რა თანხა გამოიმუშავა ხვიჩა კვარაცხელიამ 2024-2025 წლების სეზონზე?

2024-25 წლების საფეხბურთო სეზონი, მოგეხსენებათ, ხვიჩა კვარაცხელიასთვის ძალიან წარმატებული გამოდგა – მან ახალ გუნდთან, „პსჟ“-სთან ერთად 3 დიდი ტურნირი მოიგო.
კვარამ გასული სეზონი იტალიურ „ნაპოლიში“ დაიწყო, 5 თვის შემდეგ, იანვარში კი ფრანგულ გრანდში – „პარი სენ-ჟერმენში“ გადავიდა, რომელმაც მის ტრანსფერში 70 მილიონი ევრო გადაიხადა. „პსჟ“-ში ხვიჩამ ძალიან წარმატებული სეზონი ჩაატარა, გუნდმა მოიგო საფრანგეთის ჩემპიონატი – ლიგა 1, საფრანგეთის თასი და უეფას ჩემპიონთა ლიგა (ისტორიაში პირველად). კვარაცხელია პირველი ქართველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლი გაიტანა.
ამას დავუმატოთ იტალიის ჩემპიონობა – „სერია ა“-ს მოგება 2024 წელს – ხვიჩა კვარაცხელია უკვე 4 დიდი ტიტულის მფლობელია.
ფეხბურთის ქართველი ვარსკვლავისთვის მთავარი, რა თქმა უნდა, ტიტულები და ოცნებების ახდენა იყო, თუმცა ამ წარმატებებს, , რა თქმა უნდა, მომხიბვლელი მატერიალური მხარეც აქვს. კვარამ ამ მხრივაც მოხსნა რეკორდი – იგი ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქართველი ფეხბურთელია.
რა თანხა გამოიმუშავა ხვიჩამ გასული სეზონის მანძილზე?
როგორც აღვნიშნეთ, 2024-2025 წლის სეზონი ხვიჩამ ისევ იტალიური „ნაპოლის“ შემადგენლობაში დაიწყო და იანვრამდე ამ გუნდის მაისურით გამოდიოდა, 77 ნომრით. ამ პერიოდში მან მხოლოდ ხელფასის სახით დაახლოებით 500 000 ევრო გამოიმუშავა. ამას პლუს ბონუსები, რომლებსაც ქართველი ვინგერი, სავარაუდოდ, მიიღებდა გოლებისა და წარმატებული მატჩების შემდეგ – მისი შემოსავალი დაახლოებით 700 000-800 000 ევრომდე ავიდოდა.
რაც შეეხება „პსჟ“-ში მიღებულ თანხას:
როგორც ცნობილია, კვარაცხელიას ხელფასი თვეში 900 000 ევროს უტოლდება (წელიწადში – 10,8 მლნ ევრო), აქედან გამომდინარე, კვარა მხოლოდ ხელფასის სახით 7 თვეში 6,3 მლნ-მდე მიიღოებდა.
ამას რომ დავუმატოთ ბონუსები (გოლებისთვის, საგოლე გადაცემებისთვის, ჩემპიონობისთვის და სხვა) და სარეკლამო შემოსავლები, რომლებიც მთლიანობაში, სხვადასხვა წყაროს მიხედვით, 3-4 მლნ-ს აღწევს, ხვიჩას შემოსავალი „პსჟ“-ში ყოფნის თითქმის 7 თვის განმავლობაში 10-11 მილიონ ევრომდე გამოვა.
მთლიანობაში კი, 2024-2025 წლების სეზონზე კვარას მიერ გამომუშავებული შემოსავალი, უხეში დათვლით, 12-13 მილიონ ევროს უდრის. და, რა თქმა უნდა, ეს თანხა ხვიჩამ ბოლო ცენტამდე დამსახურებულად მიიღო!
ნუცა ყაველაშვილი
კომენტარები