
15 აგვისტოს აშშ-ის შტატ ალასკაში, ანქორიჯის სამხედრო ბაზაზე უმასპინძლა დონალდ ტრამპმა ვლადიმირ პუტინს. ისტორიული შეხვედრა სამ საათს გაგრძელდა და დაგეგმილი ერთობლივი სადილის გარეშე დასრულდა. ის სიმბოლური თვალსაზრისით ბევრად უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე რეალური შედეგებით.
ორი სუპერსახელმწიფოს ლიდერების შეხვედრა, რომელთაგან ერთი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ომის დამნაშავედ ჰყავს გამოცხადებული (2023 წლის 17 მარტს სასამართლომ მისი დაკავების ორდერი გასცა), სცენურ შოუდ გადაიქცა: პუტინს დაახვედრეს წითელი ხალიჩა, საპატიო სამხედრო ესკორტი, ტრამპმა მას ხელი ჩამოართვა და სამიტის ადგილისკენ ერთი ლიმუნიზინით გაემგზავრნენ. ტრამპმა არც აპლოდისმენტები დაიშურა პუტინის მიმართ (მოგვიანებით ეს მომენტები თეთრი სახლის პრესსამსახურმა ამოჭრა იმ ვიდეოებიდან, რომლებიც სოციალურ ქსელებში გაავრცელა). პუტინს ჟურნალისტების წინაშე ტრამპთან ერთად ერთობლივი გამოსვლის საშუალებაც მიეცა. ასე რომ, პუტინის ამერიკული „„ვოიაჟი“ აღინიშნა, როგორც მისი გლობალურ სცენაზე დაბრუნების ნიშანი, რადგან ბოლო წლების განმავლობაში საერთაშორისო საზოგადოებაში ის მნიშვნელოვანი შეზღუდვების ქვეშ იმყოფებოდა.
შეხვედრის მთავარი საკითხი ღიად დარჩა
შეხვედრის ძირითადი თემა იყო ომი უკრაინაში. ტრამპმა განაცხადა, რომ „შეთანხმებასთან ახლოს არიან“, თუმცა პირობები არ დაუსახელებია. მისი მოწოდება ზელენსკის მიმართ – მიიღოს გარიგება, „რადგან რუსეთი ძლიერია“ – დასავლეთში აღიქმება, როგორც პოტენციური საფრთხე უკრაინის სუვერენიტეტისთვის. როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, შეხვედრის ერთადერთი დადებითი შედეგი იყო ის, რომ ტრამპს და პუტინს არ მიუღიათ გადაწყვეტილება უკრაინის ბედზე უკრაინის გარეშე, თუმცა ომის დასრულების მხრივ რეალური პროგრესი ვერ დაფიქსირდა (როგორც მოსალოდნელი იყო).
სამიტის შემდეგ Fox News-თან ინტერვიუში ტრამპმა თქვა, რომ იგი მზადაა, მომავალ კვირაში მოაწყოს შეხვედრა პუტინსა და ზელენსკის შორის, თუმცა მისი სიტყვებიდან გაურკვეველი დარჩა, ვინ იქნება შეხვედრის ორგანიზატორი – მოსკოვი თუ კიევი?
სიმბოლური და სენსაციური დეტალები
პუტინის „რებრენდინგი“ საერთაშორისო სცენაზე არა მხოლოდ ტრადიციული დიპლომატიური მანერებით აღინიშნა. განსაკუთრებით სიმბოლურად აღიქმება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის გამოჩენა მაისურით, რომელზეც დიდი ასოებით იყო გაკეთებული წარწერა „СССР“ – ცხადი მინიშნება იმისა, რომ კრემლი ცდილობს, შეინარჩუნოს და გააფართოოს გავლენა საბჭოთა კავშირის დროინდელ გავლენის სფეროებზე. ეს ელემენტი კიდევ უფრო გამოხატავს რუსული პოლიტიკის გრძელვადიან მიზანს – სტრუქტურულად შეცვალოს საერთაშორისო წესრიგი თავის სასარგებლოდ.
ტრამპის პოზიცია – ყურადღების ცენტრი და პოლიტიკური თამაში
ტრამპისთვის ანქორიჯის შეხვედრა დროებითი პოლიტიკური გამარჯვება იყო: იგი გამოჩნდა, როგორც მთავარი პირი, რომელსაც შეუძლია ომი დაასრულოს და დაბრუნდეს დიდ მოთამაშედ საერთაშორისო პოლიტიკაში. ამერიკულ პოლიტიკურ წრეებში კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ პუტინმა თითქმის არ დაუშვა კონტაქტების გაფართოება, ხოლო ტრამპმა შეაჩერა რუსეთის დასანქცირების ყველა ინიციატივა იმის მიუხედავად, რომ ჯერ 50-დღიანი ვადა დაუწესა რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისთვის, შემდეგ კი ეს ვადა 10 დღემდე შეამცირა.
შეხვედრის მნიშვნელოვანი დეტალი იყო ის, რომ პუტინმა ტრამპს შემდეგი შეხვედრის გამართვა მოსკოვში შესთავაზა, რაც კიდევ უფრო უსვამს ხაზს რუსული პოლიტიკური თამაშის გრძელვადიან მიზნებს და შესაძლო ცვლილებებს აშშ – რუსეთის მოლაპარაკებების დინამიკაში.
„ბატონო პრეზიდენტო, მინდა მადლობა გადაგიხადოთ. თქვენთან ძალიან მალე ისევ გავმართავ საუბარს და, სავარაუდოდ, ძალიან მალე ისევ გიხილავთ. დიდი მადლობა, ვლადიმირ“, – უთხრა ტრამპმა პუტინს ერთობლივ ბრიფინგზე, რაზეც ამ უკანასკნელმა ინგლისურად უპასუხა: „შემდეგ ჯერზე – მოსკოვში“.
„ეს საინტერესოა“, – თქვა დონალდ ტრამპმა და დასძინა, რომ ამის შესაძლებლობას ხედავს.
შეხვედრის მოკლევადიანი და გრძელვადიანი შედეგები
მოკლევადიან პერსპექტივაში:
-
ცეცხლის შეწყვეტა ან საზღვრებთან დაკავშირებით შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული;
-
უკრაინას არ აქვს უსაფრთხოების კონკრეტული გარანტიები;
-
ტრამპმა დროებით შეაჩერა რუსეთისთვის დაწესებული სანქციები, რაც მოსკოვს მოქნილობას აძლევს;
-
პუტინმა შეძლო გლობალურ ლეგიტიმურ სცენაზე დაბრუნება.
გრძელვადიან პერსპექტივაში:
-
შესაძლოა მომდევნო შეხვედრებზე რუსეთის ინტერესებმა და ტრამპის პოლიტიკურმა სტილმა უკრაინისა და ნატოს აღმოსავლეთ წევრებისთვის საფრთხე შექმნას;
-
ანქორიჯი შეიძლება გახდეს პრეცედენტი უფრო ფართო „დიდი გარიგებისთვის“, რომელშიც პუტინი გავლენის სფეროების ხელახლა გადანაწილებას შეეცდება;
-
რეალური პროგრესი ჯერჯერობით არ ჩანს, ახალი შეხვედრები შეიძლება გახდეს იმიტირებული დიპლომატიის ნაწილი, რომელიც რეალურ შედეგს ვერ მოიტანს;
-
პუტინის წინადადება, შემდეგი შეხვედრა მოსკოვში გაიმართოს, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს რუსეთის გრძელვადიან ამბიციას, შეცვალოს საერთაშორისო წესრიგი თავისი ინტერესების შესაბამისად.
ტრამპის შეფასება და გეგმები
პუტინთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ვაშინგტონში, თეთრ სახლში დაბრუნებულმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელ Truth-ში დაწერა:
„შესანიშნავი და ძალიან წარმატებული დღე იყო ალასკაში. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრამ ძალიან კარგად ჩაიარა, ისევე როგორც გვიან ღამით სატელეფონო საუბარმა უკრაინის პრეზიდენტთან, ზელენსკისთან და ევროპელ ლიდერებთან, მათ შორის, ნატოს უაღრესად პატივცემულ გენერალურ მდივანთან. ყველასთვის აშკარაა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის საშინელი ომის დასრულების საუკეთესო გზა პირდაპირ სამშვიდობო შეთანხმების დადებაა, რომელიც ომს დაასრულებს და არა უბრალოდ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, რომელიც ხშირად არ სრულდება. პრეზიდენტი ზელენსკი ორშაბათს, შუადღისას ვაშინგტონში, ოვალურ კაბინეტში შემხვდება. თუ ყველაფერი გამოვა, დავგეგმავთ შეხვედრას პრეზიდენტ პუტინთან. პოტენციურად, მილიონობით ადამიანის სიცოცხლე გადარჩება“.
დონალდ ტრამპი ზელენსკის ტელეფონით ალასკიდან ვაშინგტონში დაბრუნების შემდეგ ესაუბრა. მოგვიანებით ამ საუბარს, რომელიც 1,5 საათს გაგრძელდა, ევროპელი ლიდერებიც შეუერთდნენ – კერძოდ, ევროკომისიის პრეზიდენტი, გერმანიის, საფრანგეთის, ბრიტანეთისა და პოლონეთის ლიდერები, ასევე ნატოს გენერალური მდივანი.
როგორც ბრიტანული „როიტერსი“ იუწყება, სატელეფონო საუბრისას ტრამპმა უთხრა ზელენსკის, რომ პუტინმა შესთავაზა ფრონტის ხაზის გაყინვა, თუ უკრაინა სრულად გაიყვანს თავის ძალებს დონბასიდან, რაც ვოლოდიმირ ზელენსკიმ კატეგორიულად უარყო.
ამასთან, გამოცემა „ნიუ-იორკ ტაიმსის“ ცნობით, რუსეთი ითხოვს გარანტიებს, რომ ომის შემდეგ რუსული ენა უკრაინაში ოფიციალურად გამოცხადდება და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია უკრაინის ტერიტორიაზე თავისუფლად შეძლებს ფუნქციონირებას.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში ორშაბათს, 18 აგვისტოს ჩავა და ტრამპთან თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში შეხვედრას გამართავს. წინა შეხვედრა თეთრ სახლში უსიამოვნო ინციდენტით, ფაქტობრივად, სკანდალურად დასრულდა.
„მაშინ მოვიდეს, როცა მშვიდობისთვის მზად იქნება“, – განაცხადა მაშინ ტრამპმა ზელენსკიზე, რომელიც თეთრი სახლიდან, პრაქტიკულად, გამოაგდო.
ვნახოთ, რა იქნება ამჯერად…
ნანა ძნელაძე
კომენტარები