საზოგადოებასაქართველო

ახალი დიზაინის პასპორტის და პირადობის მოწმობის გაცემის ვადამ ისევ გადაიწია – ვინ თავისუფლდება პირადობის მოწმობის საფასურისგან

მოქალაქეებს პირადობის მოწმობა, პასპორტი და დიპლომატიური პასპორტი განახლებული დიზაინით 1-ელ ივნისს უნდა აეღოთ. შემდეგ ვადამ 1-ელ აგვისტომდე გადაიწია. იუსტიციის მინისტრის, პაატა სალიას 31 ივლისს ხელმოწერილი დადგენილების მიხედვით კი, ცვლილება კიდევ 2 თვით გადავადდა და ახალი დიზაინის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები 6 ოქტომბრიდან გაიცემა.

დადგენილებაში წერია, რომ პირადობის მოწმობა, პასპორტი და დიპლომატიური პასპორტი 2026 წლის 1-ელ იანვრამდე უბდა გაიცეს სპეციალური წესით – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.

ამასთან, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარეს ენიჭება უფლება, განსაკუთრებულ შემთხვევაში გამოსცეს დროებითი წესის დამადასტურებელი ინდივიდუალური აქტი, რომლითაც დოკუმენტების გაცემის კრიტერიუმები და ორგანიზაციული საკითხები განისაზღვრება.

ახალი დიზაინის დოკუმენტები უნდა შეიცავდეს:

  • ახალი პირადობის მოწმობა უნდა შეიცავდეს „ინტეგრირებულ მე-4 დონის დამცავ ერთ ნიშანს, რომელიც კლასიფიცირდება, როგორც კონფიდენციალური“;
  • მოწმობაზე დაიტანება დამკვეთისა და დამამზადებლის სახელწოდებები ინიციალებით და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (სემგს) რეგისტრაციის ნომერი;
  • ახალი მოწმობა ასევე უნდა მოიცავდეს სერტიფიკატებს ან/და გასაღებებს, რომლებიც უზრუნველყოფს დოკუმენტის ან მასზე დატანილი მონაცემების ერთიანობის, ავთენტიკურობისა და კონფიდენციალურობის დაცვას, მათ შორის, მფლობელის თითის ანაბეჭდსაც.
  • ბრძანებით გათვალისწინებულია, რომ მოწმობის ელექტრონულ მატარებელზე, მფლობელის სურვილით, ჩაიწეროს:კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის სერტიფიკატი და შესაბამისი მონაცემები;
  • ფიზიკური პირის ავთენტიფიკაციის სერტიფიკატი და შესაბამისი მონაცემები;
  • ასევე დამცავი მონაცემები, რომლებიც ხელს უშლის მონაცემების არასანქცირებულ გამოყენებას.

ძალაში კვლავ რჩება აკრძალვა, რომ ელექტრონული მოწმობების ინდივიდუალური ნომრის ნიშნებში ციფრების კომბინაცია არ შეიძლება იყოს ისე, რომ იკითხებოდეს რიცხვი 666 [მაგალითად, ბარათის ნომერში არ შეიძლება იყოს ასეთი კომბინაციები − 666XX, X666X ან XX666].

ამასთან, ოქტომბრამდე გაცემული ყველა დოკუმენტი (პირადობა, პასპორტი და სხვა) მისთვის განსაზღვრული ვადით იმოქმედებს.

პირადობის მოწმობის საფასური

პირადობის ელექტრონული მოწმობის მისაღებად მომსახურების საფასური განისაზღვრება 10 სამუშაო დღეში – 60 ლარით, 5 სამუშაო დღეში – 80 ლარით, 3 სამუშაო დღეში – 100 ლარით, მე-2 სამუშაო დღეს – 120 ლარით, იმავე დღეს – 150 ლარით. დამატებით უნდა გაითვალისწინოთ 5 ლარი ფოტოსათვის და 1 ლარი საბანკო მომსახურებისათვის.

პირადობის მოწმობის საფასურის გადახდისაგან სრულად თავისუფლდებიან:

სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 001-ს;

მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები;

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაინვალიდებული საქართველოს მოქალაქეები;

პირები, რომელთაც საქართველოს მოქალაქეობა საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით მიენიჭათ.

პირადობის მოწმობის საფასურის გადახდისაგან ნაწილობრივ თავისუფლდებიან:

სტუდენტები, რომლებიც ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლობენ და რომელთა სტატუსის გადამოწმება შესაძლებელია სააგენტოს მონაცემთა ბაზის მეშვეობით, პირადობის ელექტრონული მოწმობის აღნიშნული სტატუსით პირველად აღების შემთხვევაში განსაზღვრულ მომსახურების საფასურზე 10 ლარით ნაკლებს გადაიხდიან.

სტუდენტები, სტუდენტური მონაცემით პირადობის ელექტრონული მოწმობის განმეორებით მიღების დროს 10%-ით ნაკლებს გადაიხდიან.

სტიდენტები ფოტოსურათის საფასურის გადახდისაგან სრულად თავისუფლდებიან.

აღსანიშნავია, რომ იუსტიციის სახლში პირადობის ელექტრონულ მოწმობაზე შესაძლებელია სტუდენტის სტატუსი დატანა უფასოდ, 7 სამუშაო დღის ვადაში.

პირები, რომლებზეც შესაძლებელია გაიცეს პირადობის მოწმობა მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსით, დაწესებული მომსახურების საფასურის 50%-ს გადაიხდიან.

დაკავშირებულ თემაზე:  რა ჯდება ბიომეტრიული პასპორტის აღება და როგორ ავიღოთ პასპორტი ონლაინ რეჟიმში

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close