
საქართველოს ნაკრებმა 4 სექტემბერს თურქეთთან მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრის წაგების შემდეგ (2:3), დღეს, 7 სექტემბერს ბულგარეთს უმასპინძლა კვლავ „დინამო არენაზე“ და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა – 3:0.
ამჯერად საქართველოს ნაკრებს ხვიჩა კვარაცხელიამ უკაპიტნა (პირველად ისტორიაში), რადგან მწვრთნელმა ვილი სანიოლმა გურამ კაშია სათადარიგო სკამზე დასვა.
ბულგარელებთან შეხვედრა საქართველოს ნაკრებმა კვლავ 4-მცველიანი სქემით ითამაშა, ძირითად შემადგენლობაში იყვნენ: გიორგი მამარდაშვილი, ოთარ კაკაბაძე (82. ლომინაძე), ლუკა ლოჩოშვილი, საბა გოგლიჩიძე, ირაკლი აზაროვი, ნიკა გაგნიძე, ანზორ მექვაბიშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი (77. მამუჩაშვილი), ზურიკო დავითაშვილი (82. ლობჟანიძე), გიორგი მიქაუტაძე, ხვიჩა კვარაცხელია (კაპიტანი; 77. ზივზივაძე).
პირველ წუთებში ბულგარელებმა მწვავე კონტრშეტევა კინაღამ გოლით დაასრულეს – ორიოდე მეტრიდან მარინ პეტკოვმა თავით დაარტყა მასპინძელთა კარში, თუმცა გიორგი მამარდაშვილი მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა და თავისი კარი აშკარა გოლისგან იხსნა.
ცოტა ხანში სტუმართა კარი აღმოჩნდა რეალური საფრთხის წინაშე, როდესაც მარჯვენა ფლანგიდან ოთარ კაკაბაძემ მწვავედ შეუტია, თუმცა ბულგარელთა მეკარემაც ივარგა.
ქართველებმა უპირატესობა მოიპოვეს და შედეგიც მალე გამოჩნდა – 30-ე წუთზე ანგარიში გაიხსნა: ხვიჩა კვარაცხელიამ მეტოქის საჯარიმოსთან ახლოს მცველის შეცდომით ისარგებლა, ბურთი კარისკენ წაიღო, წინ გადაღობებული მცველების მიუხედავად მაინც მოახერხა კარში დარტყმა, ბულგარელი მეკარე ბურთს მისწვდა, მაგრამ ვერ შეაკავა და ანგარიში გაიხსნა – 1:0.
პირველ გოლს მალე მეორე მოჰყვა – 43-ე წუთზე მიქაუტაძისა და დავითაშვილის სწრაფი შეტევა ნიკა გაგნიძემ დააგვირგვინა, რომელმაც ნაკრებში თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა. ანგარიში 2:0 გახდა მასპინძელთა სასარგებლოდ.
მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრების უპირატესობა კიდევ უფრო აშკარა იყო, ბულგარელებმა 64-ე წუთზე მესამე გოლიც გაუშვეს – გიორგი ქოჩორაშვილის დარტყმული ბურთი მეკარემ ცუდად მოიგერია, გიორგი მიქაუტაძემ მიუსწრო და გაიტანა – ეს მისი 21-ე გოლია ნაკრებში (საუკეთესო ბომბარდირად ჯერჯერობით ისევ შოთა არველაძე რჩება 26 გოლით).
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე 2 შეხვედრიდან ერთი დამარცხებისა და ერთი გამარჯვების შემდეგ საქართველოს ნაკრებს E ჯგუფში ესპანეთისა და თურქეთის მსგავსად სამი ქულა აქვს (თუმცა თურქეთს და ესპანეთს ჯერ მხოლოდ ერთი მატჩი აქვთ გამართული, ისინი დღეს უპირისპირდებიან ერთმანეთს თურქეთში, თბილისის დროით 22:45 სთ-ზე) და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსს ინარჩუნებს.
ნუცა ყაველაშვილი
კომენტარები