ჰაკერებმა იტალიის სასტუმროებიდან ათიათასობით სტუმრის პერსონალური მონაცემები მოიპარეს და გასაყიდად ინტერნეტში გამოიტანეს

2025 წლის აგვისტოს შუა რიცხვებში ცნობილი გახდა, რომ კიბერდამნაშავეებმა იტალიის სასტუმროების ათიათასობით სტუმრის პერსონალური მონაცემები მოიპარეს. ეს ინფორმაცია Darknet-ზე იყიდება.
პოლიციის ცნობით, Mydocs-ის სახელით ცნობილ კრიმინალურ ჰაკერულ ჯგუფს ინტერნეტში გასაყიდად დაახლოებით 70 000 დოკუმენტი ჰქონდა გამოტანილი. დაზარალებულები არიან ისეთი ქალაქების მაღალი კლასის სასტუმროები და მათი დამსვენებლები, როგორიცაა ვენეცია და ტრიესტი, ასევე, კუნძულები – კაპრი და მალიორკა.
იტალიის პოლიციის ცნობით, ჰაკერები ივნისიდან უკანონოდ შედიოდნენ სხვადასხვა სასტუმროს დაჯავშნის სისტემებში. ამ გზით მათ ხელი მიუწვდებოდათ პასპორტების, პირადობის მოწმობებისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტების მაღალი გარჩევადობის სკანირებულ დოკუმენტებზე, რომლებსაც დამსვენებლები და ბიზნესმენები იყენებდნენ რეგისტრაციის დროს.
ყოველდღიური გაზეთის Corriere del Veneto-ს ცნობით, დაზარალებულ სასტუმროებს შორის ერთ-ერთია ვენეციაში მდებარე ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო „Ca’ dei Conti“, საიდანაც, არსებული ინფორმაციით, 38 000 დოკუმენტი მოიპარეს.
იტალიის ციფრული სააგენტოს (AGID) ცნობით, ეს დოკუმენტები ამჟამად პიქსელირებული სახით Darknet-ზე იყიდება და მათი ფასი 800-იდან 10 000 ევრომდეა.
პოლიცია დაზარალებულთა ეროვნებას არ აკონკრეტებს.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები