ბონუსი 200 ევრომდე ძველი ტექნიკის ჩაბარებისთვის – როგორ იმუშავებს იტალიის ახალი პროგრამა 2025 წლიდან

იტალია იწყებს ახალ სახელმწიფო ინიციატივას – ოჯახებსა და კერძო პირებს შესაძლებლობა ექნებათ, ჩააბარონ ძველი, არაეფექტიანი ტექნიკა და მიიღონ ფასდაკლება 200 ევრომდე ახალი ტექნიკის შეძენაზე. პროგრამა ოფიციალურად ამოქმედდება 2025 წლის ბოლოს, ე. წ. „კლიკის დღის“ ფარგლებში.
რატომ იწყება პროგრამა
ენერგოეფექტიანობა და გარემოს დაცვა ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მოძველებული ტექნიკა არა მხოლოდ ბევრად მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს, არამედ ხშირად ვერ აკმაყოფილებს უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტებს. სწორედ ამიტომ იტალიის მთავრობამ გადაწყვიტა, წაახალისოს ოჯახები ძველი მოწყობილობების შესაცცლელად, რაც ერთდროულად სამ მიზანს ემსახურება:
-
ეკონომია ოჯახის ბიუჯეტისთვის – ახალი ტექნიკა ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს.
-
გარემოს დაცვა – ძველი მოწყობილობები გადამუშავდება და არ მოხვდება ნაგავსაყრელზე.
-
ეკონომიკის მხარდაჭერა – გაიზრდება ევროკავშირში წარმოებული პროდუქციის გაყიდვა.
როგორია ბონუსის ოდენობა
ბონუსი ერთჯერადი პირდაპირი ფასდაკლებაა (და არა საგადასახადო შეღავათი), რომელიც ელექტრონული ვაუჩერის სახით გაიცემა.
-
100 ევრომდე – ყველა მომხმარებლისთვის.
-
200 ევრომდე – იმ ოჯახებისთვის, რომელთა წლიური შემოსავალი 25 000 ევროზე ნაკლებია (ISEE-ს მიხედვით).
პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 48,1 მლნ ევროს, რაც ნიშნავს, რომ ვაუჩერით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ მხოლოდ იმ ოჯახებს, რომლებიც განაცხადს პირველები შეიტანენ.
რომელ მოწყობილობებზე ვრცელდება ბონუსი
ფასდაკლება გაიცემა მხოლოდ ევროკავშირში წარმოებულ და ეკოლოგიურ სტანდარტებთან შესაბამის ტექნიკაზე:
-
სარეცხი და სარეცხი-საშრობი მანქანები – მინიმუმ კლასი A
-
აერღუმელები – მინიმუმ კლასი A
-
გამწოვები – მინიმუმ კლასი B
-
ჭურჭლის სარეცხი მანქანები – მინიმუმ კლასი C
-
საშრობები – მინიმუმ კლასი C
-
მაცივრები და საყინულე-მაცივრები – მინიმუმ კლასი D
-
სამზარეულოს ჩასაშენებელი ქურები – ევროკავშირის ნორმების შესაბამისად.
თითოეულ ოჯახს შეუძლია განაცხადის გაკეთება მხოლოდ ერთ მოწყობილობაზე და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ძველ ანალოგიური კატეგორიის ტექნიკას ჩააბარებს.
რა შეზღუდვები არსებობს
-
ბონუსი არ ჯამდება სხვა პროგრამებთან, მათ შორის, „რემონტის ბონუსთან“ (50%-იანი საგადასახადო გამოქვითვა).
-
ტექნიკის შეძენა შეიძლება მხოლოდ ოფიციალურად რეგისტრირებულ გამყიდველთან, რომელიც ვალდებულია:
-
გასცეს გამჭვირვალე ქვითარი;,
-
ორგანიზება გაუკეთოს ძველი მოწყობილობის უტილიზაციას;
-
პროგრამაში მონაწილეობა მიიღოს პლატფორმა PagoPa-ს მეშვეობით.
-
როგორ უნდა მიიღოთ ბონუსი
-
დაელოდეთ პლატფორმის გახსნას (იგეგმება 2025 წლის ბოლოსთვის).
-
ავტორიზაცია გაიარეთ პორტალზე SPID-ის ან პირადობის ელექტრონული ბარათის – CIE-ს მეშვეობით.
-
ატვირთეთ პირადი მონაცემები და შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტები (მათ შორის, ISEE).
დადებითი პასუხის შემთხვევაში მიიღებთ ვაუჩერს, რომელიც თქვენს საგადასახადო კოდზე იქნება მიბმული.
-
ვაუჩერი გამოიყენეთ პარტნიორ მაღაზიაში და მიიღეთ ფასდაკლება დაუყოვნებლივ.
გაფრთხილება: ვაუჩერს ექნება მოქმედების კონკრეტული ვადა, რომლის ამოწურვის შემთხვევაში საჭირო იქნება განაცხადის თავიდან შეტანა.
როდის იწყება „კლიკის დღე“ («click day»)
ზუსტი თარიღი ჯერ არ გამოცხადებულა. მეწარმეობისა და წარმოების სამინისტრო აცხადებს, რომ პროგრამა ამოქმედდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ტექნიკური პლატფორმის შემუშავება და მონაცემთა დაცვის მექანიზმები დასრულდება. სავარაუდოდ, ოფიციალური „კლიკის დღე“ 2025 წლის ბოლოს დაინიშნება.
რას უნდა ელოდონ მომხმარებლები?
ექსპერტების თქმით, პროგრამამ შეიძლება მნიშვნელოვნად გააძლიეროს ენერგოეფექტიანი ტექნიკის ბაზარი. ოჯახებისთვის ეს ნიშნავს:
-
ეკონომიას კომუნალურ გადასახადებში, რადგან ახალი ტექნიკა ნაკლებ ენერგიას მოიხმარს;
-
გრძელვადიან სარგებელს, რადგან ხარისხიანი მოწყობილობები უფრო მდგრადია;
-
გარემოს დაცვის ხელშეწყობას, რაც ევროკავშირის „მწვანე კურსის“ ერთ-ერთი მთავარი ნაწილია.
ნინო ხოშტარია
კომენტარები