ეკონომიკაიტალიამიგრაცია

უცხოელი მუშახელის დასაქმება იტალიაში: რა შეიცვალა „ფლუსის“ ახალი დეკრეტით

მიმდინარე წლის 4 სექტემბერს იტალიის მინისტრთა საბჭომ დაამტკიცა „ფლუსის“ ახალი ბრძანებულება-კანონი (decreto flussi), რომელიც მიზნად ისახავს იმიგრაციის ნაკადების მართვას, უცხოელი მუშახელის ლეგალურ დასაქმებას და არალეგალური შრომის შემცირებას. ინიციატივა პრემიერ-მინისტრ ჯორჯა მელონის ეკუთვნის და შრომისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებთან არის შეთანხმებული.

დოკუმენტი სისტემურ ცვლილებებს გულისხმობს და პირდაპირ განსაზღვრავს, როგორ ხდება უცხოელთა მიღება და დასაქმების წესების შემოწმება.

ახალი დეკრეტი უზრუნველყოფს ლეგალური შესვლის და დასაქმების პროცედურების გამარტივებას, სწრაფად განხორციელებას და, ამავდროულად, უფრო მკაცრ კონტროლს დამსაქმებლების მიერ წარმოდგენილი მონაცემების სისწორეზე.

ახალი დეკრეტის მთავარი სიახლეები

მომვლელები და დამხმარეები (badanti e assistenti) კვოტების გარეშე

ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე შეეხო ოჯახურ სფეროს: მომვლელები, უუნარო ხანდაზმულებისა და ძლიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების დამხმარეები ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან იტალიაში რაიმე რაოდენობრივი კვოტების გარეშე შეძლებენ ჩასვლას და დასაქმებას. ეს გადაწყვეტილება გამართლებულია ქვეყნის დემოგრაფიული რეალობით – მოსახლეობის დაბერებითა და მზარდი მოთხოვნით მომვლელებზე. პირველი 12 თვე უცხოელმა შეიძლება იმუშაოს მხოლოდ იმ სფეროში, რომელზეც ნებართვა მიიღო, მას დამსაქმებლის შეცვლა მხოლოდ შრომის ინსპექციის თანხმობით შეუძლია.

გარდა ამისა, უცხოელებს, რომლებსაც აქვთ ბინადრობის ნებართვა სოციალური დაცვის საფუძველზე, უკვე შეუძლიათ ისარგებლონ Assegno d’inclusione-ით (ჩართულობის შემწეობა).

ნახევარი მილიონი ახალი სამუშაო ნებართვა

ახალი დეკრეტით მთავრობამ დაამტკიცა 500 ათასამდე უცხოელი მუშახელის ლეგალური შესვლა იტალიაში. ასევე განისაზღვრა, რომ იმ პირებს, რომლებიც ბინადრობის ნებართვის განახლებას ან სხვა კატეგორიაში გადაყვანას ელოდებიან, შეუძლიათ დარჩნენ ქვეყანაში და დროებით იმუშაონ, თუნდაც 60-დღიანი ვადა უკვე გასული იყოს.

მოხალისეობა: ახალი წესით

დეკრეტში არის დებულება, რომელიც განსაზღვრავს, რომ მოხალისეობრივ პროგრამებში ჩართული ახალგაზრდებისთვის კვოტები განისაზღვრება არა ყოველწლიურად, არამედ სამ წელიწადში ერთხელ, რაც სტაბილურობასა და უფრო ხანგრძლივ გეგმას უზრუნველყოფს.

ახალი ვალდებულებები დამსაქმებლებისთვის

დამსაქმებლებს მოუწევთ განაცხადების წინასწარ შევსება შინაგან საქმეთა სამინისტროს ონლაინ პლატფორმაზე. ამასთან, თითოეულ დამსაქმებელს შეუძლია წარადგინოს მაქსიმუმ სამი მოთხოვნა სამუშაო ნებართვაზე („nulla osta“, მათ შორის, სეზონური სამუშაოსთვის) თითოეული საიმიგრაციო დეკრეტით გათვალისწინებული კვოტის ფარგლებში.

შეიცვალა ოჯახის გაერთიანების პროცედურაც: ოჯახის გაერთიანებისთვის ბინადრობის ნებართვის გაცემის ვადა განაცხადის გაკეთებიდან 150 დღემდე გაიზარდა, ნაცვლად აქამდე არსებული 90 დღისა, რაც განაცხადების დამუშავების ვადას 3 თვის ნაცვლად 5 თვემდე ზრდის.

განაცხადების განხილვის ვადები

უცხოელთათვის სამუშაო ნებართვის (nulla osta) მინიჭების განხილვის ვადის ათვლა იწყება არა განცხადების შეტანის დღიდან, არამედ კვოტაში მიღების მომენტიდან. ეს ცვლილება პროცედურას უფრო გამჭვირვალეს ხდის და ამცირებს ბიუროკრატიულ შეფერხებებს.

კონტროლის გამკაცრება

შრომის ინსპექცია და სხვა უწყებები ვალდებულნი იქნებიან შეამოწმონ არა მხოლოდ დასაქმების ჩვეულებრივი შემთხვევები, არამედ ისეთი სპეციალური კატეგორიებიც, როგორიცაა მოხალისეობა, სამეცნიერო საქმიანობა, მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტთა შრომა და საერთაშორისო კომპანიის შიგნით თანამშრომლების გადაყვანა.

გადაწყვეტილების მოლოდინში ყოფნა ლეგალური იქნება

თუ უცხოელი ბინადრობის ნებართვის სხვა კატეგორიაში გადაყვანას ელოდება, მისი ყოფნა ქვეყანაში კანონიერად ითვლება გადაწყვეტილების მიღებამდე.

შრომითი ექსპლუატაციის მსხვერპლთა დაცვა

ექსპლუატაციის ან უკანონო შუამავლობის {caporalato) მსხვერპლებს ბინადრობის ნებართვა 12 თვემდე უგრძელდებათ. მათ ასევე შეუძლიათ მიიღონ სოციალური დახმარება (Assegno d’inclusione). ანალოგიური გარანტიები ვრცელდება ოჯახური ძალადობის მსხვერპლებზეც.

სხვა ზომები

  • გაგრძელდა ეროვნული კომისიის მუშაობა, რომელიცარალეგალური შუამავლობისა და შრომითი ექსპლუატაციის წინააღმდეგ იბრძვის;
  • ამ კომისიაში მონაწილეობის უფლება მიეცა რელიგიურ ორგანიზაციებსაც;
  • „შავი შრომის“ წინააღმდეგ ფონდიდან ფინანსებს დასაქმების სააგენტოების გარდა რეგიონის მიერ აკრედიტებული სხვა სტრუქტურებიც მიიღებენ;
  • ლამპედუზის კრიზისული ცენტრის მუშაობა და დაფინანსება 2027 წლის ბოლომდე გაგრძელდება.

„ფლუსის“ ახალი დეკრეტი არ არის მხოლოდ დეკლარაციული ხასიათის დოკუმენტი – მას სისტემური ცვლილებები შემოაქვს. მთავრობა ცდილობს, თავიდან აიცილოს ბიუროკრატიული შეფერხებები და ფიქტიური დასაქმება, გაამარტივოს ქვეყანაში ლეგალური გზით ჩასვლა და, ამავდროულად, დაიცვას დასაქმებულთა შრომითი უფლებები.

ნინო ხოშტარია

ამავე თემაზე: იტალიამ იმიგრანტთა ლეგალური დასაქმების რეკორდული კვოტები დაამტკიცა – ახალი Decreto Flussi 2026-2028

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close