სურამის შემოვლითი გზა გაიხსნა

16 აგვისტოს, 12:00 საათზე ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის გზის მეორე მონაკვეთი – სურამის შემოვლითი გზა გაიხსნა და თბილისიდან რიკოთის გვირაბამდე უკვე უწყვეტი ჩქაროსნული მაგისტრალია. სურამის შემოვლითი გზის გახსნის ოფიციალური ცერემონია წინა საღამოს, 15 აგვისტოს გაიმართა.
„…ეს პროექტი არის კიდევ ერთი ნაბიჯი ჩვენი სტრატეგიული მიზნისკენ, ვაქციოთ საქართველო ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი შუა დერეფნის ცენტრალურ, უსწრაფეს და უსაფრთხო რგოლად“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გახსნის ოფიციალურ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
„რა თქმა უნდა, ჩვენ აქ არ ვჩერდებით – ეტაპობრივად დავასრულებთ ყველა მიმდინარე პროექტს და დავიწყებთ ბათუმი-სარფის, წითელი ხიდისა და სადახლოს მონაკვეთების მშენებლობას; ამით ჩვენს მეზობლებთან ჩქაროსნული მაგისტრალებით კავშირი სრულად იქნება უზრუნველყოფილი“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, ახალი მონაკვეთი 6.4 კილომეტრის სიგრძისაა, 11 ხიდსა და ხუთ გვირაბს მოიცავს და სრულად აკმაყოფილებს უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს.
ოფიციალური ინფორმაციით, ამ მონაკვეთის მშენებლობა მთლიანობაში 265 მილიონი ლარი დაჯდა, საიდანაც ნაწილი მსოფლიო ბანკის სესხია, ნაწილი – ბიუჯეტის თანადაფინანსება.
ნანა ძნელაძე
კომენტარები