თურქი არქეოლოგები აცხადებენ, რომ ქართველი მეფის, აშოტ კურაპალატის სამარხი აღმოაჩინეს

თურქმა არქეოლოგებმა არტანუჯის (გევჰერნიკის) ციხეში ქართველი მეფის, აშოტ I დიდის (კურაპალატი) სამარხი აღმოაჩინეს. კერძოდ, სამარხი წმინდა პეტრესა და პავლეს ტაძარში, აფსიდის ქვეშ არის განთავსებული და ვარაუდობენ, რომ ის აშოტ პირველს ეკუთვნის. მიუხედავად იმისა, რომ აკლდამაში ნეშტი არ უპოვიათ, მისი მდებარეობა ზუსტად შეესაბამება შუა საუკუნეების წყაროებში სამარხის შესახებ არსებულ ჩანაწერებს. ეს აღმოჩენა ისტორიული წყაროების პირველი არქეოლოგიური მტკიცებულებაა.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, გათხრები თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროსა და ვანის იუზუნჯუ ილის უნივერსიტეტის ეგიდით განხორციელდა. არქეოლოგიური სამუშაოები, ძირითადად, ფოკუსირებულია ციხის შიდა ტერიტორიასა და წმინდა პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესიის ნანგრევებზე. გათხრების ხელმძღვანელის, დოქტორ ოსმან აითექინის თქმით, არქეოლოგთა ჯგუფმა აღმოაჩინა 2 მეტრის სიგრძისა და 1,8 მეტრის სიგანის ქვის თაღით გადახურული სამარხი, რომელიც უშუალოდ ეკლესიის აფსიდის ქვეშაა განთავსებული.
როგორც აითექინმა აღნიშნა, „შუა საუკუნეების ქართულ წყაროებში მოხსენიებულია, რომ მეფე აშოტი სწორედ ამ ეკლესიაშია დაკრძალული“.
„სამარხის არქიტექტურული მდებარეობა და სტრუქტურა სრულად ემთხვევა ჩანაწერებს. მეცნიერულად, ჩვენ ახლა შეგვიძლია დავადასტუროთ აშოტ დიდის სამარხის ადგილმდებარეობა თურქული არქეოლოგიის სახელითაც“, – აღნიშნა აითექინმა.
სამარხის გარდა, არქეოლოგებმა ასევე აღმოაჩინეს საერთო სამზარეულო (თონე) და წყალსაცავების ფართო სისტემები, რაც მიუთითებს ციხის შიგნით მუდმივად მცხოვრებ მოსახლეობაზე. არქეოლოგებმა შეძლეს ორი ავზის ამოღება და მუშაობა გრძელდება მესამე ავზის ამოსაღებად. ასევე აღმოჩენილია ადრეული მე-11 საუკუნის ბიზანტიური მონეტები, კერამიკული ფრაგმენტები, ქვისა და მეტალის საბრძოლო მასალა.
ტერიტორიაზე არქეოლოგიური სამუშაოების დასრულების შემდეგ არტეფაქტებს ართვინის მუზეუმში გადაიტანენ.
მე-5 საუკუნეში აგებული არტანუჯის ციხესიმაგრე მე-9 საუკუნეში მეფე აშოტ პირველმა გააფართოვა და გააძლიერა. აშოტმა ის ბაგრატიონთა სამეფოს ადმინისტრაციულ ცენტრად აქცია. არქეოლოგიური მტკიცებულებები მიუთითებს, რომ მონარქი და დიდგვაროვნები შიდა ციტადელში ცხოვრობდნენ, ხოლო ვაჭრები და შეძლებული მოსახლეობა – გალავნით შემოსაზღვრულ ქვედა ქალაქში, სადაც ასევე იყო აბანო, სალოცავები და შადრევნები.
აითექინის თქმით, გათხრები კიდევ ხუთ წელიწადს გაგრძელდება, რის შემდეგაც არტანუჯი უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის ცენტრად იქცევა შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე.
არსებული ვერსიით, არქეოლოგების დასკვნა ემყარება როგორც არქეოლოგიურ მონაცემებს, ისე ისტორიულ წყაროებთან დამთხვევას თუმცა, მეცნიერული თვალსაზრისით, ასეთი აღმოჩენის საბოლოო დადასტურებისთვის აუცილებელია დამატებითი კვლევები – არტეფაქტებისა და ნაპოვნი მასალების დათარიღება (მაგალითად, რადიოკარბონული ან სხვა მეთოდებით), ასევე შესაძლო წარწერების, მონეტების, ქვის კვეთილებისა თუ გენეტიკური და ოსტეოლოგიური მტკიცებულებების აღმოჩენა.
ქართული მხარის – კერძოდ, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს – წარმომადგენლებმაც განაცხადეს, რომ აღნიშნული ინფორმაცია ამ ეტაპზე მხოლოდ წინასწარ შეფასებად უნდა ჩაითვალოს და საბოლოო, დასაბუთებული დასკვნის მისაღებად საჭიროა დამატებითი კვლევები და ექსპერტიზა.
კომენტარები