საბერძნეთში ახალი საგზაო კოდექსი ამოქმედდა: რა ცვლილებები ელოდებათ მძღოლებს
რა გემუქრებათ საჭესთან მობილურის გამოყენებისას - ჯარიმები 8000 ევრომდე და პატიმრობა საგზაო შემთხვევებისთვის

საბერძნეთში 13 სექტემბრიდან ძალაში შევიდა ახალი საგზაო მოძრაობის კოდექსი (ΚΟΚ), რომელიც საგრძნობლად ამკაცრებს სანქციებს გზებზე წესების დარღვევისთვის.
მკაცრი ჯარიმები და სასჯელები
ახალი რეგულაციების მიხედვით, ჯარიმები 350 ევროდან იწყება და შეიძლება 8 000 ევრომდე გაიზარდოს. მძიმე შემთხვევებში დარღვევას შესაძლოა მოჰყვეს მართვის მოწმობის ჩამორთმევა რამდენიმე წლით და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაც.
ახალი კოდექსი რადიკალურად ცვლის მოქმედ სისტემას და ქმნის დარღვევებზე რეაგირების (დასჯის) უფრო მკაფიო, ეტაპობრივ მიდგომას. ყურადღება განსაკუთრებით გამახვილებულია იმაზე, რომ განმეორებით საფრთხის შექმნის შემთხვევაში სანქციები მკაცრდება.
სიჩქარის ლიმიტების ცვლილება
განსაკუთრებულ დისკუსიას იწვევს სიჩქარის შეზღუდვები დასახლებულ პუნქტებში. დღეს მოქმედი ზოგადი ნორმა – 50 კმ/სთ – ძალაში რჩება, თუმცა 2026 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება ახალი სისტემა, რომელიც სხვადასხვა ტიპის გზებისთვის სიჩქარის განსხვავებულ ზღვარს განსაზღვრავს, თუ საგზაო ნიშნებით სხვა რამ არ არის მითითებული.
მთავრობის პოზიცია
ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის მინისტრის მოადგილის, კონსტანტინოს კირიაკისის თქმით, კოდექსის მიზანი არ არის „დასჯა დასჯისთვის“, არამედ საგზაო უსაფრთხოების კულტურის ჩამოყალიბება:
„ჩვენი თვითმიზანი არ არის ზედმეტი სიმკაცრე სანქციებში. ეს არის პასუხი მძიმე სტატისტიკაზე, რომლის უკან ადამიანების სიცოცხლე დგას. ჩვენ ვაწესებთ მკაფიო წესებს, ვამყარებთ მოქალაქეების ნდობას და ვქმნით უფრო უსაფრთხო ყოველდღიურობას“.
საბერძნეთის ახალი საგზაო კოდექსი მკაფიო გზავნილია: ხელისუფლება მზადაა მკაცრი ზომებით შეამციროს ავარიები და შექმნას უსაფრთხოების უფრო მაღალი სტანდარტი.
მობილური ტელეფონით საჭესთან
ახალი საგზაო მოძრაობის კოდექსი, სხვა რეგულაციებთან ერთად, მობილური ტელეფონის გამოყენების მკაფიო წესებს ადგენს, რადგან ავტომობილის მართვისას სწორედ მობილური ტელეფონის გამოყენება ხდება მრავალი ავარიისა და ფატალური შემთხვევის მიზეზი. შემოღებულია ახალი აკრძალვები, ჯარიმები და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაც კი.
რა არის ნებადართული
უკაბელო ყურსასმენების (Bluetooth handsfree) გამოყენება, თუ მოწყობილობის ხელში დაჭერა არ გჭირდებათ;
დინამიკის გამოყენება, თუ ტელეფონი სპეციალურ დამჭერშია მოთავსებული;
ტელეფონის გამოყენება GPS ნავიგატორად, იმ პირობით, რომ ის დამჭერშია დამაგრებული.
რა იკრძალება
ტელეფონთან დაკავშირებული სადენიანი ყურსასმენები;
ჭკვიანი საათი (Smartwatch) და პორტატული მოწყობილობები ზარების ან შეტყობინებებისთვის;
შეტყობინებების აკრეფა, ვიდეოების ყურება, სოციალური ქსელების გამოყენება მართვის დროს;
ტელეფონთან ნებისმიერი მუშაობა მართვის დროს, მათ შორის, შუქნიშანზე ან საცობში დგომისას, გარდა GPS-ისა.
ჯარიმები და სანქციები:
ტელეფონის გამოყენება (იმ შემთხვევაში, თუ ავარია არ მომხდარა):
ახალი კოდექსის მიღებამდე იყო: მართვის მოწმობისა და ნომრების ჩამორთმევა 60 დღით.
ახალი რეგულაციებით განსაზღვრულია: ჯარიმა 350€ და მართვის მოწმობის ჩამორთმევა 30 დღით.
განმეორებითი შემთხვევისას:
პირველად: ჯარიმა 1000€ და მართვის მოწმობის ჩამორთმევა 180 დღით;
მეორედ: ჯარიმა 2000€ და მართვის მოწმობის ჩამორთმევა ერთი წლით.
თუ საგზაო შემთხვევისას (ავარია) ტელეფონის გამოყენება დაგიდასტურდათ:
აქამდე იყო: მართვის მოწმობისა და ნომრების ჩამორთმევა 60 დღით, სისხლისსამართლებრივი სანქციების გარეშე.
ახალი რეგულაციით: ჯარიმა 350€ და მართვის მოწმობის ჩამორთმევა 30 დღით.
განმეორებითი შემთხვევისას:
პირველად: ჯარიმა 2000€ და მართვის მოწმობის ჩამორთმევა 4 წლით;
მეორედ: ჯარიმა 4000€ და მართვის მოწმობის ჩამორთმევა 8 წლით.
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა: ყველა შემთხვევაში შესაძლოა გამოყენებულ იქნას საბერძნეთის სისხლის სამართლის კოდექსის 290A მუხლი სახიფათო მართვისთვის, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას.
10 კითხვა და პასუხი
შესაძლებელია თუ არა შუქნიშანზე დგომისას შეტყობინებების წაკითხვა ან დაწერა? – არა, აკრძალულია.
დაშვებულია თუ არა ნავიგაცია (GPS)? – დიახ, თუ ტელეფონი სპეციალურ დამჭერშია მოთავსებული.
შეიძლება თუ არა ზარზე პასუხის გაცემა ისე, რომ ტელეფონი ხელში არ გეჭიროთ? – დიახ, მხოლოდ Bluetooth-ის ან სპიკერფონის საშუალებით.
ტელეფონზე ვიდეოკამერის გამოყენება? – დაშვებულია, თუ ტელეფონი სპეციალურ დამჭერშია მოთავსებული.
შეიძლება თუ არა ჭკვიანი საათის გამოყენება? – არა, აკრძალულია.
შეუძლიათ თუ არა მიმოწერის კონფიდენციალურობის მოხსნა მტკიცებულებისთვის? – დიახ, დაშვებულია ავარიის შემთხვევაში.
არსებობს თუ არა გამონაკლისები ტაქსებისა და სატვირთო მანქანებისთვის? – არა, წესები ყველასთვის ერთნაირია.
შეიძლება თუ არა მანქანის სენსორული პანელის გამოყენება? – არა, გარდა GPS-ისა და ხმოვანი ბრძანებებისა.
შეიძლება თუ არა საცობში ტელეფონის ყურება? – არა, აკრძალულია.
შეიძლება თუ არა გაჩერება ჩართული საავარიო შუქნიშნით და ტელეფონით შეტყობინების გაგზავნა? – მხოლოდ იმ ადგილზე, სადაც გაჩერება ნებადართულია.
ნინო ბაჯელიძე
კომენტარები