„ქართველი ჟურნალისტისთვის, მზია ამაღლობელისთვის გამოტანილი ორწლიანი პატიმრობის განაჩენი არაპროპორციულია და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მხრივ სერიოზულ პრობლემებს აჩენს, – წერს სოციალურ ქსელში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაჰერტი.
„მე ვიმეორებ ხელისუფლებისადმი ჩემს წინა მოწოდებას მისი გათავისუფლების შესახებ და მოვუწოდებ მათ უზრუნველყონ, რომ ჟურნალისტებმა შეძლონ თავისუფლად მუშაობა და ზედმეტი ჩარევის გარეშე, გამოხატვის თავისუფლების უფლების სრული პატივისცემით“, – წერს ო’ფლაჰერტი.
მზია ამაღლობელის რეზონანსული საქმის განხილვა პირველ ინსტანციაში დღეს, 6 აგვისტოს დასრულდა, 4 აგვისტოს ნაცვლად, როდესაც მოსამართლემ განაჩენის გამოცხადება 2 დღით გადადო. ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს ორი წლით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება 6 აგვისტოს სხდომაზე მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მიიღო. მოსამართლემ ბრალი, რომელიც მზია ამაღლობელს 353-ე პრიმა მუხლით ჰქონდა წარდგენილი და გულისხმობდა პოლიციელზე თავდასხმას, გადააკვალიფიცირა და ჟურნალისტი დამნაშავედ ცნო 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ.
სასჯელის ათვლა 12 იანვრიდან, დაკავების დღიდან დაიწყება.
მოსამართლის გადაწყვეტილებას მზია ამაღლობელის ადვოკატები სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.
მსჯავრდადებული ჟურნალისტის, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის ადვოკატი მაია მწარიაშვილი ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ნინო სახელაშვილის გადაწყვეტილებაზე მუხლის გადაკვალიფიცირებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ მოსამართლის მიერ 6 აგვისტოს, განაჩენის გამოცხადებისას გადაკვალიფიცირებული მუხლი ისეთივე აბსურდულია მზია ამაღლობელის მიმართ, როგორიც იყო ის მუხლი, რომლითაც გამოძიება მიმდინარეობდა.
„ვერც პოლიციელზე თავდასხმა დაამტკიცა და ვერც ის დაამტკიცა, რომელი მუხლითაც გადაკვალიფიცირდა ეს ბრალი. სამართლებრივად ერთი და იგივეა, ერთნაირად უკანონოა, გინდ 2 წელი იყოს და გინდ 4 წელი. ამ წუთას სისტემამ იმუშავა საკუთარი თავის გადარჩენაზე. ყველამ გაიგო ამ ქვეყანაში, რომ ის, რასაც მზიას ბრალად ჰქონდა შერაცხული, არ იყო თავდასხმა პოლიციელზე. ამიტომ მათ მოუწიათ ამის აღიარება, თუმცა 353-ე მუხლი ისეთივე აბსურდია, ეს არ არის განაჩენი, ეს არის დასჯის აქტი, განაცხადი, რომ ამ ადამიანს სჯიან პოლიტიკური ღირებულებითი არათავსებადობის გამო მათთან და იმისათვის, რომ მათი თამაშის წესებით არ ითამაშა.
თუნდაც ამ ახალი მუხლის პირობებში, რომელიც ისეთივე უკანონოა, დღეს სასამართლოს შეეძლო გამოეყენებინა როგორც ჯარიმა და დარბაზიდან გათავისუფლება და შეეძლო პირობითი მსჯავრის დადგენა“, – განაცხადა მზია ამაღლობელის ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა.
მზია ამაღლობელი სამართალდამცველებმა ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად 11 იანვრის ღამეს დააკავეს ადმინისტრაციული წესით, შემდეგ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, მოგვიანებით კი, ხელმეორედდააკავეს უკვე სისხლის სამართლის წესით, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.
მზია ამაღლობელისთვის გამოტანილი განაჩენი უკანონოდ და უსამართლოდ მიაჩნია ევროკავშირს, რომლის პრესსპიკერის განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაათავისუფლოს მზია ამაღლობელი და უსამართლოდ დაკავებული პირები“.
„მედიის თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლების უფლება ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედია. ჟურნალისტებს უნდა შეეძლოთ თავიანთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამუშაოს შესრულება დევნის ან გაუმართლებელი შეზღუდვის შიშის გარეშე. ხელისუფლების ქმედებები, რომელიც მიმართულია დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ და მისი გაჩუმებისკენ, სწორედ დემოკრატიის საფუძველს უთხრის ძირს, არ შეესაბამება საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს და საქართველოს მოსახლეობის ევროპულ მისწრაფებებს ეწინააღმდეგება.
მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს მზია ამაღლობელი და ასევე უსამართლოდ დაკავებული პირები, უზრუნველყოს და დაიცვას სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც მართლმსაჯულების ფუნდამენტური პრინციპი და დემოკრატიული მმართველობის არსებითი საყრდენი.
ევროკავშირი გვერდში უდგას საქართველოს მოსახლეობას, მის ევროპულ მისწრაფებებს, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერის ურყევად ერთგული რჩება“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.
დღევანდელი სასამართლო პროცესი სოლიდარობის აქციის ფონზე მიმდინარეობდა, ბათუმში მედიის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები იყვნენ შეკრებილი. ჟურნალისტის საქმეზე მიღებულ საბოლოო გადაწყვეტილებას არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია და საელჩო გამოეხმაურა – ისინი მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილ განაჩენს გმობენ და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ.
24 დიპლომატიური წარმომადგენლობა მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილ სასამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. განცხადება საქართველოში პოლონეთის საელჩომ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
„ჩვენ, ავსტრიის, ბელგიის, კანადის, ჩეხეთის, დანიის, ესტონეთის, ევროკავშირის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ისლანდიის, ირლანდიის, იტალიის, ლატვიის, ლიეტუვის, ლუქსემბურგის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პოლონეთის, რუმინეთის, ესპანეთის, შვედეთის, უკრაინისა და დიდი ბრიტანეთის დიპლომატიური წარმომადგენლობები, რომლებიც წარმოვადგენთ მედიის თავისუფლების კოალიციის წევრ ქვეყნებსა და მოკავშირე დიპლომატიურ წარმომადგენლობებს საქართველოში, ვგმობთ მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილ არაპროპორციულ და პოლიტიზებულ განაჩენს, რომლითაც მას 2 წლით პატიმრობა მიესაჯა. მზია ამაღლობელის საქმე დამატებით დაამძიმა მისმა გაჭიანურებულმა წინასწარმა პატიმრობამ, როდესაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და, განსაკუთრებით, მისი მხედველობა მნიშვნელოვნად გაუარესდა.
მზია ამაღლობელის საქმე და „ბათუმელებსა“ და „ნეტგაზეთზე“ განხორციელებული ზეწოლა საქართველოში ჟურნალისტების მზარდი დაშინების, დაუსჯელი ძალადობისა და სამართლებრივი დევნის მაგალითია, მედიის თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის კუთხით საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების აშკარა დარღვევის გზით.
ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ 2024 წლის 20 დეკემბერს მედიის თავისუფლების კოალიციის მიერ გავრცელებული განცხადების გზავნილს, ვგმობთ ჟურნალისტებსა და მედიის წარმომადგენლებზე ყველანაირ ძალადობასა და მათ დაშინებას. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ მზია ამაღლობელს და მოვუწოდებთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას“, – ნათქვამია 24 დიპლომატიური წარმომადგენლობის განცხადებაში.
განაჩენის გამოცხადების შემდეგ თბილისში ჟურნალისტის მხარდასაჭერად მორიგი აქცია გაიმართა. მოქალაქეები ფილარმონიასთან შეიკრიბნენ და რუსთაველის პროსპექტისკენ მსვლელობა გამართეს. დემონსტრანტები მზია ამაღლობელის გათავისუფლებას მოითხოვდნენ.
აქციას შეუერთდა ექიმი გიორგი ახობაძეც, რომელიც დაკავებული იყო და 8-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა „ნარკოდანაშაულის“ ბრალდებით. თუმცა დღეს, მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილის გადაწყვეტილებით, იგი უდანაშაულოდ გამოცხადდა და დარბაზიდან გაათავისუფლეს.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ისევე როგორც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების სხვა მაღალჩინოსნები, მზია ამაღლობელის მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილებას კანონიერად მიიჩნევს და დარწმუნებულია, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებების სასამართლო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას გაამართლებს.
„გავა დრო და სტრასბურგის სასამართლოს მიერ მზია ამაღლობელის საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილებით დადუმებული ელჩები გაიხსენებენ, როგორ შეცდნენ, როგორც არაერთხელ, ქართული სასამართლოს განაჩენის შეფასებაში.
მაგრამ, ისევე როგორც არაერთხელ, არცერთი ეს საელჩო ბოდიშს არ მოიხდის. როგორც არ მოიხადეს ბოდიში სააკაშვილის საქმეზე, არ მოიხადეს ბოდიში მელიას საქმეზე, არ მოიხადეს ბოდიში გვარამიას საქმეზე, არ მოიხადეს ბოდიში „რუსთავი 2“-ის საქმეზე, არ მოიხადეს ბოდიში პარლამენტის შტურმის საქმეზე. საერთოდ არცერთ საქმეზე, რომელშიც ეს საელჩოები სტრასბურგის სასამართლოში მტყუანი აღმოჩნდნენ, ბოდიში არ მოიხადეს.
სამწუხაროა, რომ ქართული მართლმსაჯულების მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული ცილისწამება და თავდასხმა ევროკავშირის ზოგიერთი წევრის ხელწერად იქცა. სამწუხაროა, რომ ასე გააუფასურეს საკუთარი სიტყვა“, – წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.
კანონის თანახმად, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში მზია ამაღლობელის პატიმრობის საქმეზე სარჩელის შეტანა ადვოკატებს შეუძლიათ მას შემდეგ, რაც საქართველოში საქმე ყველა ინსტანციის სასამართლოს გაივლის და საბოლოო განაჩენი დადგება.
შეგახენებთ, რომ მზია ამაღლობელის საქმეზე ერთი სარჩელი სტრასბურგში უკვე შეტანილია – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს 2025 წლის 28 აპრილს მიმართა მზია ამაღლობელის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებასთან და მის სისხლის სამართლის საქმეში არსებულ არაერთ პროცედურულ დარღვევასთან დაკავშირებით. სასამართლომ საქმის განხილვა მალევე დაიწყო დაჩქარებულლი წესით.
მოამზადა ნანა ძნელაძემ
კომენტარები