„ოქროს ბურთი – 2025-ის“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ
წლის საუკეთესო ფეხბურთელი - უსმან დემბელე, საუკეთესო მწვრთნელი კი ლუის ენრიკე გახდა

ფეხბურთში 2025 წლის მთავარი ინდივიდუალური ჯილდოს, France Football-ის „ოქროს ბურთის“ ნომინაციების გამარჯვებულები გამოვლინდნენ. მთავარი ჯილდოები უსმან დემბელემ და აიტანა ბონმატიმ მოიპოვეს.
უსმან დემბელემ „ოქროს ბურთისთვის“ ბრძოლაში „ბარსელონას“ ახალგაზრდა ვარსკვლავს, ლამინ იამალს აჯობა და წლის საუკეთესო მამაკაცი ფეხბურთელის წოდება დაიმსახურა. იგი ქარიმ ბენზემას შემდეგ (2022 წ.) პირველი ფრანგი ფეხბურთელია, რომელიც ამ ჯილდოს დაეუფლა, მთლიანობაში კი „ოქროს ბურთის“ მფლობელი მეექვსე ფრანგი ფეხბურთელი გახდა (ბენზემასა და დემბელეს გარდა ეს ჯილდო რაიმონ კოპას, მიშელ პლატინის, ჟან-პიერ პაპენს და ზინედინ ზიდენს აქვთ მოგებული). დემბელე პირველად დაეუფლა „ოქროს ბურთს“, აიტანა ბონმატი კი France Football-მა მესამედ დაახელა საუკეთესო ქალ ფეხბურთელად.
„პსჟ“-ის მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე წლის საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს – სწორედ მისი ხელმძღვანელობით მოიგო პარიზულმა კლუბმა ისტორიაში პირველად უეფას ჩემპიონთა ლიგა. გარდა ამისა, კლუბი 2025 წელს ევროპის სუპერთასსაც დაეუფლა.
„ოქროს ბურთი – 2025-ის“ ყველა ნომინაციის გამარჯვებულები არიან:
წლის საუკეთესო მამაკაცი ფეხბურთელი – უსმან დემბელე („პსჟ“, საფრანგეთი)
წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი – აიტანა ბონმატი („ბარსელონა“, ესპანეთი)
წლის საუკეთესო ახალგაზრდა მამაკაცი ფეხბურთელი – ლამინ იამალი („ბარსელონა“, ესპანეთი)
წლის საუკეთესო ახალგაზრდა ქალი ფეხბურთელი – ვიკი ლოპესი („ბარსელონა“, ესპანეთი)
წლის საუკეთესო მამაკაცი მეკარე – ჯანლუიჯი დონარუმა („პსჟ“/„მან.სიტი“, იტალია)
წლის საუკეთესო ქალი მეკარე – ანა ჰემპტონი („ჩელსი“, ინგლისი)
წლის საუკეთესო მამაკაცი მწვრთნელი – ლუის ენრიკე („პსჟ“, ესპანეთი)
წლის საუკეთესო ქალი მწვრთნელი – სარინა ვეიმანი (ინგლისის ნაკრები, ნიდერლანდები)
წლის საუკეთესო ბომბარდირი მამაკაცთა შორის – ვიქტორ იოკერესი („არსენალი“/„სპორტინგი“, შვედეთი)
წლის საუკეთესო ბომბარდირი ქალთა შორის – ევა პაიორი („ბარსელონა“, პოლონეთი)
წლის საუკეთესო გუნდი მამაკაცთა შორის – პსჟ (საფრანგეთი)
წლის საუკეთესო გუნდი ქალთა შორის – „არსენალი“ (ინგლისი)
დაკავშირებულ თემაზე: „პარი სენ-ჟერმენმა“ „ინტერი“ დაამარცხა 5:0 და ისტორიაში პირველად „ჩემპიონთა ლიგა“ მოიგო! (ვიდეო)
კომენტარები