
იტალიის ვიცე-პრემიერის, მატეო სალვინის მიერ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მისამართით გაკეთებული კიდევ ერთი პროვოკაციული განცხადების შემდეგ პარიზსა და რომს შორის დიპლომატიური სკანდალი გამძაფრდა.
პარტია „ჩრდილოეთის ლიგის“ ლიდერმა მატეო სალვინიმ მწვავედ გააკრიტიკა ემანუელ მაკრონი უკრაინაში შეიარაღებული ძალების გაგზავნის იდეის მხარდაჭერის გამო. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს.
იტალიის ვიცე-პრემიერს, ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის მინისტრს და მემარჯვენე პარტია „ჩრდილოეთის ლიგის“ ლიდერს მატეო სალვინის მილანში, ვია ბოლაზე, ალერის საცხოვრებელი სახლების ინსპექტირების დროს ჟურნალისტმა კომენტარის გაკეთება სთხოვა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანულ მაკრონის განცხადებაზე უკრაინაში ევროპული ჯარების გაგზავნის შესახებ.
„იტალიელი ჯარისკაცები უკრაინაში? არავითარ შემთხვევაში! თუ ემანუელ მაკრონს სურს, თავად წავიდეს… დაიხუროს ჩაფხუტი, აიღოს თოფი და თავად წავიდეს უკრაინაში“, – განაცხადა იტალიის ვიცე-პრემიერმა ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის პასუხად.
მატეო სალვინის ამ კომენტარის გამო იტალიის ელჩი ემანუელა დ’ალესანდრო საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.
საფრანგეთის საგარეო უწყებაში სალვინის მიერ გაკეთებულ განცხადებებს მიუღებელს და პარიზსა და რომს შორის არსებული „ნდობისა და ისტორიული ურთიერთობების კლიმატისთვის შეუსაბამოს“ უწოდებენ.
ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური სკანდალი მარტში დაიწყო – მაშინ მატეო სალვინიმ საფრანგეთის ლიდერი დაადანაშაულა ევროპის წაქეზებაში რუსეთთან ომისკენ და „შეშლილი“ უწოდა.
ივნისში იტალიის ვიცე-პრემიერმა განცხადა, რომ თუ დღეს იტალია დაუთმობდა ევროკავშირს სუვერენიტეტს, მაგალითად, თავდაცვის საკითხში და საერთო ევროპული არმია შეიქმნებოდა, მაკრონის მსგავსი „ბომბდამშენი“ ჩავიდოდა და ახალგაზრდებს საზღვარგარეთ მოსაკლავად გაგზავნიდა.
„ჩემს შვილს მაკრონის ხელში არ ჩავაგდებ“, – განაცხადა იტალიის ვიცე-პრემიერმა.
ლიგა ირჩევს მშვიდობას, „არ მინდა, იტალიელები უკრაინაში საბრძოლველად და სასიკვდილოდ გაგზავნონ და არც ის მინდა, იტალიური იარაღი ბომბავდეს და კლავდეს რუსეთში. იტალია არ ომობს…“, – დაწერა ივნისში სალვინიმ სოციალურ ქსელში.
Matteo #Salvini: “La scelta per la Lega domenica prossima è una scelta per la PACE. Io non voglio che gli italiani vengano mandati a combattere e a morire in Ucraina e non voglio che le armi italiane vadano a bombardare e a uccidere in Russia. L’Italia non è in guerra contro… pic.twitter.com/aj95rVuhow
— Matteo Salvini (@matteosalvinimi) June 3, 2024
17 აგვისტოს, უკრაინის მხარდასაჭერად შექმნილ „მსურველთა კოალიციასთან“ შეხვედრის შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ კოალიცია მზადაა, სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემდეგ უკრაინაში „დამზღვევი ძალა“ გაგზავნოს.
ბრიტანული Bloomberg-ის ცნობით, ევროპელი ლიდერები უკრაინისთვის უსაფრთხოების ახალ მექანიზმს განიხილავენ, რომლის ინიციატორიც იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯა მელონია. გეგმის თანახმად, რუსეთის მხრიდან აგრესიის განახლების შემთხვევაში კიევის მოკავშირეები ვალდებულნი იქნებიან, 24 საათის განმავლობაში გადაწყვიტონ უკრაინისთვის სამხედრო ან ეკონომიკური მხარდაჭერის საკითხი.
მელონის წინადადებას „მსუბუქი ნატო“ უწოდეს, რადგან ის ალიანსის კოლექტიური თავდაცვის პრინციპს (ხელშეკრულების მე-5 მუხლი) წააგავს, მაგრამ უკრაინის ნატოში ფაქტობრივ წევრობას არ მოიაზრებს.
ჯერჯერობით უცნობია, მოიცავს თუ არა მელონის გეგმა უკრაინის ტერიტორიაზე შეიარაღებული ძალების ფიზიკურად გაგზავნას.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები