ვიდეოისტორიასაბერძნეთი

უცნობი ბერძნული კუნძული, სადაც ნაპოლეონის ძმისწულია დაკრძალული (ვიდეო)

თუ პელოპონესზე, ქალაქ პილოსში მოხვდებით, ნავით აუცილებლად მოინახულეთ ნავარინის ყურის კუნძულები – სფაქტერია (Σφακτηρία) და მიმდებარე კლდოვანი კუნძული პილოსი (თურქული სახელწოდება – ციხლი-ბაბა (Τσιχλί Μπαμπά) დამახასიათებელი ვერტიკალური თაღით.

კუნძულზე შეგიძლიათ სიმაღლეზე ახვიდეთ, რისთვისაც 134 საფეხური უნდა აიაროთ. აქ მდებარეობს 1890 წელს საფრანგეთის სახელმწიფოს მიერ აღმართული ძეგლი, რომელიც ნავარინოს ბრძოლაში (საბერძნეთის სამხრეთ სანაპიროებთან 1827 წლის 8 ოქტომბერს გამართული ბრძოლა, რომლის დროსაც რუსეთ-ინგლის-საფრანგეთის ფლოტმა თურქეთ-ეგვიპტის საზღვაო ძალები გაანადგურა) დაღუპულ ფრანგებს ეძღვნება. ზემოდან უნიკალური ხედი იშლება: მოჩანს პილოსი ნიოკასტროსთან ერთად და მთელი ყურე – როგორც ხელისგულზე.

კუნძულის მეორე სახელწოდებაა ფანარი, რომელიც მან 1873 წელს აქ აღმართული შუქურას (ბერძ. Φανάρι – შუქურა) გამო მიიღო.

კუნძულ სფაქტერიაზე კი მდებარეობს პოლ ბონაპარტის, ნაპოლეონის უმცროსი ძმის, ლუსიენ ბონაპარტის შვილის საფლავი. პრინცი პოლ მარი ბონაპარტი, მხურვალე ფილელინი (ბერძნულიდან: «φιλέω» – «მიყვარს» და «Ελληνες» – «ბერძნები»: საბერძნეთის მეგობრები, ევროპისა და ამერიკის საზოგადოებების წარმომადგენლები XVIII საუკუნის ბოლოს და XIX საუკუნის დასაწყისში, რომლებიც თანაუგრძნობდნენ ან რაიმე ფორმით ეხმარებოდნენ საბერძნეთს თურქი დამპყრობლების წინააღმდეგ განმათავისუფლებელ ბრძოლაში), საბერძნეთის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში მონაწილეობდა. 1827 წელის მარტში, 17 წლის ასაკში, იგი მშობლებისგან მალულად გაემგზავრა სახლიდან და მოგონილი სახელით, ანკონის გავლით, ხომალდით საბერძნეთში ჩავიდა, რათა მონაწილეობა მიეღო საბერძნეთის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში, რომელიც უკვე 6 წელი გრძელდებოდა.

თავდაპირველად იგი იონიის კუნძულებზე ჩავიდა, შემდეგ ინგლისელმა ადმირალმა ტომას კოკრეინმა მიღო, რომელიც იმ პერიოდში საბერძნეთის ფლოტს მეთაურობდა. პოლი ფლაგმან ფრეგატა „ელადაზე“ დარჩა და იქ მსახურობდა.

რამდენიმე წარუმატებელი მოქმედების შემდეგ ადმირალმა კოკრეინმა ფრეგატა „ელადა“, ჰასტინგსის სარდლობით მოქმედ ესკადრაში შემავალ ხომალდ „კარტერიასთან“ და კიდევ ოც ბერძნულ გემთან ერთად, კუნძულ სპეცესის მახლობლად მდებარე სრუტეში განალაგა.

1827 წლის 25 აგვისტოს (ახ. სტილით – 6 სექტემბერი) ფრეგატა „ელადაზე“ მყოფი პოლ ბონაპარტი საბედისწეროდ დაიჭრა უყურადღებობით, საკუთარი პისტოლეტის გაწმენდისას. იგი მეორე დღეს გარდაიცვალა ნავპლიოში.

1832 წელს, როცა საბერნეთის განმათავისუფლებელი ბრძოლა უკვე დასრულებული იყო, პოლ ბონაპარტის დაბალზამებული სხეული კუნძულ სფაქტერიაზე მდებარე მავზოლეუმში დაკრძალეს, ნავარინოს ბრძოლაში დაცემული ფრანგი მეზღვაურების საფლავის მახლობლად.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close