იტალიაკრიმინალი

შემზარავი მკვლელობა იტალიაში – დედამ შვილი რძლის დახმარებით მოკლა და დაანაწევრა

იტალიელმა ქალმა საკუთარი 35 წლის ვაჟის სასტიკი მკვლელობა აღიარა. მან ცხედარი დაანაწევრა და დანაშაულის დაფარვა რძლის დახმარებით სცადა, იტყობინება People. 

შემზარავი მკვლელობა ფრიული-ვენეცია-ჯულიას რეგიონში მდებარე ქალაქ გემონა-დელ-ფრიულიში მოხდა.

61 წლის ლორენა ვენიერმა თავისი ვაჟის, ალესანდრო ვენიერის მკვლელობა მას შემდეგ აღიარა, რაც მისმა ცოლმა, 30 წლის მილენ კასტრო მონსალვომ, 25 ივლისს პოლიციაში დარეკა და მომხდარის შესახებ განაცხადა.

პოლიციამ ალესანდროს დანაწევრებული ცხედარი მათი სახლის ავტოფარეხში იპოვა, სადაც ის დედასთან, ცოლთან და რამდენიმე თვის ქალიშვილთან ერთად ცხოვრობდა.

„ალესანდროს სხეული მე დავანაწევრე ხერხის გამოყენებით. როცა სხეულს სამ ნაწილად ვჭრიდი, სისხლის შესაკავებლად ზეწრები გამოვიყენე. სისხლის შხეფები არსად ყოფილა, ამიტომ კარაბინერებმა ვერაფერი იპოვეს“, – თქვა მკვლელმა დედამ სასამართლო პროცესზე.

ლორენას აღიარებით, ის და მისი რძალი – მილენი მკვლელობას თვეების განმავლობაში გეგმავდნენ. მოტივად მან ძალადობა დაასახელა. „მილენი იანვრიდან, ქალიშვილის დაბადების შემდეგ, მთხოვდა მოძალადე ქმრის მოკვლას. ალესანდრო ცოლს სცემდა, შეურაცხყოფას აყენებდა და მოკვლით ემუქრებოდა, არ ითვალისწინებდა მის მშობიარობის შემდგომ დეპრესიას. ერთხელ მეც დამარტყა, როცა ჩავერიე და პოლიციაში მინდოდა განცხადების შეტანა“, – ციტირებს ქალის სიტყვებს L’Unione Sarda.

ლორენას თქმით, მისი რძალი – მილენი წარმოშობით კოლუმბიიდანაა და ალესანდრო მილენს დაემუქრა, კოლუმბიაში მდინარეში დაგახრჩობ, სადაც ვერავინ გიპოვისო.

Daily Mail-ის  ცნობით, ქალებმა ალესანდროს ლიმონათში ტრანკვილიზატორი შეურიეს და ინსულინის ორი დოზა გაუკეთეს, რომელიც ლორენამ, პროფესიით ექთანმა, საავადმყოფოდან წამოიღო. შემდეგ ის ბალიშითა და ფეხსაცმლის თასმებით გაგუდეს, დანაწევრებული ცხედარი ავტოფარეხში გადაიტანეს და  სუნის გასანეიტრალებლად კირით დაფარეს.

ლორენამ  სასამართლოზე ასევე თქვა, რომ მისი რძალი მხოლოდ ცხედრის გადატანაში დაეხმარა.

ლორენა ვენიერს უკვე წარედგინა მკვლელობისა და ცხედრის დამალვის ბრალდება. მილენ კასტრო მონსალვოს საქმეს კი მკვლელობის წაქეზების მუხლით იძიებენ.

ორივე ქალი წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. გამოძიება გრძელდება.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close