
ევროპარლამენტი უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის რეფორმას განიხილავს – ინიციატივას, რომელიც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცვლილებად შეიძლება იქცეს. რეფორმის მიზანია, ვიზალიბერალიზაციის მექანიზმი გახდეს უფრო მოქნილი და რეაგირებდეს იმ გლობალურ გამოწვევებზე, რომლებიც ბოლო წლებში საგრძნობლად გამწვავდა.
დოკუმენტის მომხსენებელი, სლოვენიელი ევროპარლამენტარი მატიაზ ნემეცი განმარტავს, რომ ამჟამად ევროკავშირის უვიზო რეჟიმი მსოფლიოს 61 ქვეყანაზე ვრცელდება. მოქმედი წესებით, ევროკავშირს შეუძლია უვიზო მიმოსვლის დროებით შეჩერება მხოლოდ შეზღუდული მიზეზების საფუძველზე – ძირითადად, მიგრაციულ და უსაფრთხოების რისკებთან დაკავშირებულ შემთხვევებში.
ნემეცის თქმით, ახალი რეფორმა არსებითად აფართოებს ევროკავშირის შესაძლებლობებს. თუ დღემდე უვიზო მიმოსვლის შეჩერება შეიძლებოდა მხოლოდ უსაფრთხოების საფრთხის არსებობისას, მომავალში ეს მექანიზმი იმოქმედებს იმ შემთხვევაშიც, როდესაც კონკრეტული ქვეყანა სერიოზულად დაარღვევს ადამიანის უფლებებს ან საერთაშორისო სამართალს.
„მსოფლიო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არასოდეს ყოფილა ისეთი არასტაბილური, როგორც დღესაა. ევროკავშირის სავიზო პოლიტიკა კი უნდა იყოს ისეთი, რომ ამ ცვლილებებზე რეაგირებდეს“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.
მიზანი – პასუხისმგებლობა და არა დასჯა
რეფორმის ერთ-ერთი ახალი მექანიზმი საშუალებას აძლევს ევროკომისიას, უვიზო მიმოსვლა შეაჩეროს არა ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის, არამედ მხოლოდ კონკრეტული ჯგუფებისთვის – მაგალითად, მთავრობის წევრებისთვის, დიპლომატების ან სამხედრო პირებისთვის.
ნემეცის თქმით, ამ მიდგომის არსი არის ის, რომ ევროკავშირის სანქციები არ უნდა აისახოს უბრალო მოქალაქეებზე, რომლებიც არ არიან პასუხისმგებელნი თავიანთი მთავრობის ქმედებებზე.
„თუ რომელიმე ქვეყნის მთავრობა არღვევს საერთაშორისო სამართალს ან ადამიანის უფლებებს, სწორედ ამ მთავრობის წარმომადგენლებმა აღარ უნდა ისარგებლონ უვიზო რეჟიმით, მაგრამ მოსახლეობას არ უნდა შეეხოს ხელისუფლების გადაწყვეტილებების შედეგები“, – განმარტა ევროპარლამენტარმა.
ღირებულებების დაცვის ახალი მექანიზმი
ნემეცის განცხადებით, რეფორმის მიზანი მხოლოდ სანქცირება კი არ არის, არამედ გაფრთხილების მექანიზმის შექმნაა – ინსტრუმენტი, რომელიც მესამე (ევროკავშირის არაწევრ) ქვეყნებს გააფრთხილებს, რომ ევროკავშირი არ უგულებელყოფს იმ პრინციპებს, რომლებზეც თავად არის დაფუძნებული.
„მექანიზმმა უნდა იმოქმედოს, როგორც ინსტრუმენტმა, რომელიც მესამე ქვეყნებს ურჩევს, არ შეასუსტონ საერთაშორისო და ჰუმანიტარული ღირებულებები, რომლებსაც ევროკავშირი იცავს“, — აღნიშნა ნემეცმა.
რატომ ახლა?
ევროპარლამენტის მიერ ამ საკითხის განხილვა იმ პერიოდში მიმდინარეობს, როცა საერთაშორისო დონეზე სიტუაცია სულ უფრო დაძაბულია – ომები, ავტორიტარული მმართველობების გაძლიერება და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევები ქმნის ვითარებას, როდესაც ევროკავშირს ახალი იარაღი სჭირდება საკუთარი ღირებულებების დასაცავად.
ექსპერტების შეფასებით, სავიზო პოლიტიკა ამ პროცესში შესაძლოა ევროკავშირის დიპლომატიურ ბერკეტად გადაიქცეს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ქვეყნებთან ურთიერთობაში, რომლებიც უვიზო რეჟიმით სარგებლობენ, მაგრამ ბოლო წლებში არაერთხელ გააკრიტიკეს ადამიანის უფლებების დარღვევის ან საერთაშორისო სამართლის იგნორირების გამო.
პოლიტიკური თანხმობის მოლოდინში
ევროპარლამენტში ვიზალიბერალიზაციის მექანიზმის რეფორმაზე კენჭისყრა 7 ოქტომბერს გაიმართება. ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში ევროკომისიას ექნება უფრო ფართო უფლებამოსილება, რეაგირება მოახდინოს მესამე ქვეყნების ქმედებებზე და გამოიყენოს უვიზო მიმოსვლის შეჩერება, როგორც პოლიტიკური ზეწოლის, აგრეთვე, პრევენციის საშუალება.
რეფორმა უკვე იწვევს დისკუსიას ევროკავშირის შიგნითაც – ზოგიერთი წევრი ქვეყნის ხელმძღვანელობას მიაჩნიათ, ეს ნაბიჯი გააძლიერებს ევროკავშირის ერთიანობას საგარეო პოლიტიკის სფეროში, ხოლო სხვები შიშობენ, რომ მექანიზმი შესაძლოა პოლიტიზებული გახდეს და ურთიერთობები გაართულოს იმ ქვეყნებთან, რომელთა მოქალაქეებიც უვიზო მიმოსვლით სარგებლობენ.
თუმცა, როგორც ნემეცი აღნიშნავს, რეფორმის მთავარი მიზანი არის ევროკავშირის პრინციპების დაცვა და არა პარტნიორ ქვეყნებზე ზეწოლა:
„ეს არის პასუხისმგებლობის და არა დასჯის მექანიზმი. ჩვენ გვჭირდება საშუალება, რომ დავიცვათ ევროპული ღირებულებები – ადამიანის ღირსება, თავისუფლება და სამართლის უზენაესობა – იმ ქვეყნებთანაც კი, რომლებიც ჩვენთან მეგობრულ ურთიერთობებს ინარჩუნებენ“.
საქართველოსთვის რა მნიშვნელობა ექნება
რეფორმის დამტკიცების შემთხვევაში ახალი წესები შეეხება ყველა იმ ქვეყანას, რომელიც ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით სარგებლობს, მათ შორის, საქართველოსაც.
საქართველო ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციით სარგებლობს 2017 წლის 28 მარტიდან, რაც საქართველოს მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, ევროკავშირის/შენგენის ზონაში მოკლევადიანი ვიზიტებით (180 დღეში 90 დღემდე) იმოგზაურონ ვიზის გარეშე.
ექსპერტების აზრით, ევროკავშირის მიერ ცვლილებების დამტკიცება კიდევ უფრო გაზრდის მის მოლოდინს დემოკრატიული სტანდარტების, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით. როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, მიუხედავად იმისა, რომ ცვლილება არ არის მიმართული კონკრეტული ქვეყნის წინააღმდეგ, ის მაინც წარმოადგენს პოლიტიკურ სიგნალს, რომ ევროკავშირი უვიზო რეჟიმს აღარ აღიქვამს მხოლოდ ტექნიკურ შეთანხმებად, არამედ განიხილავს მას, როგორც პარტნიორობის ხარისხის მაჩვენებელს. შესაბამისად, საქართველოსთვის ამ მექანიზმის გაძლიერება შეიძლება იქცეს როგორც შესაძლებლობად, ისე გამოწვევად – იმის მიხედვით, რამდენად შეძლებს ქვეყანა ევროკავშირის მიერ დაფუძნებული ღირებულებების დაცვას პრაქტიკაში.
ნანან ძნელაძე
კომენტარები