მოგზაურობამსოფლიოnews

აშშ-ის ვიზაზე ახალი 250-დოლარიანი გადასახადი წესდება – ვის შეეხება და რა უნდა ვიცოდეთ?

აშშ საერთაშორისო ვიზიტორებისთვის ახალ დამატებით მოსაკრებელს აწესებს, სულ ცოტა, $250-ის ოდენობით, რომელიც უკვე არსებულ სავიზო გადასახადს დაემატება. ცვლილება 2025 წლის ფისკალური წლიდან (მოიცავს 2024 წლის პირველი ოქტომბრიდან 2025 წლის 30 სექტემბრამდე პერიოდს) შედის ძალაში და სავიზო წესრიგში მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს – მათთვისაც, ვისაც აშშ-ში სამოგზაურო ვიზა უკვე მიღებული აქვს.

ეს ახალი მოსაკრებელი, რომელსაც ‘Visa integrity fee’ („ვიზის მთლიანობის გადასახადი“) უწოდეს, ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ცოტა ხნის წინ მიღებული „ერთი დიდი მშვენიერი კანონის“ (One Big Beautiful Bill Act) ერთ-ერთი დებულებითაა განსაზღვრული და ეხება ყველა არასაიმიგრაციო ვიზას – იქნება ეს ტურისტული, საქმიანი თუ საერთაშორისო სტუდენტური. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური მონაცემებით, არასაიმიგრაციო ვიზების ძირითადი საფასური (მათ შორის, საქართველოს მოქალაქეებისთვისაც) 160 დოლარია – ეს ეხება სწორედ B1/B2 (ტურისტული/საქმიანი) და სტუდენტურ ვიზებს (F, M კატეგორია). შესაბამისად, ვიზიტორებს შესაძლოა მთლიანობაში $400-ზე მეტის გადახდა მოუწიოთ, სანამ შტატებში გაემგზავრებიან.

ვის ეხება და ვის არა?

გადასახადი შეეხება ყველა ვიზიტორს, რომელიც აშშ-ში შესასვლელად არასაიმიგრაციო ვიზას საჭიროებს. ცნობისათვის, მხოლოდ 2024 წელს შტატებმა 11 მილიონამდე ასეთი ვიზა გასცა.

გამონაკლისს წარმოადგენენ იმ ქვეყნების მოქალაქეები, რომლებსაც აშშ-ში უვიზოდ შეუძლიათ მოგზაურობა, თუ იქ 90 დღეზე ნაკლები ვადით ჩადიან. მათ შორისა, მაგალითად, ავსტრალია, იაპონია და ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობა (საბერძნეთის ჩათვლით), საქართველოს კი ეს ცვლილება პირდაპირ შეეხება, რადგან საქართველოს მოქალაქეებს შტატებში სამოგზაუროდ ვიზა სჭირდებათ.

როგორი იქნება პროცედურა?

აღსანიშნავია, რომ ახალ გადასახადს აშშ-ის ვიზის აღების მსურველი არ იხდის განაცხადის წარდგენისას, არამედ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ვიზა დამტკიცდება. მეტიც – ამ გადასახადის გადახდა სავალდებულოა და მასზე უარის თქმა შეუძლებელია, თუმცა ხელისუფლება პირობას დებს, რომ ვიზიტორებს, რომლებიც აშშ-ის კანონებს და სავიზო პირობებს მკაცრად დაიცავენ და არ დაარღვევენ, მოგზაურობის დასრულების შემდეგ გადასახადი უკან დაუბრუნდებათ.

იმ პირებს კი, რომლებსაც ვიზაზე უარს მიიღებენ, აღნიშნული გადასახადის გადახდა არ დაეკისრებათ.

ამგვარად, სისტემა თითქოს დეპოზიტის მსგავსად მუშაობს – წინასწარ იხდი და, თუ წესებს არ დაარღვევ, თანხას უკან იღებ, მაგრამ ჩნდება მნიშვნელოვანი კითხვა: როგორ და როდის მოხდება ამ თანხის დაბრუნება?

ამ დროისთვის პასუხი ჯერჯერობით ბუნდოვანია. უწყებას, რომელიც გადასახადის ამოქმედებაზეა პასუხისმგებელი – ანუ აშშ-ის შინაგანი უსაფრთხოების დეპარტამენტს – დეტალური ინსტრუქციები ჯერ არ გამოუქვეყნებია. დეპარტამენტის წარმომადგენელმა CNN-თან განაცხადა, რომ ახალი რეგულაციის შესასრულებლად რამდენიმე სააგენტოს კოორდინაცია იქნება საჭირო.

გარდა ამისა, როგორც საიმიგრაციო ადვოკატი სტივენ ბრაუნი განმარტავს, არ არის ბოლომდე გასაგები, რა მიზანს ემსახურება ეს გადასახადი:

„საიმიგრაციო მოსაკრებლები, ჩვეულებრივ, პროცედურების ღირებულების დასაფარად გამოიყენება – დოკუმენტაციის დამუშავება, გასაუბრება და ა.შ. მაგრამ ამ შემთხვევაში საქმე უფრო უსაფრთხოების დეპოზიტთან გვაქვს“, – წერს ბრაუნი.

რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ თანხა არ დაბრუნდა?

თუ მოგზაურებითანხას უკან ვერ ან არ დაიბრუნებენ – მაგალითად, ვადის გადაცილების, სავიზო დარღვევების ან პროცედურული ხარვეზების გამო – მათ მიერ გადახდილი თანხა ამერიკის ხაზინაში გადაინაცვლებს და აშშ-ის სასაზღვრო უსაფრთხოების, იმიგრაციის კონტროლისა და ადმინისტრაციული ხარჯების დაფინანსებას მოხმარდება.

გავლენა ტურიზმზე და ეკონომიკაზე

აშშ-ის ტურისტული ინდუსტრია ამ ცვლილებას სიფრთხილით უყურებს. „U.S. Travel Association“-ის შეფასებით, დამატებით გადასახადს შეუძლია მგზავრობის საბაზო ხარჯები 144%-ით გაზარდოს, რის გამოც ბევრი ადამიანი შტატებში გამგზავრებისგან თავს შეიკავებს – განსაკუთრებით ისინი, ვინც ბიუჯეტურ მოგზაურობას ამჯობინებს.

რას უნდა ველოდოთ?

ჯერჯერობით ცნობილი არ არის, ზუსტად რომელი ქვეყნების მოქალაქეებს შეეხებათ ეს გადასახადი პირველ ეტაპზე ან კონკრეტულად როგორი იქნება თანხის დაბრუნების მექანიზმი, თუმცა უსაფრთხოების დეპარტამენტი აცხადებს, რომ გადასახადი შესაძლოა მომავალში გაიზარდოს –  დებულებაში მითითებულია, რომ შინაგანი უსაფრთხოების მდივანს შეუძლია ამ გადასახადის გაზრდა ინფლაციის შესაბამისად. ამიტომ მოგზაურებისთვის რეკომენდებულია, რეგულარულად გადაამოწმონ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური ვებგვერდი განახლებული ინფორმაციისთვის.

ნანა ძნელაძე

დაკავშირებულ თემაზე: ვიზების გასაცემად აშშ-ის საელჩო საქართველოში სოციალური ქსელების კონფიდენციალურობის პარამეტრების შეცვლას ითხოვს

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close