დევნილები გერმანიაში: ათი წელი მერკელის ლოზუნგიდან „ჩვენ ამას შევძლებთ“

2015–2016 წლებში გერმანიამ 1,2 მილიონი დევნილი მიიღო, ხოლო მომდევნო წლებში – კიდევ ასიათასობით. მაშინდელი კანცლერის, ანგელა მერკელის სიტყვები „Wir schaffen das“ („ჩვენ ამას შევძლებთ“) ქვეყნის გახსნილობის სიმბოლოდ იქცა. თუმცა ათი წლის შემდეგ აშკარაა, რომ ინტეგრაციის პროცესი ბევრად რთული აღმოჩნდა, ვიდრე თავდაპირველად ვარაუდობდნენ.
მასშტაბები და სტატისტიკა
გერმანია ევროკავშირის უდავო ლიდერი გახდა თავშესაფრის მაძიებელთა მიღების თვალსაზრისით. ბოლო ათწლეულის განმავლობაში დაახლოებით 1,5 მილიონ ადამიანს მიენიჭა ცხოვრების უფლება, ხოლო ქვეყანაში დაახლოებით 3,5 მილიონი დევნილია, რომლებიც ან უკვე ფლობენ თავშესაფრის/დაცვის სტატუსს, ან შესაბამისი განაცხადის განხილვის პროცესში იმყოფებიან.
რომელი ქვეყნებიდან არიან დევნილები
2015–2016 წლებში გერმანიაში უმრავლესობა სირიიდან, ავღანეთიდან და ერაყიდან ჩავიდა – იმ ქვეყნებიდან, სადაც ომი და კონფლიქტები ათწლეულების განმავლობაში გაგრძელდა. 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გერმანიას თითქმის 1,3 მილიონმა უკრაინელმა მიაშურა. სირიელთა ნაწილი უკვე გახდა გერმანიის მოქალაქე: მათგან ყოველი მეხუთე ფლობს გერმანიის მოქალაქის პასპორტს, ხოლო ყოველი მეათე გერმანიაში დაიბადა.
სოციალური სურათი და ინტეგრაციის პრობლემები
დევნილთა პირველი ტალღის ნახევარი 18–34 წლის ახალგაზრდები იყვნენ, მათი სამი მეოთხედი — მამაკაცები. ოჯახის გაერთიანების პროგრამით დევნილებმა თავიანთი ოჯახის ათიათასობით წევრი ჩამოყვანეს – მეუღლე და შვილები, თუმცა 2025 წლის ივლისიდან ზოგიერთი დევნილისთვის ეს უფლება შეჩერდა (იხ. სტატია: გერმანიის მთავრობამ „ექსპრეს-ნატურალიზაციის“ გაუქმების პროექტი დაამტკიცა, მიგრანტთა გარკვეულ ჯგუფებს ოჯახის გაერთიანებაც შეეზღუდებათ).
დევნილთა დასაქმება მათი ინტეგრაციის ერთ-ერთი მთავარი საზომია. ბოლო მონაცემებით, უმუშევრობის დონე მათ შორის ყველაზე დაბალია 2015 წლიდან მოყოლებული, ხოლო დასაქმება – ყველაზე მაღალი. მათგან, ვინც 2015 წელს ჩავიდა, შვიდი წლის შემდეგ 60%-ზე მეტს სამსახური ჰქონდა. განსაკუთრებით წარმატებით დასაქმდნენ ახალგაზრდები, თუმცა შედარებით ასაკოვანი მიგრანტებისთვის ინტეგრაცია ბევრად რთულია. დაბალი კვალიფიკაცია, გერმანული ენის ცოდნის ნაკლებობა და დიპლომების აღიარების პრობლემები მათ კვლავ სერიოზულ ბარიერებს უქმნით. დევნილების საშუალო ხელფასი სრულ განაკვეთზე დასაქმებულთა შემთხვევაში დაახლოებით 1600 ევროა, რაც თითქმის ორჯერ ნაკლებია, ვიდრე ქვეყნის საშუალო მაჩვენებელი.
ენის ბარიერი
გერმანული ენის ცოდნა კვლავაც გადამწყვეტ ფაქტორად რჩება ინტეგრაციისთვის. მამაკაც დევნილთა 54%-მა ენის ცოდნის B1 დონეს მიაღწია, ქალებში კი ეს მაჩვენებელი მხოლოდ 34%-ს შეადგენს. ქალებისთვის დამატებითი სირთულეა ბავშვებზე ზრუნვა და პროფესიული პროფილი, რომელიც ენის უფრო მაღალ დონეზე ცოდნას მოითხოვს. შედეგად, მიუხედავად განათლებისა, ქალთა დასაქმება შედარებით დაბალია.
დევნილები და გერმანიის მოქალაქეობა
2016 წლიდან გერმანიის მოქალაქეობა 414 ათასმა დევნილმა მიიღო, მათგან 244 ათასი სირიელია. ისინი – მიუხედავად იმისა, რომ ბაშარ ასადის რეჟიმი შეიცვალა და ბევრი მათგანი სამშობლოში დაბრუნების სურვილს გამოთქვამს – საბოლოოდ მაინც გერმანიაში რჩებიან აწყობილი კერძო ბიზნესის, სამსახურისა და შვილების განათლების გამო.
დევნილთა ინტეგრაციის ფასი გერმანიისთვის
დევნილთა მიღებისა და მათი ინტეგრაციისთვის გერმანიის სახელმწიფოს ფინანსური დანახარჯების შეფასებები განსხვავებულია, თუმცა საუბარია ტრილიონობით ევროზე. მხოლოდ 2023 წელს ფედერალურმა ბიუჯეტმა დევნილებთან დაკავშირებულ საკითხებზე თითქმის 30 მილიარდი ევრო დახარჯა, ძირითადად, სოციალური დახმარებების სახით. მიუხედავად ამისა, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში გერმანია წლიურად დაახლოებით 95 მილიარდ ევროს სარგებელს მიიღებს, რადგან დევნილები ეკონომიკაში ჩაერთვებიან, მუშახელი კი გერმანიას ძალიან სჭირდება.
საზოგადოებრივი განწყობები
თუ 2015 წელს გერმანიაში, მერკელის ლოზუნგის გავლენით შექმნილი განწყობების შესაბამისად, მოქალაქეთა უმეტესი ნაწილი დევნილების მიმართ სოლიდარობას იჩენდა და დახმარების გულწრფელ სურვილს გამოხატავდა (ისტორიას შემორჩა ამაღელვებელი სცენები მიუნხენის ცენტრალური ვაგზლიდან, სადაც ადგილობრივი მაცხოვრებლები დევნილებს გულთბილად ხვდებოდნენ და მათ სოლიდურ საჩუქრებსაც გადასცემდნენ), დღეს საზოგადოება ბევრად უფრო სკეპტიკურადაა განწყობილი. დასაქმების, დანაშაულისა და სოციალური ხარჯების თემები მწვავე დებატების საგანი გახდა. დღეს იმიგრაცია ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე წინააღმდეგობრივ და პოლიტიკურად მგრძნობიარე საკითხად იქცა. შესაბამისად, გერმანიამ გაამკაცრა კანონმდებლობა და დამოკიდებულებაც შეიცვალა.
ქართველი დევნილები გერმანიაში
გერმანია ბოლო ათწლეულის განმავლობაში ქართველების ერთ-ერთ მთავარ სამიზნე ქვეყნად იქცა, განსაკუთრებით საქართველოში არსებული სოციალურ-ეკონომიკური სირთულეების ფონზე. ოფიციალური მონაცემებით, ათასობით ქართველმა მიმართა გერმანიას თავშესაფრისთვის, თუმცა მათი განცხადებების დიდი ნაწილი უარყოფილია, რადგან საქართველო ევროკავშირის მიერ უსაფრთხო ქვეყნად არის აღიარებული.
2022–2024 წლებში გერმანიამ არაერთხელ დაადასტურა, რომ ქართველი იმიგრანტების საქმეების უმრავლესობა არ აკმაყოფილებს დევნილობის კრიტერიუმებს, რის გამოც ხშირად არის დეპორტაციის შემთხვევები. მიუხედავად ამისა, ქართველთა საკმაო ნაწილი მაინც რჩება ქვეყანაში – სტუდენტური ვიზებით, სამუშაო ნებართვებით ან არალეგალური სტატუსით.
ექსპერტებთა აზრით, ქართველ დევნილთა ნაკადი სერიოზულ გავლენას ვერ ახდენს გერმანიის შრომით ბაზარზე, თუმცა ცალკეული შემთხვევები ხშირად ხვდება მედიაში და პოლიტიკურ დისკუსიებში, ასე ვთქვათ, „თავშესაფრის ბოროტად გამოყენებაზე“.
ქართველ დევნილთა განაცხადების დაკმაყოფილების სტატისტიკა (2022–2023):
- 2023 წელს გერმანიაში საქართველოს მოქალაქეების მიერ თავშესაფრის მოთხოვნის 9 399 განაცხადი დაფიქსირდა, თუმცა მხოლოდ 0,3% (28) დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უდიდესი უმრავლესობა განაცხადებისა უარყოფილია.
- 2022 წლის ზუსტი მონაცემები ნაკლებად ხელმისაწვდომია, მაგრამ არსებული წყაროები მიუთითებენ, რომ დადებითი პასუხი 1%-ზე ნაკლები იყო.
- 2030 წლის 30 აგვისტოს გერმანიამ საქართველო ოფიციალურად შეიყვანა უსაფრთხო ქვეყნების სიაში, რაც თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების განაცხადების დამუშავების პროცესის დაჩქარებას განაპირობებს, თუმცა, ამავე დროს, განაცხადების დამტკიცების შანსი მნიშვნელოვნად შემცირებულია.
ნინო ხოშტარია
„დოიჩე ველეს“ მასალების მიხედვით
კომენტარები