მსოფლიორას არ გაიგებ/ფაქტები

დედამიწაზე ორი ახალი სეზონი გაჩნდა – მეცნიერთა სენსაციური დასკვნა

ტრადიციული წელიწადის დროები თანდათან ქრება - რას ნიშნავს „არითმიული სეზონი“?

ისტორიის განმავლობაში ადამიანები წელიწადის დროებს აღიქვამდნენ, როგორც ბუნებრივად განსაზღვრულ, სტაბილურ ციკლებს. ისინი უბრალოდ დროის დაყოფაზე მეტი იყო – სეზონები ჩვენი ღრმა კავშირი იყო ბუნებასთან, მაგრამ დღეს ეს კავშირი ირღვევა. ახალი კვლევის ავტორების თქმით, ადამიანის უგუნურმა ქმედებებმა დედამიწის კლიმატურ დინამიკაზე უკვე გადამწყვეტი გავლენა მოახდინა და პლანეტაზე ორი ახალი სეზონი გააჩინა – „ბურუსის სეზონი“ და „ნაგვის სეზონი“.

ასეთი სენსაციური აღმოჩენა გააკეთეს ლონდონის ეკონომიკის სკოლისა და იორკის უნივერსიტეტის მკვლევრებმა. მათი თქმით, ადამიანური აქტივობების შედეგად პლანეტის ბუნებრივი წელიწადის დროები იცვლება და ადგილს უთმობს ახალ პერიოდებს – კერძოდ, „ბურუსის სეზონს“ და „ნაგვის სეზონს“.

რა არის „ბურუსის სეზონი“?

„ბურუსის სეზონი“, ძირითადად, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ფიქსირდება. ყოველწლიურად, სექტემბერ-ნოემბერში, ინდონეზიასა და მალაიზიაში მასობრად იწვის ტორფნარები, ხოლო ინდოეთში – მოსავლის ნარჩენები. ამის შედეგად ჰაერი ივსება მავნე ნაწილაკებით და რეგიონს ბურუსი ფარავს, რომელიც ჯანმრთელობისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. ასეულობით ათას ადამიანს სასუნთქი გზების დაავადებები ემართება.

რას ნიშნავს „ნაგვის სეზონი“?

„ნაგვის სეზონი“ კი დეკემბრიდან მარტამდე ბალიზე და სხვა ტროპიკულ კუნძულებზე ფიქსირდება. ამ დროს მუსონური ქარები და ოკეანის დინებები პლაჟებზე ათასობით ტონა პლასტმასას რიყავს. მხოლოდ ბალიზე წლევანდელი სეზონის განმავლობაში 3000 ტონაზე მეტი ნარჩენი შეგროვდა. მსგავსი ტენდენციები შეინიშნება ფილიპინებზე, ტაილანდში და აშშ-ის სანაპიროებზე, რაც გლობალურ ეკოლოგიურ კრიზისზე მიუთითებს.

ტრადიციული სეზონები ქრება

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ტრადიციული წელიწადის დროები თანდათან ქრება. მაგალითად, ალპებში ზამთრის სეზონი სულ უფრო მოკლდება, თოვლის რაოდენობა კი მცირდება. მსოფლიოში კლიმატური ციკლები სტაბილურობას კარგავს, ხოლო სეზონური მოვლენები თავიანთ ტრადიციულ დროს ვეღარ ემთხვევა. ამასთან, ექსტრემალური ამინდის მოვლენები, როგორიცაა: გვალვები, ქარბუქები და წყალდიდობები – უფრო ხშირი და ძლიერია, ვიდრე ოდესმე.

ახალი ტერმინი: არითმიული სეზონები

კვლევაში მეცნიერებმა შემოიტანეს ახალი ტერმინი – „არითმიული სეზონები“. ეს ცნება გულისხმობს იმ ფენომენებს, როდესაც ბუნებრივი პროცესები – მაგ., ფრინველების მიგრაცია, ყვავილობა ან ფოთოლცვენა – აღარ ემთხვევა სეზონურ ციკლებს. ეს დისბალანსი არღვევს ეკოსისტემების წონასწორობას, საფრთხეს უქმნის ბიომრავალფეროვნებას და ეკონომიკურ ზარალს იწვევს, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობასა და ტურიზმში.

დრო აღარ ითმენს

ახალი სეზონების გაჩენა პირდაპირი და მტკივნეული შედეგი იმისა, თუ როგორ ვექცევით ჩვენს პლანეტას. ეს არის განგაშის ზარი, რომელიც მოითხოვს მყისიერ რეაგირებას: გლობალურმა საზოგადოებამ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას გარემოს დასაცავად, ნარჩენების შესამცირებლად და იმისთვის, რომ დედამიწაზე აირების გამოყოფა ბუნებრივად ან ტექნოლოგიურად განეიტრალდეს.

თუ დროულად არ შევცვლით ჩვენი მოქმედებების მიმართულებას, მომავლის სეზონები შესაძლოა აღარ ჰგავდეს იმ ბუნებრივ ციკლებს, რომლებით დედამიწაზე არსებობდა ათასწლეულების განმავლობაში.

ნანა ძნელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close