როგორ მოვაწყოთ სახასიათო ინტერიერი მისაღებ ოთახში

მისაღები ოთახი სახლის ცენტრალური ნაწილია, სადაც ოჯახის წევრები ერთად იკრიბებიან, სტუმრებს იღებენ და დროის ძირითად ნაწილს ატარებენ. ესაა სივრცე, რომელიც მთელი სახლის ხასიათსა და სტილს ქმნის. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მისაღები ოთახის ინტერიერი იყოს ელეგანტური, კომფორტული და ინდივიდუალური სტილის მატარებელი. დღევანდელ ბლოგში განვიხილავთ, როგორ მოაწყოთ სახასიათო ინტერიერი მისაღებ ოთახში.
სივრცის განაწილება
სანამ უშუალოდ ინტერიერის დიზაინზე, ფერებსა და ავეჯზე დაიწყებთ ფიქრს, აუცილებელია ოთახის კარგად გაზომვა და გეგმარება. ამ დროს უნდა გაითვალისწინოთ ოთახის ზომა, ფანჯრებისა და კედლების განლაგება და ოჯახის წევრების რაოდენობა. წინასწარ უნდა დაყოთ მისაღები ოთახი ზონებად – გასართობი, დასასვენებელი, საკითხავი და ა. შ. დაგეგმარებისას ავეჯიც გასათვალისწინებელია, ამიტომ ზუსტი გაზომვა მნიშვნელოვანია, რათა გადასაადგილებლად საკმარისი სივრცე დაიტოვოთ. დაახლოებით განსაზღვრეთ, სად რომელ ავეჯს მოათავსებთ, რათა მათ ირგვლივ შეიქმნას დანარჩენი კომპოზიცია.
ფერები და დიზაინი
მისაღები ოთახის მოწყობის დროს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი ფერების სწორად შერჩევაა. ფერი ქმნის საერთო ატმოსფეროს და ოჯახურ განწყობაზეც პირდაპირ მოქმედებს. პალიტრის არჩევამდე, გაითვალისწინეთ ყველა ოჯახის წევრის სურვილები. ზოგს შესაძლოა თბილი ტონები ურჩევნია, რომლებიც სითბოსა და კომფორტის აურას ქმნის, ზოგი კი ცივ და მშვიდ ფერებს ანიჭებს უპირატესობას, რომლებიც სივრცეს ჰაეროვან და მოწესრიგებულ იერს აძლევს. ამ შემთხვევაში, კომპრომისისთვის ნეიტრალური ბაზა (თეთრი, კრემისფერი, ღია ნაცრისფერი) გამოიყენეთ და აქცენტებში სხვადასხვა ფავორიტი ტონები ჩართეთ. მაგალითად, ბალიშებზე, ფარდებსა თუ დეკორატიულ კედელზე.
ოთახის თითოეული სეგმენტის დიზაინი კონკრეტულ ფუნქციას უნდა ემსახურებოდეს. დასასვენებლ ზონაში სასურველია უფრო მშვიდი ფერების გამოყენება, ისეთების, რომლებიც თვალს არ ღლის. გასართობ ზონაში შეიძლება ოდნავ გამოკვეთილი ტონალობის გამოყენება. თუ ოთახში სამუშაო ან სასწავლო კუთხეა, სჯობს კონცენტრაციასთან ასოცირებული ფერების გამოყენება, მაგალითად, მუქი ლურჯი ან ბუნებრივი მწვანის ტონალობები, რომლებიც არ გადაგღლით.
ასევე მნიშვნელოვანია ფერისა და განათების ურთიერთკავშირი. ბუნებრივი შუქი დღის განმავლობაში ფერს ერთ იერს აძლევს, ხელოვნური განათება კი სრულიად სხვას. ამიტომ, საბოლოო გადაწყვეტილებამდე კარგი იქნება ნიმუშების ტესტირება სხვადასხვა განათების პირობებში.
მისაღები ოთახის ავეჯის არჩევა
ავეჯი ოთახის ფუნქციურობასა და იერსახეს განსაზღვრავს. სწორედ ამიტომ მისაღები ოთახის ავეჯის არჩევისას განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ. აუცილებლად გაითვალისწინეთ სივრცის ზომა და განაწილება და ამის მიხედვით შეარჩიეთ სასურველი პროდუქტი. მაგალითად, მცირე ზომის სივრცეებში სჯობს მრავალფუნქციური ავეჯის შეძენა. დიდ მისაღებში კი შეიძლება რამდენიმე დასაჯდომი ზონა მოაწყოთ, რათა სივრცე უფრო სოციალური და მოქნილი გახდეს.
სანამ ავეჯის სტილსა და ფერს აირჩევთ, გაითვალისწინეთ, როგორ გამოიყენებს ოჯახი ამ ოთახს ყოველდღიურად. თუ ხშირად მასპინძლობთ სტუმრებს, დიდი და კომფორტული დივანი ან რამდენიმე სავარძელი საშუალებას მოგცემთ სივრცე საჭიროების მიხედვით გადააწყოთ. ბავშვიანი ოჯახებისთვის სასურველია გამძლე, ადვილად გასაწმენდი მასალებისგან დამზადებული ავეჯი.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ავეჯის მასალა. ხის ავეჯი ოთახს სითბოს მატებს, ლითონის დეტალები კი თანამედროვეობის ხაზგასმაა.
დეკორატიული და ფუნქციური ბალანსი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია: ერთი-ორი აქცენტური ნივთი, მაგალითად, დეკორატიული სავარძელი ოთახს ხასიათს მისცემს, მაგრამ ძირითადი ავეჯი მაინც ყოველდღიურ კომფორტს და პრაქტიკულობას უნდა ემსახურებოდეს.
შეჯამება
მისაღები ოთახის მოწყობისას ბევრი სხვადასხვა ფაქტორია გასათვალისწინებელი. პირველ რიგში, სივრცის გაზომვა და განაწილება, შემდეგ ფერებისა და ზოგადი სტილის განსაზღვრა, დაბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი – ავეჯის შერჩევა. თუ გნებავთ სახასიათო ინტერიერის შექმნა თქვენს მისაღებში, აუცილებელია გაითვალისწინოთ ოჯახისყველა წევრის აზრი და შემდეგ სწორად შეუხამოთ ერთმანეთს.
კომენტარები