ვიდეომსოფლიორას არ გაიგებ/ფაქტები

სფერული ელვის იშვიათი სანახაობა – კანადელმა წყვილმა უცნაური ფენომენი გადაიღო (ვიდეო)

ჭექა-ქუხილის დროს კანადელმა წყვილმა შეძლო, ამინდის იშვიათი ფენომენი ვიდეოკამერით დაეფიქსირებინა.

ედ და მელინდა პერდიებმა საკუთარი აივნიდან დაინახეს, როგორ დაეცა მეხი მიწაზე მათი სახლიდან დაახლოებით ერთი კილომეტრის დაშორებით.

მეხის დაცემის შემდეგ მიწის ზედაპირზე კაშკაშა ლურჯი ბურთი გამოჩნდა და გადაადგილება დაიწყო. წყვილმა ამის ამსახველი 23-წამიანი ვიდეო გადაიღო.

კანადური CTV News-ის ცნობით, უცნაური სფერო, ერთიდან ორ მეტრამდე დიამეტრით, მიწაზე დაახლოებით ერთი წუთის განმავლობაში მოძრაობდა და ბოლოს გასკდა.

ნამდვილად სფერული ელვაა ასახული თუ არა ვიდეოში, ჯერჯერობით დაუდგენელია, თუმცა პერდიების თქმით, მათ უკვე დაუკავშირდნენ მეცნიერები.

ინტერნეტსივრცეში, რა თმა უნდა, გამოჩნდნენ სკეპტიკოსებიც. მათ მიაჩნიათ, რომ ელექტრობის უცნაური ბუშტი შეიძლება წარმოქმნილიყო მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზზე ელექტროდენის გაელვებით, რაც ვიდეოზე არ ჩანს, მაგრამ კანადელი წყვილი აღნიშნავს, რომ ეს შეუძლებელია, რადგან ახლომახლო ელექტროგადამცემი ხაზები არ გადის.

სფერული ელვა – ამინდის ჰიპოთეზური ფენომენი – დღემდე რჩება ბუნების ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ და ნაკლებად შესწავლილ მოვლენად. მიუხედავად იმისა, რომ მას უკვე საუკუნეებია, ათასობით თვითმხილველი აღწერს, ამ მოვლენის სამეცნიერო ახსნა ჯერჯერობით არ არსებობს. თვითმხილველთა მიერ აღწერილი სფეროები ზომით, ფერითა და ქცევით იმდენად განსხვავდება, რომ რთულია დადასტურება, უკავშირდება თუ არა ყველა შემთხვევა ერთსა და იმავე ფიზიკურ მოვლენას, თუმცა არსებობს ჰიპოთეზები: მაგ., ზოგი სპეციალისტის აზრით, სფერულ ელვას წარმოქმნის სინათლე, რომელიც ძლიერ შეკუმშული ჰაერის სფეროშია გამომწყვდეული.

კანადელი წყვილის მიერ გადაღებული ახალი ვიდეო შესაძლოა გახდეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მტკიცებულება მეცნიერთათვის, რომლებიც მრავალი წელია ცდილობენ ამ იშვიათი ფენომენის ამოხსნას.

ნანა ძნელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close