
ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კვლავ საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა სკანდალური განცხადებით. მისი თქმით, პოპულარული ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატის – ტაილენოლის (Tylenol, იგივე პარაცეტამოლი) გამოყენება ორსულობისას შესაძლოა აუტიზმის განვითარებას უკავშირდებოდეს.
„ტაილენოლის მიღება კარგი არ არის. ამიტომ [მედიკოსები] კატეგორიულად ურჩევენ ქალებს, ორსულობისას შეზღუდონ მისი გამოყენება, თუ ეს არ არის აუცილებელი სამედიცინო მიზეზებით, მაგალითად, ძალიან მაღალი სიცხის შემთხვევაში“, – თქვა ტრამპმა ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე, სადაც მასთან ერთად იმყოფებოდა ჯანდაცვის მინისტრი რობერტ კენედი-უმცროსი, რომელიც ცნობილია ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულებით.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, უახლოეს პერიოდში ამერიკელ ექიმებს რეკომენდაციას მისცემენ, რომ არ გამოუწერონ ეს წამალი ორსულებს.
ტრამპის განცხადებამ, რომელიც მან ორშაბათს, 22 სექტემბერს თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა, ფართო გამოხმაურება გამოიწვია როგორც სამეცნიერო წრეებში, ისე მშობლებსა და მედიცინის სფეროს წარმომადგენლებში. სპეციალისტები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ტრამპის ამ განცხადების მტკიცებულება არ არსებობს და ასეთ ინფორმაციებს საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს.
ჯანმო, ისევე როგორც მრავალი სპეციალისტი, პარაცეტამოლს ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ტკივილგამაყუჩებლად მიიჩნევს, რომლის მიღებაც ორსულობის დროსაც შეიძლება. ხელისუფლების პოზიციას არც „ტაილენოლის“ მწარმოებელი კომპანია Kenvue ეთანხმება.
„ჩვენი აზრით, სანდო სამეცნიერო კვლევები ნათლად აჩვენებს, რომ აცეტამინოფენის (პარაცეტამოლი) მიღება აუტიზმს არ იწვევს. კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით საპირისპირო მტკიცებებს და ღრმად ვართ შეშფოთებულნი იმ რისკით, რომელსაც ეს მომავალი დედებისთვის ქმნის“, – უთხრა კომპანიის წარმომადგენელმა BBC-ს.
ზოგიერთმა კვლევამ მართლაც დააფიქსირა სუსტი კავშირი პარაცეტამოლის გამოყენებასა და აუტიზმს შორის, თუმცა ეს მონაცემები არათანმიმდევრულია და არ ადასტურებს, რომ პრეპარატი პირდაპირ იწვევს აუტიზმს.
პრესკონფერენციაზე დონალდ ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ ყბაყურას, წითელასა და წითურას საწინააღმდეგო ვაქცინა ცალ-ცალკე უნდა გაკეთდეს და არა ერთ ვაქცინად ადრეულ ასაკში და აცრებიც აუტიზმის განვითარებას დაუკავშირა.
მან მოუწოდა, რომ B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მოზარდობის პერიოდში ჩატარდეს, რადგან, ტრამპის თქმით, დაავადება „სქესობრივი გზით გადამდებია“ (თუმცა ეს არ არის B ჰეპატიტის გადაცემის ერთადერთი გზა, ის ასევე ვრცელდება სისხლით). შეერთებულ შტატებში ეს ვაქცინა დაბადებიდან პირველი 24 საათის განმავლობაში კეთდება (ისევე, როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში – 2000 წლიდან).
„ახალშობილისთვის B ჰეპატიტის ვაქცინის გაკეთებას აზრი არ აქვს, ამიტომ გირჩევდით, დაელოდოთ, სანამ ბავშვი 12 წლის გახდება და სრულად მომაგრდება და შემდეგ გაუკეთოთ B ჰეპატიტის ვაქცინა“, – განაცხადა ტრამპმა.
პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, რომ მისი აზრით, ვაქცინაცია ეფექტიანია, თუმცა ადრეულ ასაკში მისი ჩატარება შესაძლოა აუტიზმის განვითარებასთან იყოს კავშირში.
რას ამბობს მეცნიერება?
პარაცეტამოლი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გამოყენებული მედიკამენტია, რომელიც ხშირად ინიშნება მაღალი სიცხის, ტკივილისა და გაციების დროს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) შეფასებით, მისი უსაფრთხოება მაღალია, როდესაც პაციენტი რეკომენდებულ დოზას არ აჭარბებს.
მსოფლიოს წამყვანი სამედიცინო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ პარაცეტამოლი ორსულებისთვის უსაფრთხოა. ამერიკელი გინეკოლოგების კოლეგიის განცხადებით, ეს არის ერთ-ერთი იშვიათი ტკივილგამაყუჩებელი, რომელსაც ორსულობის დროს ექიმები სისტემატურად უწერენ პაციენტებს. ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახური (NHS) პარაცეტამოლს „პირველი არჩევანის პრეპარატად“ მიიჩნევს ორსულებში ტკივილის დროს მისი უსაფრთხოების მაღალი დონის გამო.
შესაძლებელია თუ არა, რომ პარაცეტამოლმა აუტიზმი გამოიწვიოს?
მეცნიერების განმარტებით, აუტიზმის სპექტრის აშლილობა არის ნეიროგანვითარების რთული მდგომარეობა და მისი გამომწვევი ერთიანი მიზეზი არ არსებობს. აუტიზმის გამომწვევი მიზეზები ამ დრომდე ჯეროვნად შესწავლილი არ არის, თუმცა არსებული მონაცემები აჩვენებს, რომ ეს დაავადება რთული გენეტიკური და გარე ფაქტორების კომბინაციის შედეგია. ზოგიერთი კვლევა სუსტად მიუთითებს შესაძლო კავშირზე პარაცეტამოლსა და ნეიროგანვითარებით პრობლემებს შორის, მაგრამ სხვა კვლევები ამ კავშირს უარყოფს. 2024 წელს ჩატარებულმა მასშტაბურმა კვლევამ არ დაადასტურა კავშირი პრეპარატის მიღებასა და აუტიზმს შორის.
პარაცეტამოლისა და ვაქცინაციის მიმართ ეჭვები ახალი არ არის. მისი მოწინააღმდეგეები წლების განმავლობაში სხვადასხვა დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობდნენ, მშობლებში შიში დაენერგათ, რის შედეგადაც ზოგიერთ ქვეყანაში ვაქცინაციის დონე საგრძნობლად შემცირდა. ყველაზე ცნობილი მაგალითია 1998 წლის სკანდალური სტატია, რომელშიც ბრიტანელმა ექიმმა ენდრიუ უეიკფილდმა (Andrew Wakefield) ვაქცინაციასა და აუტიზმს შორის კავშირზე განაცხადა. ამ პუბლიკაციას მოგვიანებით სამედიცინო ჟურნალმა ოფიციალურად უწოდა „ცრუ და მცდარი“.
NBC-ის ცნობით, რომელმაც სტენფორდის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ჩაატარა კვლევა, შეერთებულ შტატებში ყბაყურას, წითელასა და წითურას საწინააღმდეგო იმუნიზაციის მაჩვენებლები 2019 წლიდან მცირდება.
დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების მონაცემებით, მიმდინარე წლის 20 აგვისტოს მონაცემებით, შეერთებულ შტატებში წითელას შემთხვევების რაოდენობამ 1375-ს მიაღწია, მაშინ როდესაც 2000 წელს შეერთებულმა შტატებმა წითელა აღმოფხვრილად გამოაცხადა.
მეცნიერების აზრით, ტრამპის მსგავსი განცხადებები სწორედ ამ „ძველი მითების“ გაგრძელებაა და ისინი არა მხოლოდ მედიცინის სფეროს პროფესიონალების შეშფოთებას იწვევს, არამედ საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის დიდ საფრთხეს ქმნის.
პედიატრები და ინფექციონისტები ერთხმად მოუწოდებენ მშობლებს, არ აჰყვნენ დაუდასტურებელ ინფორმაციას. ვაქცინაცია რჩება ყველაზე ეფექტიან იარაღად, მათ შორის, ისეთი დაავადებების წინააღმდეგ, როგორიცაა: წითელა, ყივანახველა და პოლიომიელიტი. „მშობლები უნდა ენდონ არა პოლიტიკურ გამოსვლებს, არამედ სამედიცინო გაიდლაინებსა და ჯანდაცვის საერთაშორისო სტანდარტებს,“ – აცხადებს აშშ-ის პედიატრთა ასოციაციის წარმომადგენელი.
პოლიტიკური კონტექსტი
ტრამპი ხშირად იყენებს საკამათო თემებს თავისი პოლიტიკური მესიჯების გასაძლიერებლად. ანალიტიკოსთა შეფასებით, მისი ახალი განცხადებაც შეიძლება აღვიქვათ, როგორც მცდელობა, გააძლიეროს მხარდაჭერა იმ ამომრჩევლებს შორის, რომლებიც სკეპტიკურად უყურებენ ვაქცინაციას და პოლიტიკურ ლიდერებს უფრო ენდობიან, ვიდრე სამეცნიერო კვლევებს.
პარაცეტამოლი კვლავ რჩება უსაფრთხო და აუცილებელ პრეპარატად ყოველდღიურ მედიცინაში, ხოლო ვაქცინაცია – საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთ ყველაზე დიდ მიღწევად. მიუხედავად ხმაურიანი განცხადებებისა, მეცნიერთა პოზიცია მკაფიოა: ჩატარებულმა კვლევებმა არც პარაცეტამოლის და არც ვაქცინაციის კავშირი აუტიზმთან არ დაადასტურა.
როგორც მოგეხსენებათ, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ტრამპი სამედიცინო რეკომენდაციებს იძლევა: 2020 წელს მან საჯაროდ გაახმოვანა იდეა, რომ მეცნიერებს შეიძლება გამოეკვლიათ დეზინფექციის საშუალებების შინაგანად გამოყენების შესაძლებლობა COVID-19-ის სამკურნალოდ. ამ განცხადებას მაშინვე მოჰყვა ექიმებისა და რეგულატორების გაფრთხილება, რომ ნებისმიერი სახის დეზინფექციის საშუალების შინაგანად მიღება უკიდურესად სახიფათოა. სწორედ ამ გამოცდილებას იშველიებს ბევრი კრიტიკოსი, როცა ამტკიცებს, რომ პოლიტიკური განცხადებები მედიცინის სფეროში რეალურად აზიანებს საზოგადოებრივ ჯანმრთელობას.
პარაცეტამოლის გამოყენება და დოზის გადაჭარბების სავალალო შედეგები
ცნობისათვის, NHS-ის გაიდლაინების მიხედვით, პარაცეტამოლის (აშშ-ში – ტაილენოლი, იტალიაში – ტაკიპირინა) რეკომენდებული დოზაა ერთი ან ორი 500 მგ-იანი ტაბლეტი მაქსიმუმ დღეში ოთხჯერ, მაგრამ არაუმეტეს რვა ტაბლეტისა (4000 მგ) 24 საათის განმავლობაში.
პარაცეტამოლის რეკომენდებული დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის სერიოზული დაზიანება ან უკმარისობა, რადგან ამ მედიკამენტის დაახლოებით 5% მეტაბოლიზდება ტოქსიკურ ნივთიერებად, რომელსაც ბენზოქინონ იმინი ეწოდება (ცნობილია, როგორც NAPQI).
აშშ-ის სურსათისა და წამლის კონტროლის სააგენტოს (FDA) მონაცემებით, პარაცეტამოლის დოზის გადაჭარბება 1998-დან 2003 წლამდე ღვიძლის მწვავე უკმარისობის წამყვანი მიზეზი იყო შეერთებულ შტატებში.
შემთხვევათა თითქმის ნახევარში პაციენტებმა უნებლიეთ, გაუაზრებლად გადააჭარბეს რეკომენდებულ დღიურ დოზას და ეს საკმაოდ ხშირად ხდება, რადგან, FDA-ს მონაცემებით, პარაცეტამოლი დაახლოებით 600 სხვადასხვა მედიკამენტის შემადგენლობაშია, ამიტომ გრიპით დაავადებულმა ადამიანმა შესაძლოა ერთდროულად მიიღოს რამდენიმე მედიკამენტი და არ იცოდეს, რომ თითოეული მათგანი პარაცეტამოლს შეიცავს (მაგ., გაციების საწინააღმდეგო ჩაის პაკეტები). ამიტომ როდესაც რამდენიმე პრეპარატს ერთდროულად იღებთ (მათ შორის, გრიპისა და გაციების დროს), აუცილებლად შეამოწმეთ მათი ქიმიური შემადგენლობა, რომ რომელიმე მედიკამენტის რეკომენდებულ დოზას უნებლიეთ არ გადააჭარბოთ და საკუთარ ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე არ შეუქმნათ.
ნანა ძნელაძე
კომენტარები