იცოდით, რომ „მეორე გულიც“ გვაქვს? – რა უნდა გავაკეთოთ, რომ ის გამართულად მუშაობდეს

გული სისხლის მიმოქცევის მთავარი მამოძრავებელია, თუმცა ის ორგანიზმში სისხლის მხოლოდ 70 პროცენტს ამუშავებს. არსებობს კიდევ ერთი, არანაკლებ მნიშვნელოვანი მექანიზმი – კანჭის ტყუპი კუნთები (Musculus gastrocnemius) და ქუსლის კუნთები (Musculus soleus), რომლებიც სისხლის დანარჩენ 30 პროცენტს ტუმბავენ გულისკენ.
მათ „პერიფერიული გულს“ ან „მეორე გულს“ უწოდებენ. რადგან ეს კუნთები სხეულის ყველაზე ქვედა ნაწილში მდებარეობს, ისინი გულს სისხლის ქვემოდან ზემოთ გადაქაჩვაში ეხმარებიან. როდესაც „მეორე გულის“ კუნთები იკუმშება, ისინი თხელკედლიან ვენებს აწვებიან, რაც სისხლს გულში დაბრუნებაში ეხმარება. ასე რომ, „მეორე გული“ პასუხისმგებელია ორგანიზმში ყველაზე მნიშვნელოვან პროცესზე – სისხლის მთავარი „ტუმბოსთვის“ მიწოდებაზე.
ფეხების კრუნჩხვები და შეშუპება ხშირად სისხლის მიმოქცევის პრობლემაზე მიუთითებს. არსებობს კიდევ სხვა სიმპტომები, რომლებიც კანჭის კუნთების არასწორ ან არასათანადო ფუნქციონირებაზე მიუთითებს:
- ვარიკოზული ვენები;
- კუნთებისა და სახსრების ტკივილი ჭარბი სითხის დაგროვების გამო;
- დაღლილობა;
- თავის ტკივილი;
- თავბრუსხვევა;
- მხედველობის დაბინდვა;
- კოგნიტიური დისფუნქცია.
როგორ ავაჩქაროთ სისხლის მიმოქცევა
არ არის საჭირო მუდმივად სპორტდარბაზში ვარჯიში – პროცესის დასაწყებად მარტივი ვარჯიშებიც საკმარისია
თუ დიდხანს მოგიწიათ ერთ ადგილას დგომა, რამდენიმე წუთში ერთხელ რამდენჯერმე აიწიეთ ფეხის წვერებზე; თუ დიდხანს ზიხართ სამუშაო ადგილას, დროდადრო ადექით და გაიარ-გამოიარეთ; ერიდეთ დიდხანს გაუნძრევლად ჯდომას და დგომას!
თუმცა კუნთები უკეთ შეასრულებენ თავიანთ ფუნქციას, თუ თქვენს სავარჯიშო პროგრამას დაამატებთ რამდენიმე ვარჯიშს, რომლებიც კონკრეტულად კანჭის ტყუპი კუნთებისა და ქუსლის კუნთების განვითარებაზეა ორიენტირებული.
- დადექით ისე, რომ თქვენი ფეხის დიდი თითები ერთმანეთს ეხებოდეს და ქუსლები დაახლოებით ორი სანტიმეტრით იყოს დაშორებული;
- აიწიეთ თითის წვერებზე და ეს პოზა 30 წამის განმავლობაში შეინარჩუნეთ;
- წონასწორობის შესანარჩუნებლად თვალების წინ აირჩიეთ წერტილი და მასზე კონცენტრირდით;
- დააკვირდით სუნთქვას, ის ღრმა და თანაბარი უნდა იყოს.
ამ დროს „მეორე გული“ ვარჯიშობს, მაგრამ არ იძაბება. ამავდროულად, თითის წვერებზე ბალანსირებით წონასწორობის შენარჩუნების უნარსაც იუმჯობესებთ.
დაბოლოს, მარტივი და პრაქტიკული რჩევა
ვენებში სისხლის ნაკადის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად დღეში სამ-ოთხჯერ 30 წუთით ფეხები გულის დონეზე მაღლა ასწიეთ. გახსოვდეთ: ფეხების ოდნავ შემაღლებულ ადგილას შემოწყობა დიდად ვერაფერს გარგებთ – ისინი აუცილებლად გულის დონეზე მაღლა უნდა გეწყოთ!
მანანა ბანძელაძე
კომენტარები