Google-ის სერვისები შეფერხებულია ზოგიერთ რეგიონში, მათ შორის, საქართველოში

Google-ის რამდენიმე სერვისი – Gmail, YouTube, Google Search, Drive, Maps და სხვ. – დღეს დილიდან გათიშულია ან შეფერხებით მუშაობს თურქეთსა და აღმოსავლეთ ევროპაში, სადაც დაზარალებულ ქვეყნებს შორის არიან: საქართველო, ბულგარეთი, საბერძნეთი, რუმინეთი და სხვ.
„როიტერის“ ინფორმაციით, ამის შესახებ განცხადება გაავრცელა თურქეთის სატელეკომუნიკაციო საკითხებში მინისტრის მოადგილემ და ადგილობრივმა ინტერნეტ-მონიტორინგის ორგანიზაციამ.
„სიტყვის თავისუფლების ასოციაციის“ ცნობით, რომელიც ინტერნეტში ადგილობრივ ცენზურას აკვირდება, Alphabet-ის კორპორაციის (Google-ის მფლობელი კომპანია) სერვისების გათიშვა თურქეთში დაახლოებით დილის 10 საათზე (GMT 07:00) დაიწყო.
როგორც სატელეკომუნიკაციო საკითხებში მინისტრის მოადგილემ ომერ ფათიჰ საიანმა სოციალურ ქსელ X-ზე განაცხადა, კიბერუსაფრთხოების ადგილობრივმა მარეგულირებელმა ორგანომ Google-ისგან ოფიციალური ტექნიკური ანგარიში მოითხოვა.
საიანის მიერ გამოქვეყნებულ რუკაზე ნათლად ჩანს, რომ პრობლემები შეეხო თურქეთს, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის დიდ ნაწილს, ასევე, უკრაინის, რუსეთისა და დასავლეთ ევროპის გარკვეულ რეგიონებს.
Google, Android ve bağlı servislerinde Türkiye ile Avrupa bölgesini kapsayan kesinti yaşanıyor.
— Dr. ÖMER FATİH SAYAN (@ofatihsayan) September 4, 2025
Ulusal Siber Olaylara Müdahale Merkezimiz (@trcert) Google’dan kesintinin sebebiyle teknik rapor talep etti.
Süreci yakından takip ediyoruz.
Yaşanan bu kesintiler yerli ve milli… pic.twitter.com/IrrYFCXqBK
Google-ის ოფიციალურ სტატუსგვერდზე ბევრი სერვისი ჯერ კიდევ „Up“ (ხელმისაწვდომი) ჩანს, რაც რეალურ მდგომარეობას არ შეესაბამება.
ჩვეულებრივ, ასეთ გლობალურ პრობლემას „გუგლი“ რამდენიმე საათში აგვარებს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, როდის აღმოიფხვრება შეფერხება.
ნანა ძნელაძე
კომენტარები