აშშ ვიზების გაცემის წესს ამკაცრებს

ამერიკის შეერთებული შტატები არასაიმიგრაციო, მათ შორის, ტურისტული ვიზების გაცემის წესს ამკაცრებს.
სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 6 სექტემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ არასაიმიგრაციო, მათ შორის, ტურისტული ვიზების მიღების მსურველებს დოკუმენტების წარდგენა მხოლოდ იმ ქვეყნებში შეეძლებათ, რომლის მოქალაქეებიც არიან ან მუდმივი ბინადრობის უფლება აქვთ.
ამასთან, 17 ქვეყნის მოქალაქეებს, სადაც აშშ-ის ვიზების გაცემა შეჩერებულია, დოკუმენტების წარდგენის შესაძლებლობა მხოლოდ კონკრეტულ საელჩოებსა და საკონსულოებში ექნებათ. მაგ., რუსეთის მოქალაქეებმა ვიზების მისაღებად ასტანასა და ვარშავაში მდებარე აშშ-ის საელჩოებს უნდა მიმართონ, ბელარუსის მოქალაქეებმა – ვარშავაში ან ვილნიუსში მდებარე დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, ხოლო უკრაინელებმა ვიზის მისაღებად საჭირო დოკუმენტები კრაკოვსა და ვარშავაში უნდა წარადგინონ.
აქამდე აშშ-ის ტურისტული ვიზის მიღება ნებისმიერ ქვეყანაში იყო შესაძლებელი, მიუხედავად იმისა, იყო თუ არა განაცხადის შემტანი იმ ქვეყნის მოქალაქე. ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ უკვე დანიშნული გასაუბრებები არ გაუქმდება.
ახალი წესები არ გავრცელდება A, G, C-2, C-3, ნატოს ვიზებსა და დიპლომატიურ ან ნებისმიერი ტიპის სამსახურებრივ ვიზებზე.
სახელმწიფო დეპარტამენტის განმარტებით, იშვიათ შემთხვევებში შესაძლოა გამონაკლისიც იყოს დაშვებული ჰუმანიტარული, სამედიცინო ან საგარეო პოლიტიკური საკითხების გათვალისწინებით.
შეგახსენებთ, რომ 2025 წლის 1-ელი სექტემბრიდან აშშ-ის მოქალაქეობის, პასპორტისა და ნოტარიული მომსახურების ყველა მსურველს წინასწარი ჩაწერა დასჭირდება. თბილისში ამერიკის საელჩოს საკონსულო განყოფილება აღარ გაგიწვეთ პასპორტის განახლების მომსახურებას ჯავშნის გარეშე.
ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ამ ბმულზე: https://ge.usembassy.gov/adult-passport-renewal
ნანა ძნელაძე
კომენტარები