
იდეის შესახებ, რომელიც უკვე აქტიურად განიხილება იტალიის პოლიტიკურ არენაზე, მისმა ავტორმა, სამთავრობო კოალიციაში შემავალი პარტია „ლიგის“ ლიდერმა მატეო სალვინიმ Canale 5-ზე, «Mattino Cinque»-ის ეთერში ისაუბრა.
ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა მატეო სალვინიმ განაცხადა თავისი ინიციატივის შესახებ, უცხოელი მოქალაქეებისთვის შემუშავდეს ისეთი მექანიზმი, რომელიც მართვის მოწმობებზე არსებული საჯარიმო ქულების სისტემას ემგვანება: „ქულებზე დაფუძნებული ბინადრობის ნებართვა“.
ამ განცხადების საფუძველი გახდა მილანში მომხდარი ძალადობის მორიგი შემთხვევა – მხედველობის პრობლემის მქონე მამაკაცის ძარცვა, რომელიც სასტიკად სცემეს 2 ჩანთის გამო. პოლიციელებმა დაადგინეს, რომ ბრალდებულები, 29 და 42 წლის მაროკოელები, მანამდეც იყვნენ დაკავებულები სხვა დანაშაულისთვის. სწორედ ეს შემთხვევა მოიყვანა სალვინიმ იმის მაგალითად, რომ ზომების გამკაცრება აუცილებელია.
რაში მდგომარეობს სალვინის ინიციატივის არსი
„ჩვენ არ შეგვიძლია დავკმაყოფილდეთ დამნაშავეების დაპატიმრებით, რადგან საბოლოო ჯამში, მათი ციხეში შენახვისთვის იტალიის მოქალაქეები იხდიან, – ხაზგასმით აღნიშნა „ლიგის“ ლიდერმა. – დეპორტაცია აუცილებელია. თუ დანაშაულს ჩაიდენ, იტალიაში დარჩენის უფლებას კარგავ“.
შემდეგ ვიცე-პრემიერმა პარალელი გაავლო საგზაო კოდექსთან:
„მართვის მოწმობებთან დაკავშირებით ყველაფერი მარტივია: თუ ნასვამ მდგომარეობაში მართავ მანქანას, ქულები გაკლდება; თუ მანქანის მართვის დროს ტელეფონზე საუბრობ, ქულები გაკლდება, გარკვეულ ზღვრამდე გაკლებენ ქულებს, შემდეგ კი მართვის მოწმობას კარგავ. ბინადრობის უფლებაც იმავე პრინციპით უნდა მუშაობდეს: „მე სახლის კარებს გიღებ, დოკუმენტებს გაძლევ და შენ კი დანაშაულს ჩადიხარ – მე ქულებს გაკლებ და უკან გაბრუნებ შენს ქვეყანაში“.
„ლიგისთვის“ ეს კიდევ ერთი ნაბიჯია საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებისკენ, რომელიც, ტრადიციულად, პარტიის რიტორიკის მთავარი ნაწილი იყო. ოპონენტებისთვის ეს მომავალი ცხარე დებატების სიგნალია: ასეთი „დეპორტაციის მექანიზმის“ კანონიერება და საერთაშორისო კონვენციებთან შესაბამისობა, რა თქმა უნდა, მწვავე კრიტიკის საგანი გახდება.
ამრიგად, „ბინადრობის უფლება ქულების სისტემით“ ჯერ კიდევ მხოლოდ იდეა და ინიციატივაა, თუმცა სალვინის პოლიტიკურ კომუნიკაციებში უკვე წარმოდგენილია, როგორც კონკრეტული დაპირება: ყველა მიგრანტის დანაშაულები „მინუს ქულებად“ გადაიქცევა, რაც შეიძლება მათ იტალიაში ცხოვრების უფლების (იტ. permesso di soggiorno) დაკარგვად დაუჯდეთ.
ნინო ხოშტარია
კომენტარები