ჯანმრთელობარჩევები

როგორ მოვიქცეთ მზისგან გამოწვეული დამწვრობისას?

ზაფხულია, მზე აცხუნებს და მზის სხივები სიამოვნებასთან ერთად საფრთხესაც შეიცავს – განსაკუთრებით მაშინ, თუ დიდხანს ვრჩებით მზეზე დაცვის გარეშე. მზისგან მიღებული დამწვრობა საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა და მისი უგულებელყოფა არ შეიძლება. ამიტომ, თუ მზის სხივებმა ზიანი მოგაყენათ ან გსურთ თავი აარიდოთ შესაძლო გართულებებს, გთავაზობთ მარტივ და პრაქტიკულ რჩევებს.

თუ მზემ დაგსიცხათ

  • გადადით ჩრდილში ან დახურულ სივრცეში;
  • მიიღეთ გრილი შხაპი ან დაიფინეთ ნესტიანი პირსახოცი კანის გაგრილების მიზნით;
  • დალიეთ ბევრი წყალი, რათა თავიდან აიცილოთ გაუწყლოება.

თუ დამწვრობის გამოხატული ნიშნები გაქვთ

იმოქმედეთ სიმპტომების მიხედვით:

  • ბუშტუკები: არ გახეთქოთ, რადგან ეს ზრდის ინფექციის რისკს. თუ ბუშტუკი გასკდა, დაიბანეთ დაზიანებული ადგილი მსუბუქი საპნითა და წყლით. შემდეგ მიმართეთ ექიმს.
  • ქავილი: არ მოიქავოთ კანი. წაისვით ჰიდროკორტიზონის შემცველი კრემი ან მიიღეთ ანტიჰისტამინური პრეპარატი.
  • ტკივილი ან წვა: მიიღეთ ტკივილგამაყუჩებელი, მაგალითად, იბუპროფენი ან პარაცეტამოლი.
  • გახურებული კანი: რეგულარულად მიიღეთ გრილი შხაპი და ხშირად დალიეთ წყალი.
  • კანის აქერცვლა: წაისვით დამატენიანებელი კრემი კანის მოსავლელად.

როგორ მოვუაროთ კანს მსუბუქი დამწვრობისას

  • ალოე ვერა: გამოიყენეთ კანის დასამშვიდებლად და ანთების შესამსუბუქებლად.
  • ცივი კომპრესები: დღის განმავლობაში რამდენჯერმე დაიდეთ ცივი პირსახოცი (არ უნდა იყოს ხაოიანი) 10-15 წუთით.

რა არ შეიძლება:

  • ყინულის პირდაპირი დადება კანზე;
  • არომატული და მენთოლის შემცველი კრემების გამოყენება;
  • ცხიმოვანი და მძიმე ტექსტურის მქონე საშუალებები, რომლებიც კანის შიგნით სითბოს ინარჩუნებს.

მზის დამწვრობის შემდგომი მოვლა:

  • გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემი SPF 30+ ქალაქშიც კი, ხოლო აქტიური მზის დროს – SPF 50+;
  • ატარეთ დახურული ნატურალური ქსოვილის ტანსაცმელი, ქუდი და მზის სათვალე.

როდის მივმართოთ ექიმს – სიმპტომები:

  • ძლიერი ტკივილი, ბუშტუკები ან წყლულები;
  • კანის დიდი უბნის დაზიანება;
  • მდგომარეობის გაუარესება, აგრეთვე, თუ გაუმჯობესება არ შეინიშნება;
  • ინფექციის ნიშნები: ჩირქი, სიწითლე, შეშუპება;
  • მაღალი ტემპერატურა, თავის ტკივილი, გულისრევა, შემცივნება, გონების დაბინდვა – ამ სიმპტომების არსებობისას დაუყოვნებლივ გამოიძახეთ სასწრაფო.

მზის დამწვრობა ბავშვებში:

  • 1 წლამდე: ნებისმიერ დამწვრობაზე დაუყოვნებლივ მიმართეთ პედიატრს;
  • 1 წლის ზემოთ:
    • მსუბუქი დამწვრობისას წაუსვით დამატენიანებელი კრემი ან კალამინის ლოსიონი;
    • სიცხის, ტკივილის ან ბუშტუკების შემთხვევაში ბავშვი აჩვენეთ ექიმს;
    • მიაწოდეთ ბევრი სითხე, რადგან დამწვრობამ შეიძლება გამოიწვიოს გაუწყლოება.

თამარ ქავჟარაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close