
ჰოლივუდის ვარსკვლავი, 61 წლის კიანუ რივზი და მისი რჩეული, 52 წლის ალექსანდრა გრანტი ცოლ-ქმარი ოფიციალურად გახდნენ. როგორც დასავლური ტაბლოიდები იუწყებიან, წყვილი გასულ ზაფხულს, ევროპაში მოგზაურობისას საიდუმლოდ დაქორწინდა.
მათ თავიანთი ურთიერთობის შესახებ 2019 წელს განაცხადეს, როდესაც ერთად გამოჩნდნენ ფესტივალ LACMA Art+Film-ის წითელ ხალიჩაზე . ინტერნეტი აფეთქდა – კიანუს გულშემატკივრები ალექსანდრას დედამისს ადარებდნენ, აკრიტიკებდნენ ჭაღარა თმის, არაგლამურული გარეგნობისა და ჩაცმულობისა გამო, ამბობდნენ, რომ შეუფერებელი წყვილია. მსახიობი და მისი შეყვარებული სერიოზულად არ აღიქვამდნენ ჰეითერების შეტევებს, თუმცა ალექსანდრას მოუწია აეხსნა, რომ ნაადრევად (20 წლის ასაკში) გაჭაღარავდა, მაგრამ თმის შეღებვაზე უარი თქვა, რადგან საღებავების ქიმიური შემადგენლობა ჯანმრთელობისთვის საშიშია. და საერთოდ, იგი ასაკსა და ჭაღარა თმას სამარცხვინოდ არ მიიჩნევს.
2023 წელს მათ პირველად აკოცეს ერთმანეთს საჯაროდ MOCA-ს გალა-საღამოზე, ხოლო 2024 წლის ოქტომბერში პაპარაცებმა ისინი ლონდონში, რესტორან Cipriani-ში დააფიქსირეს პაემანზე. ალექსანდრამ არაერთხელ თქვა, რომ კიანუ მისი შთაგონების მთავარი წყარო გახდა. „იგი ძალიან კრეატიული, ძალიან კეთილია. ბევრს შრომობს. მომწონს, რომ ერთმანეთს ახალი გზებისკენ ვუბიძგებთ“, – აღიარა მან.

გრანტმა ასევე გაიხსენა, რომ კიანუ კრიზისულ პერიოდში გაიცნო, როდესაც ძლიერი ძრავის მქონე მანქანასავით იყო, რომელიც საცობში გაიჭედა. მისი თქმით, მხოლოდ რივზთან შეხვედრამ მისცა ძალა და შთაგონება, გაეგრძელებინა შემოქმედებითი საქმიანობა.
ალექსანდრა გრანტი წარმატებული მხატვარია. მისი კონცეპტუალური ნამუშევრები და ინსტალაციები გამოფენილი იყო ლოს-ანჯელესის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (MOCA), აგრეთვე, აშშ-ისა და საზღვარგარეთის სხვა დიდ მუზეუმებში – Honor Fraser, Night Gallery, Lowell Ryan Projects… იგი ხშირად კურირებდა გამოფენებს და მხარს უჭერდა ახალბედა ნიჭიერ ადამიანებს. ალექსანდრა 2009-იდან 2015 წლამდე ხელოვნებას ასწავლიდა უნივერსიტეტებში, მათ შორის, Art Center College of Design-ში, Cal State Northridge-სა და Syracuse University-ში. გრანტი ჩართულია სოციალურ აქტივობებში და მონაწილეობს ხელოვნების პოპულარიზაციის მიზნით გამართულ საჯარო დისკუსიებში.
კიანუ რივზი ჰოლივუდის „მთავარ ბერბიჭად“ მიიჩნეოდა. იგი ქორწინებაში აქამდე არასოდეს ყოფილა, თუმცა ჰყავდა მეგობარი გოგონა, მსახიობი ჯენიფერ სიამი. წყვილმა 1999 წელს საერთო შვილი დაკარგა: ჯენიფერმა მკვდარი გოგონა დაბადა – ავა არჩერ საიმ-რივზი. წყვილი მალე დაშორდა. 28 წლის ჯენიფერი 2 წლის შემდეგ, 2001 წელს ავტოკატასტროფაში დაიღუპა.
ამ ტრაგედიების შემდეგ მსახიობი დიდხანს მარტო ცხოვრობდა. ალექსანდრა გრანტი მისთვის ნამდვილი ხსნა აღმოჩნდა – ისინი ერთმანეთს 2009 წელს ერთ-ერთ საჯარო ღონისძიებაზე შეხვდნენ. მათი მჭიდრო ურთიერთობა რომანტიკით კი არა, ერთობლივი შემოქმედებითი საქმიანობით დაიწყო. ჰოლივუდის ვარსკვლავი და მხატვარი მალე დამეგობრდნენ და ბევრი საერთო თემა იპოვეს. 2011 წელს გამოვიდა კიანუ რივზის ფილოსოფიური წიგნი – „ოდა ბედნიერებისთვის“, რომლის ილუსტრირება ალექსანდრამ ითავა. ამის შემდეგ მათი თანამშრომლობა აქტიურად გაგრძელდა და 2017 წელს დააარსეს გამომცემლობა X Artists’ Books. სწორედ ამ პროექტმა შეაკავშირა საბოლოოდ წყვილი ფიზიკურად და სულიერად.
„2025 წელს მათი რომანი ბედნიერად დაგვირგვინდა საიდუმლო ქორწინებით. ქორწილი ამ ზაფხულს ევროპაში შედგა, ძალიან პირადული და უბრალო, რადგან კიანუ და ალექსანდრა ძალიან აფასებენ თავიანთი პირადული ცხოვრების კონფიდენციალურობას…“ – ამბობს წყვილთან დაახლოებული წყარო.
თამარ ოთიაშვილი
კომენტარები