მსოფლიოპოლიტიკა

ჩარლი კირკის მკვლელობა: ვინ არის 22 წლის ბრალდებული და რა ვიცით გამოძიებაზე

დაკავებულია 22 წლის ტაილერ რობინსონი, რომელსაც ბრალად ედება კონსერვატორი აქტივისტის, ჩარლი კირკის, მკვლელობა. საქმე უკვე იქცა არა მხოლოდ სამართლებრივ, არამედ პოლიტიკურ სკანდალად, რომელიც კიდევ უფრო ამძაფრებს განხეთქილებას ამერიკულ საზოგადოებაში.

ვინ არის ტაილერ რობინსონი

22 წლის ტაილერ რობინსონი იუტის მცხოვრებია. ამერიკული მედიის ცნობით, მას არ ჰქონდა მძიმე კრიმინალური წარსული, მისი პირადი ცხოვრება გარედან ჩვეულებრივად გამოიყურებოდა: სწავლა, მეგობრებთან ურთიერთობა, არაფრით გამორჩეული ფოტოები სოციალურ ქსელებში, თუმცა აღნიშნავენ, რომ ბოლო წლებში „მისი პოლიტიკური ჩართულობა“ გაიზარდა. რობინსონის ახლობლების თქმით, იგი ხშირად გამოთქვამდა უკმაყოფილებას კონსერვატიული ფიგურების, მათ შორის, ჩარლი კირკის მიმართ.

ბრალდებულის ოჯახი საჯაროდ ცნობილი არ ყოფილა, გამოძიების ცნობით, სწორედ ოჯახის წევრებმა მიაწოდეს პოლიციას ინფორმაცია და ხელი შეუწყვეს მის დაკავებას.

როგორ მოხდა თავდასხმა

ჩარლი კირკი, პრეზიდენტ ტრამპის გულმხურვალე მხარდამჭერი და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კონსერვატორი აქტივისტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, 10 სექტემბერს სასიკვდილოდ დაჭრეს სტუდენტებთან შეხვედრისას Utah Valley University-ის კამპუსში, ღია ცის ქვეშ, დაახლოებით 3 ათასი ადამიანის თვალწინ. ჩარლის მიკროფონით ხელში ლაპარაკი 20 წუთის დაწყებულიც არ ჰქონდა, როდესაც ესროლეს. მას ტყვია ყელში მოხვდა. კირკი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა. რამდენიმე საათის შემდეგ დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ზე დაწერა: „ლეგენდარული ჩარლი კირკი გარდაიცვალა“.

მისი თქმით, ჩარლი კირკის მკვლელობა არის „საშინელი პოლიტიკური მკვლელობა“ და დამნაშავე უნდა დაექვემდებაროს უმკაცრეს სასჯელს. ტრამპმა არაერთხელ ახსენა, რომ მსგავსი შემთხვევები პოლიტიკურ ძალადობას ამძაფრებს და მისივე შეფასებით, „ეს არის შეტევა ამერიკის კონსერვატიულ მოძრაობაზე“.

გამომძიებლების თქმით, რობინსონმა შორიდან ესროლა კირკს ოპტიკურსამიზნიანი იარაღიდან. დადასტურებულია, რომ მინიმუმ ერთ ვაზნაზე აღმოჩნდა წარწერა პოლიტიკური კონტექსტით, რაც გამოძიებას დანაშაულის პოლიტიკურ მოტივზე მიანიშნებს.

ბრალდებულის დაკავება პოლიციამ მკვლელობიდან 33 საათის შემდეგ შეძლო. მათი ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცს მამას უთხრა, რომ ჩარლი კირკს ესროლა, მამა კი, პოლიციის ყოფილმა ოფიცერმა, სამართალდამცველებს ამის შესახებ შეატყობინა და პირადად გადასცა შვილი.

ტაილერ რობინსონი, ფოტო: Utah County Sheriff / AP / CBS New

რობინსონს ბრალი წარუდგინეს განზრახ მკვლელობაში და ამ ეტაპზე წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, გირაოს უფლების გარეშე. ზოგიერთი მედიასაშუალების ინფორმაციით, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მას იუტის შტატის უმაღლესი ზომა – სიკვდილით დასჯა ემუქრება. იუტის შტატში death penalty ჯერ კიდევ კანონით არსებობს და „დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობის“ (aggravated murder) შემთხვევაში პროკურატურას შეუძლია ოფიციალურად მოითხოვოს სიკვდილით დასჯა. თუმცა პრაქტიკულად ეს პროცესი რთული და ხანგრძლივია, ამიტომ იუტაში ბოლო წლებში სიკვდილით დასჯის გამოყენება იშვიათია და ბევრ სასამართლო პროცედურასა და აპელაციას ექვემდებარება.

ვინ იყო ჩარლი კირკი

ჩარლი კირკი ჩიკაგოს გარეუბანში დაიბადა, იგი 14 ოქტომბერს 32 წლის გახდებოდა. კირკი ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მემარჯვენე აქტივისტი იყო, Turning Point USA-ს თანადამფუძნებელი და ამერიკელი ახალგაზრდების კონსერვატიული მოძრაობის გამოკვეთილი ხმა, MAGA-ს (Make America Great Again – ინგ. კვლავ გავხადოთ ამერიკა დიადი) მოძრაობის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა. მხოლოდ პლატფორმა X-ზე 5 მილიონი მიმდევარი ჰყავდა. პრეზიდენტის არჩევნებში ტრამპს მისი წყალობით ძალიან ბევრმა ახალგაზრდამ მისცა ხმა. არსებული ინფორმაციით, კირკს ნებისმიერ დროს შეეძლო დონალდ ტრამპთან ან მისი კაბინეტის სხვა წევრებთან დალაპარაკება და ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ჩარლი კირკს განსაკუთრებული პოლიტიკური როლისთვის ამზადებდნენ.

იგი თავს ქრისტეს მიმდევრად მიიჩნევდა და სხვებსაც მოუწოდებდა, გადარჩენა ქრისტეში ეძებნათ. არ სწყალობდა მიგრანტებს, ძირითადად, ლათინოამერიკელებსა და მუსლიმებს, ფიქრობდა, რომ მათი კულტურა აშშ-ზე უაროფითად მოქმედებს. მისი მკვლელობა იქცა პოლიტიკურ შოკად, რომელსაც სწრაფად მოჰყვა მწვავე რეაქციები.

იუტის შტატის გუბერნატორმა სპენსერ კოქსმა საზოგადოებას განუცხადა: „ჩვენ დავაკავეთ ეჭვმიტანილი. ეს მძიმე დანაშაულია, მაგრამ იუტა არ მოითმენს ძალადობას“.

გამოძიების რთული კითხვები

მიუხედავად იმისა, რომ მკვლელობის მოტივი ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა, გამოძიება განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს რობინსონის შესაძლო რადიკალიზაციაზე. სწორედ წარწერები საბრძოლო მასრებზე, ინტერნეტში გამოქვეყნებული პოლიტიკური სიმბოლიკა და მისი ბოლო წლების აქტიურობა გამოძიებას საფუძველს აძლევს ვარაუდისთვის, რომ საქმე მხოლოდ პირად დაპირისპირებას არ ეხება.

ამასთან, მედიაში ვრცელდება ბევრი დაუდასტურებელი დეტალი – მაგალითად, მისი ოჯახის ქონებაზე ($600 000-ად ღირებული სახლი, 6 საძინებლით), ბავშვობის ფოტოებზე ან პირად ცხოვრებაზე. გამომძიებლები ამ ეტაპზე მხოლოდ იმ ინფორმაციებს ადასტურებენ, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება საქმეს და მტკიცებულებებს.

რას ნიშნავს ეს შემთხვევა ამერიკისთვის

ჩარლი კირკის მკვლელობა ასახავს სიღრმისეულ კრიზისს, რომელშიც ამერიკული საზოგადოება აღმოჩნდა. პოლიტიკური პოლარიზაცია, სოციალური ქსელებით გაძლიერებული რადიკალიზაცია და იდეოლოგიური დაპირისპირება ძალადობრივი ქმედებებისათვის ნოყიერ ნიადაგს ქმნის.

ტაილერ რობინსონის საქმე შესაძლოა გახდეს მაგალითი იმისა, თუ რამდენად სწრაფად შეიძლება გადაიზარდოს პოლემიკა და სიძულვილი ტრაგიკულ დანაშაულში – და არა მარტო ამერიკაში.

ნანა ძნელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close