რომელი მოწყობილობა მოიხმარს ყველაზე მეტ ელექტროენერგიას თქვენს სახლში

თუმცა მაცივარი და საშრობი მოწყობილობები ბევრ ელექტროენერგიას მოიხმარს, ელექტრო ჰაერღუმელი პირველ ადგილზეა ელექტროენერგიის მოხმარების მხრივ. მაცივრისგან განსხვავებით, რომელიც მხოლოდ ტემპერატურას ინარჩუნებს, ჰაერღუმელმა ტემპერატურის მაღალ ნიშნულებს უნდა მიაღწიოს და სითბო დიდხანს შეინარჩუნოს.
მოხმარება ციფრებში
ჰაერღუმელის ენერგომოხმარება საშუალოდ 40-იდან 90 კვტ/სთ-ს აღწევს თვეში, რაც წლიურად საკმაოდ დიდ ხარჯს იძლევა და გადასახადშიც მნიშვნელოვან წილს იკავებს. შედარებისთვის: 2.000–5.000 ვატის სიმძლავრის ჰაერღუმელი უფრო მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს, ვიდრე მაცივარი (საშუალოდ 300–800 ვატი, მაცივრის ზოგიერთი მოდელი კი წელიწადში მხოლოდ 200 კვტ/სთ-ს ხარჯავს)
საფრანგეთში ჩატარეული ახალი კვლევის თანახმად, რომელმაც 100 ფრანგული ოჯახი მოიცვა, ერთმა ელექტროღუმელმა შესაძლოა იმდენი ელექტროენერგია მოიხმაროს, რამდენიც ერთდროულად ჩართულმა 65-მა მაცივარმა. კვლევაში აღნიშნულია, რომ თუ ელექტრო ჰაერღუმელს რეგულარულად იყენებთ, მის მიერ მოხმარებულმა ელექტროენერგიამ წელიწადში შეიძლება 224 კვტ/სთ-ს მიაღწიოს და მიუხედავად იმისა, რომ მაცივარი სულ ჩართულია, ჰაერღუმელი კი – საჭიროების მიხედვით, ჯამურად ჰაერღუმელის მიერ მოხმარებული ენერგია გაცილებით მეტია. ამის მიზეზია ელექტროენერგიის დიდი დანახარჯი გაცხელებისთვის და ტემპერატურის მაღალი ნიშნულის შესანარჩუნებლად.
დენის „უჩინარი“ მოხმარება
მოცდის რეჟიმშიც კი ზოგიერთი მოდელის ჰაერღუმელი ელექტროენერგიის მოხმარებას აგრძელებს – 67 ვატამდე – ციფრული პანელებისა და საათის გამო. კალიფორნიაში ჩატარებული კვლევის თანახმად, ასეთმა „მცირე“ დატვირთვამაც კი შეიძლება დენის წლიური მოხმარების 5%-იდან 26%-მდე შეადგინოს.
როგორ შევამციროთ დანახარჯები
ექსპერტები გვირჩევენ:
- არ გააღოთ ჰაერღუმელის კარი ცხობის დროს;
- გამორთეთ ის საკვების მომზადების დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე – ჰაერღუმელში (თუ კარს არ გამოაღებთ) დარჩენილი სითბო საკმარისი იქნება მომზადების პროცესის დასასრულებლად;
- იმ მოდელების შემთხვევაში, რომლებსაც მოცდის რეჟიმი აქვს, მთლიანად გამორთეთ მოწყობილობა ქსელიდან, როდესაც არ იყენებთ.
ენერგოეფექტიანობა
ახალი ენერგოეფექტიანი მდელების შეძენა გრძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვანი ეკონომიის გაკეთების საშუალებას იძლევა. ენერგომოხმარების ეტიკეტი მთავარი ორიენტირია საოჯახო ტექნიკის არჩევისას. მოწყობილობის რაციონალური გამოყენება არა მარტო ენერგიის დანახარჯებს ამცირებს, არამედ ტექნიკის მოხმარების ვადასაც ახანგრძლივებს. როდესაც ელექტროენერგიის ტარიფი მაღალია, ამგვარი მიდგომით შეგიძლიათ ოჯახის ბიუჯეტი მნიშვნელოვნად დაზოგოთ.
კირა კარიაული
კომენტარები