ბარი, იტალია: 40 წლის ქართველი ქალი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაიღუპა

იტალიაში, ქალაქ ბარისა და Bitritto-ს შემაერთებელ პროვინციულ გზაზე, წმინდა ნიკოლოზის სახელობის სტადიონის (Stadio San Nicola) სიახლოვეს, 40 წლის ქართველ ქალს ავტომობილი დაეჯახა, რის შედეგადაც იგი ადგილზევე გარდაიცვალა. ამის შესახებ იტალიური მედია წერს. მძღოლის ტესტირებით დადგინდა, რომ იგი ნარკოტიკული ან ალკოჰოლური თრობის ქვეშ არ იმყოფებოდა. ქალის ვინაობა ამ ეტაპზე უცნობია.
საგზაო შემთხვევა 2 სექტემბერს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 22:30 საათზე მოხდა. ავტომობილის მძღოლმა მანქანა გააჩერა და დაუყოვნებლივ გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარება. სამწუხაროდ, 118-ის ექიმების მიერ ჩატარებული ღონისძიებები ახალგაზრდა ქალის რეანიმირებისთვის უშედეგო აღმოჩნდა.
ადგილზე მისულმა პოლიციის თანამშრომლებმა გამოძიება დაიწყეს – სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, საქმე ეხება „გზაზე მკვლელობას“ (“omicidio stradale”). მათ მძღოლი გამოიკვლიეს ნარკოტიკებზე და ალკოჰოლზე – ორივე ტესტის შედეგი უარყოფითი აღმოჩნდა. ასევე, ნივთმტკიცებად ამოიღეს მძღოლის მობილური ტელეფონი (იმის დასადგენად, ხომ არ საუბრობდა იგი ტელეფონზე ავარიის მომენტში).
გარდაცვლილი ქალის ცხედარი ბარის პოლიკლინიკაშია გადაასვენეს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზისა და იურიდიული პროცედურების ჩასატარებლად. ბარისა და Bitritto-ს დამაკავშირებელ გზაზე, წმინდა ნიკოლოზის სტადიონის მიმდებარედ გზის მონაკვეთი, სადაც სამწუხარო შემთხვევა მოხდა, დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში დაკეტილი იყო.
გარდაცვლილი ქალის ვინაობა – სახელი, გვარი და წარმომავლობის ზუსტი ადგილი (ქალაქი) – ამ ეტაპზე უცნობია. არსებული ინფორმაციით, ინციდენტის დროს ქალს საბუთები თან არ ჰქონდა. მისი იდენტიფიკაცია, ალბათ, დაახლოებით ექვს-შვიდ საათში მოხდა, თუმცა პირადი მონაცემები არცერთ წყაროს ჯერ არ გამოუქვეყნებია.
ნინო ხოშტარია
კომენტარები