პოლიტიკასაქართველო

საქართველო 4 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ – დაკავებები, პოლიტიკური შეფასებები და ტესტი დემოკრატიისთვის

4 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე ჩატარდა. ოპოზიციის ნაწილის მიერ გამოცხადებულ ბოიკოტთან ერთად, არჩევნების დღეს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, გაიმართა მასობრივი საპროტესტო აქცია, რომლის ორგანიზატორი რამდენიმე ოპოზიციური და დამოუკიდებელი ძალა იყო, მათ შორის, მოძრაობა „რუსთაველის გამზირი“. აქციას ხელმძღვანელობდნენ მოძრაობის ლიდერები, ცნობილი საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე და ყოფილი გენერალური პროკურორი მურთაზ ზოდელავა. ბურჭულაძე აქციის დაწყებამდე საზოგადოებას პროტესტისკენ მოუწოდებდა და აცხადებდა, რომ 4 ოქტომბერი უნდა გამხდარიყო რეჟიმის „მშვიდობიანი დამხობის“ დღე.

5 ოქტომბერს ღამით შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა აქციის ლიდერები – პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე („ნაციონალური მოძრაობა“), პაატა მანჯგალაძე („სტრატეგია აღმაშენებელი“) და პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე.

7 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა, რომლის აცილებასაც დაცვის მხარე ითხოვდა პოლიტიკური წარსულის გამო (იგი 2017–2023 წლებში საგარეჯოს საკრებულოს დეპუტატი იყო „ქართული ოცნებიდან“ და თავმჯდომარის მოადგილის, შემდგომ კი – პირველი მოადგილის პოსტს იკავებდა), დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და ხუთივე ორგანიზატორს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

სასამართლო სხდომა, რომელზეც საქმის არსებითი განხილვა დაიწყება, 26 ნოემბერს ჩაინიშნა.

პროკურატურამ დაკავებულებს ბრალი წარუდგინა სამი მუხლით:

  • სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირების მცდელობა (სსსკ 19-222, მუხლი 2, ქვეპუნქტი „ა“);
  • ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა (სსსკ 225, მუხლი 1);
  • უკანონო მოწოდებები სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ (სსსკ 317).

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიების შედეგად კიდევ 13 პირი დააკავეს, მათ შორის: ბექა მაჭავარიანი, ალექსანდრე გოგოლაძე, ევა შაშიაშვილი, გიორგი რურუა, ვახტანგ ფიცხელაური და სხვები. უწყების განცხადებით, დაკავებულები საჯაროდ მოუწოდებდნენ მოქალაქეებს „რევოლუციისკენ“ და ხელისუფლების ძალადობრივი დამხობისკენ.

განსაკუთრებული შემთხვევა იყო მალხაზ გიგუაშვილის დაკავება, რომელსაც ბრალად ედება პოლიციელის დაზიანება. შსს-ს ცნობით, მან 5 ოქტომბერს ქეთევან დედოფლის გამზირზე პატრულ-ინსპექტორს ცივი იარაღით ყელის არეში ჭრილობა მიაყენა. სასამართლომ გიგუაშვილსაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

პოლიტიკური რეაქციები

მომხდარს მალევე მოჰყვა მწვავე განცხადებები. ოპოზიციის ნაწილი აქციის ძალადობრივი სცენარისგან დისტანცირებას შეეცადა.

„ჩვენ არანაირი შეხება არ გვქონდა აქციის ორგანიზებასთან. ყველაფერი ჰგავდა მძიმე პროვოკაციას, რომელზეც, სამწუხაროდ, წამოაგეს პოლიტიკური აქტორები,“ – განაცხადა პარტია ლელოს წარმომადგენელმა სალომე სამადაშვილმა.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მომხდარი „რუსულ სპეცოპერაციად“ შეაფასა, რომლის მიზანიც იყო ქვეყნის დესტაბილიზაცია, მშვიდობისნი პროტესტის და მისი, როგორც „ლეგიტიმური პრეზიდენტის“, დისკრედიტაცია:

„მოაწყვეს ხაფანგი – პრეზიდენტის სასახლეში შევარდნა. მეც მეხებოდა ეს ხაფანგი, რადგან პირდაპირ ურტყამს პრეზიდენტის ლეგიტიმაციას. რუსული სპეცოპერაცია ჩავარდა“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

ოპოზიციური ჯგუფებისა და სამოქალაქო სექტორის აზრით, დაკავებები პოლიტიკურად მოტივირებულია და ხელისუფლება გამოძიების მექანიზმებს პოლიტიკური დევნის იარაღად იყენებს.

ხელისუფლების პოზიცია

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ აქცია მიზნად ისახავდა ხელისუფლების ძალადობრივ შეცვლას და მისი ორგანიზატორები „უცხო ძალების მხარდაჭერით“ მოქმედებდნენ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ქვეყანა „მაიდანიზაციასა და ქაოსს გადაურჩა“:

„გუშინ ვნახეთ უცხოეთიდან მართული ადამიანები, რომლებიც მზად იყვნენ დაემხოთ ლეგიტიმური ხელისუფლება და მასთან ერთად – ქვეყნის მომავალიც. მათი დანაშაული აწონილია, ბრალი გაზომილია და სათანადო სასჯელიც მიეზღვებათ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პაატა ბურჭულაძის შვილის განცხადება

პაატა ბურჭულაძის შვილმა, შუქრი ბურჭულაძემ „TV პირველის“ ეთერში თქვა, რომ პაატა ბურჭულაძე ერთი წამითაც არ უშვებდა აქციის ძალადობრივ განვითარებას. „პაატა საჯაროდაც ამბობდა, რომ მაღალჩინოსნები და რობოკოპები გამოდიან კონტაქტზე ორგანიზატორებთან და უნდათ ხალხის მხარეს გადმოსვლა, რადგან ყველაფრით არიან დაღლილები… პაატა დარწმუნებული იყო, რომ გდდ-ის თანამშრომლები გადავიდოდნენ ხალხის მხარეს. ეს არ მოხდა, მოხდა უარესი რაღაც, ღობე, რომელიც ორ ბეტონის ბოძს შორის არის ჩამაგრებული რკინით, ხუთმა თუ ათმა ახალგაზრდამ მოაძრო ერთ წამში. ფაქტია, რომ ხალხის მასა არ იყო აგრესიულად განწყობილი, ვინაიდან სასწაული მოხდა და ეს ღობე ჩამოინგრა რამდენიმე ადამიანის მეშვეობით, მაგრამ თითქმის არცერთი ადამიანი არ შევიდა შიგნით, არც პოლიციელებს თუ დაცვის თანამშრომლებს არ გაუწიეს წინააღმდეგობა. პაატა ერთი წამითაც არ უშვებდა, რომ ძალადობა იქნებოდა აქციაზე“, – განაცხადა შუქრი ბურჭულაძემ.

საერთაშორისო შეფასებები

OSCE/ODIHR–მა „ღრმა შეშფოთება“ გამოხატა საქართველოში დემოკრატიული გარემოს გაუარესების გამო და ხელისუფლებას მოუწოდა, პატივი სცეს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას. ორგანიზაციამ განსაკუთრებით აღნიშნა, რომ ე. წ. „უცხოელი აგენტების კანონი“ და სხვა საკანონმდებლო ცვლილებები უკვე დიდი ხანია ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობას და გამოხატვის თავისუფლებას.

როგორც ცნობილია, OSCE/ODIHR-ს 4 ოქტომბრის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისია არ გამოუგზავნია, რადგან ორგანიზაციის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ მოწვევა ძალიან გვიან გაუგზავნა და დარჩენილ მოკლე დროში ვერ შეძლებდა სრულფასოვანი სადამკვირველო მისიის ორგანიზებას.

საერთაშორისო მედია (Reuters, AP, The Guardian და სხვები) მოვლენებს აღწერს, როგორც საქართველოს დემოკრატიული პროცესებისათვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველ ფაზას, როდესაც ავტორიტარიზმის გაძლიერების ნიშნები იკვეთება.

ევროკავშირის წარმომადგენლობამ და წევრი ქვეყნების საელჩოებმა მოუწოდეს ყველა მხარეს, თავი აარიდონ ძალადობასა და დესტაბილიზაციას და აღნიშნეს, რომ ევროკავშირის ჩართულობაზე გავრცელებული ბრალდებები უმეტესწილად უსაფუძვლო და დეზინფორმაციულია და საზოგადოების პოლარიზაციას ამწვავებს.

დასკვნა

ამომრჩეველთა დაბალი აქტივობის, ოპოზიციის ნაწილის ბოიკოტის, გამძაფრებული პროტესტის ფონზე ჩატარებული 4 ოქტომბრის არჩევნები იქცა ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ ტესტად საქართველოს დემოკრატიული სისტემისთვის.

დაკავებები, სასამართლო გადაწყვეტილებები და მკაცრი ბრალდებები აჩენს კითხვებს იმის შესახებ, რამდენად იყენებს ხელისუფლება სამართლებრივ მექანიზმებს პოლიტიკური მიზნებისთვის.

ახალ ერთ-ერთი მთავარი კითხვაა: შეძლებენ თუ არა სასამართლო და პროკურატურა სასამართლოზე ისეთი მყარი და გამჭვირვალე მტკიცებულებების წარდგენას, რომ საერთაშორისო საზოგადოებას არ გაუჩნდეს ეჭვი პოლიტიკური მოტივების არსებობაზე.

ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი მუდმივად მოითხოვენ დამოუკიდებელ მონიტორინგსა და პროცესების სრული გამჭვირვალობის უზრუნველყოფას, რაც ქვეყნის პოლიტიკური მომავლის ერთ-ერთი გადამწყვეტი ტესტი იქნება.

ნანა ძნელაძე

რა ხდებოდა 4 ოქტომბერს თბილისში, თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე: რადიო თავისუფლების ვიდეოქრონიკა:

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close