ევროპაში ღამის ავტობუსები იწყებენ მოძრაობას, სადაც სავარძლები ლოგინად ტრანსფორმირდება – რა ღირს ასეთი კომფორტი

ამ შემოდგომაზე ევროპაში ღამის ავტობუსების ახალი ქსელი ამოქმედდება, რომელიც კონტინენტზე რამდენიმე მნიშვნელოვან ტურისტულ ადგილს დააკავშირებს ერთმანეთთან. საძილე ავტობუსი 2025 წლის ნოემბერში დაიწყებს მოძრაობას და შვეიცარიის, ლუქსემბურგის, ბელგიის, ნიდერლანდებისა და ესპანეთის ქალაქებს დააკავშირებს.
შვეიცარიული სატრანსპორტო კომპანია Twiliner-ის მიერ შექმნილი სერვისის მიზანია „მგზავრებისათვის შორ მანძილზე ლუქსკლასის კომფორტის შეთავაზება“. VRT-ის ცნობით, ეს იქნება პირველი ავტობუსები ევროპაში, რომელთა სავარძლებიც ღილაკზე თითის დაჭერით საწოლად ტრანსფორმირდება, რაც მოგზაურებს საშუალებას მისცემს, მგზავრობის დროს დაიძინონ.
ეს შესანიშნავი შეთავაზებაა მათთვის, ვისაც უყვარს კომფორტი ან, უბრალოდ, ფრენის ეშინია.
საძილე ავტობუსებში 21 ადგილია და ისინი თვითმფრინავებში ბიზნესკლასის ადგილების ანალოგიით შეიქმნა.
Twiliner-ი ორ მარშრუტზე დაიწყებს ოპერირებას:
- ციურიხი – ბაზელი – ლუქსემბურგი – ბრიუსელი – როტერდამი – ამსტერდამი;
- ციურიხი – ჟირონა – ბარსელონა.
თავიდან ავტობუსები კვირაში რამდენჯერმე იმოძრავებენ. შემდეგ დაგეგმილია ყოველდღიური რეისების დანიშვნა, თუმცა ყველაფერი, რა თქმა უნდა, მოთხოვნაზეა დამოკიდებული.
ასეთი მგზავრობის ფასი მაღალია – მაგალითად, ბრიუსელიდან ციურიხამდე ბილეთი დაახლოებით 180 ევრო ეღირება, თუმცა ღამის მატარებლების ბილეთები უფრო ძვირია, თანაც ისინი ხშირად გადატვირთულია.
Twiliner-ი აღნიშნავს, რომ მათი მომსახურება არ არის განკუთვნილი პატარაბავშვებიანი ოჯახებისთვის, რადგან ხუთ წლამდე ასაკის მგზავრები საძილე ავტობუსებში არ დაიშვებიან.
რაც შეეხება ბარგს, მგზავრებს უფლება აქვთ, თან იქონიონ ერთი დიდი ჩემოდანი, რომელიც აკმაყოფილებს Twiliner-ის მერ განსაზღვრულ წონას და მოცულობას (მაქსიმუმ 23 კგ; 80 x 50 x 35 სმ) და ერთი ხელბარგი (მაქსიმუმ 5 კგ; 50 x 30 x 20 სმ).
კომპანია საბოლოოდ კონტინენტის მასშტაბით ღამის ავტობუსების ქსელის შექმნას გეგმავს, რომელიც სამი წლის განმავლობაში ევროპის იმ 25 ქალაქს დააკავშირებს ერთმანეთთან, სადაც ყველაზე ბევრი ვიზიტორი ჩადის.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები