არ არის.
სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ რისკების შესამცირებლად აუცილებელია გაწონასწორებული კომუნიკაცია მსგავსი კანონების განმარტებით: დიალოგი მუსლიმურ თემებთან, გამონაკლისების მკაფიო განსაზღვრა და ინტეგრაციის პროგრამების მხარდაჭერა. წინააღმდეგ შემთხვევაში, აკრძალვები შეიძლება დისკრიმინაციულ პოლიტიკად აღიქმებოდეს და ექსტრემისტული პროპაგანდის იარაღად იქნას გამოყენებული.
ნინო ხოშტარია
კომენტარები