ეკონომიკაიტალიასაზოგადოება

იტალია: ახალი კანონი ბანკებს ავალდებულებს, ნებისმიერ მსურველს გაუხსნან მიმდინარე ანგარიში – კანონპროექტი დეპუტატთა პალატამ დაამტკიცა

რას ნიშნავს ეს ინიციატივა და როგორ შეეხება იმიგრანტებს?

იტალიის პარლამენტის ქვედა პალატამ დაამტკიცა ახალი კანონპროექტი, რომელიც ბანკებს ავალდებულებს, ნებისმიერ მსურველს გაუხსნან მიმდინარე საბანკო ანგარიში. ახალ ინიციატივას 254-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ახლა ის სენატში უნდა განიხილონ, სადაც, დიდი ალბათობით, ასევე არ შეხვდება წინააღმდეგობა.

ახალი კანონი ნებისმიერი ფიზიკური პირისთვის საბანკო ანგარიშის გახსნას ძალიან გაამარტივებს. ინიციატივა მიზნად ისახავს ფინანსურ სისტემაში ჩართულობის გაზრდას და „ბანკინგის უნივერსალურობის“ უზრუნველყოფას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოწყვლადი ჯგუფებისთვის, მათ შორის, უსახლკაროებისთვის, სოციალურად დაუცველებისთვის და, რა თქმა უნდა, იმიგრანტებისთვის.

რატომ გახდა საჭირო ასეთი კანონის მიღება?

კანონის მიღების წინაპირობა გახდა მოქალაქეების მრავალრიცხოვანი შეტყობინება და საჩივარი, რომლებიც აცხადებდნენ, რომ კონკრეტული მიზეზის გარეშე დაუხურეს საბანკო ანგარიშები — დადებითი ბალანსის შემთხვევაშიც კი.

ამასთან, იტალიაში არაერთი მოქალაქე, მათ შორის, იმიგრანტები და სოციალურად დაუცველი პირები წლების განმავლობაში პრობლემებს აწყდებოდნენ საბანკო ანგარიშის გახსნისას. ბანკები ხშირად ითხოვდნენ მუდმივ საცხოვრებელ მისამართს, ხანგრძლივ ბიუროკრატიულ პროცედურებს მიმართავდნენ და ზოგჯერ არაკანონიერად ეუბნებოდნენ უარს მსურველებს ანგარიშის გახსნაზე, რაც ადამიანებს, ფაქტობრივად, ფინანსური სისტემის მიღმა ტოვებდა.

ახალი კანონმდებლობა სწორედ ამ გაუმართლებელ ბარიერებს აუქმებს და ბანკებს ავალდებულებს, გამარტივებული პროცედურით შესთავაზონ საბაზო საბანკო მომსახურება ნებისმიერ ადამიანს, რომელიც იტალიაში ლეგალურად იმყოფება – მიუხედავად საცხოვრებელი სტატუსის ფორმისა.

რას გულისხმობს საბაზო საბანკო ანგარიში?

საუბარია ანგარიშზე, რომელიც უზრუნველყოფს მინიმალურ საჭირო ოპერაციებს: თანხის შეტანა, მიღება, გადარიცხვები და დებეტური ბარათით სარგებლობა. ის არ გულისხმობს საკრედიტო ლიმიტებს ან ოვერდრაფტებს და მისი მიზანია ელემენტარული ფინანსური საქმიანობის ხელმისაწვდომობის გარანტირება.

კანონის თანახმად, საბაზო ანგარიში უნდა იყოს ხელმისაწვდომი დაბალ, სიმბოლურ ფასად ან სრულიად უფასოდ გარკვეული ჯგუფებისთვის (მაგალითად, შემოსავლის მიხედვით). ევროკავშირის 2014 წლის დირექტივის შესაბამისად, მსგავსი სისტემა უკვე მოქმედებს ევროპის რამდენიმე ქვეყანაში.

როგორ ეხება ეს იმიგრანტებს?

კანონის ერთ-ერთი ადრესატი სწორედ იმიგრანტია – განსაკუთრებით ისინი, ვისაც არ აქვს მუდმივი საცხოვრებელი ან სტაბილური დასაქმება.

იტალიაში ლეგალურად მყოფი ბევრი იმიგრანტი ვერ ახერხებს საბანკო ანგარიშის გახსნას სწორედ იმ მიზეზით, რომ ვერ აკმაყოფილებს ბანკის მოთხოვნებს საცხოვრებელ მისამართთან, დასაქმებასთან ან ფინანსურ ისტორიასთან დაკავშირებით. შედეგად, მათ არ შეუძლიათ ლეგალურად იშრომონ ან იძულებულნი არიან ნაღდი ფული მიიღონ დამსაქმებლისგან, რაც ზრდის მათ დაუცველობას, შრომითი ექსპლუატაციისა და თაღლითობის რისკს.

ახლა კი, ახალი წესით, ბანკები ვალდებულნი იქნებიან, თითოეული მოთხოვნა ინდივიდუალურად განიხილონ და უარს ვერ განაცხადებენ საბანკო ანგარიშის გახსნაზე მხოლოდ იმ მოტივით, რომ ადამიანი იმიგრანტია ან არ გააჩნია მუდმივი მისამართი. გამონაკლისს წარმოადგენს შემთხვევები, როდესაც არსებობს სერიოზული ეჭვი ფულის გათეთრებაზე ან ტერორიზმის ფინანსირებაზე. ასეთ შემთხვევაში ბანკი ვალდებულია, 10 დღის ვადაში წერილობით განმარტოს ანგარიშის გახსნაზე უარის თქმის მიზეზ(ებ)ი.

რას ფიქრობენ კრიტიკოსები?

არსებობს შეშფოთება, რომ საბანკო მომსახურების უნივერსალური ხელმისაწვდომობა შესაძლოა იარაღად გამოიყენონ თაღლითურმა ქსელებმა – მაგალითად, ფიქციური დოკუმენტებით ანგარიშის გახსნის მცდელობა არალეგალური აქტივობებისთვის. თუმცა კანონმდებლობა ითვალისწინებს სიფრთხილის ზომებს და იურიდიულ მექანიზმებს ბანკებისთვის, რათა შესაძლო რისკები შემცირდეს.

ეს კანონი აფართოებს იმ ადამიანთა წრეს, რომლებიც შეძლებენ ლეგალურად იმუშაონ, მიიღონ სოციალური დახმარება ან, უბრალოდ, ჰქონდეთ საკუთარი შრომის უსაფრთხოდ შენახვის შესაძლებლობა.

იმიგრანტებისთვის ეს შესაძლოა გახდეს ინსტრუმენტი „უხილავი სტატუსიდან“ რეალური ინტეგრაციისკენ – ხელი შეუწყოს მათ ფინანსურ დამოუკიდებლობას, ადამიანურ ღირსებასა და უფლებრივ დაცულობას.

პოლიტიკოსების პოზიციები და კრიტიკა

ახალმა ინიციატივამ პოლიტიკურ წრეებშიც ფართო გამოხმაურება პოვა. ვიცე-პრემიერმა და პარტია „ლიგის“ ლიდერმა მატეო სალვინიმ კანონპროექტს უკვე უწოდა „ისტორიული გამარჯვება“, რომელიც, მისი თქმით, „მიმართულია ყველა იმ მოქალაქის დასაცავად, რომელიც ცხოვრების რთულ ეტაპზე იმყოფება“.

თუმცა, როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, ეს ბევრად უფრო მასშტაბური ნაბიჯია: საბანკო სექტორი ახლა ვალდებულია იმოქმედოს გამჭვირვალედ და სამართლიანად, რაც გამარჯვებაა არა მხოლოდ კონკრეტული პარტიისთვის, არამედ მთელი საზოგადოებისთვის.

რა რისკები შეიძლება ახლდეს კანონის ამოქმედებას?

კრიტიკოსთა ნაწილის შეშფოთება უკავშირდება იმას, რომ ბანკებმა შესაძლოა სცადონ რეგულაციების გვერდის ავლა – მაგალითად, საბუთების მოთხოვნების გართულება ან პროცედურების მიზანმიმართული გაჭიანურება.

თუმცა კანონპროექტის ტექსტი მკაფიოა: ბანკს უფლება აქვს უარი თქვას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს კანონით განსაზღვრული ობიექტური მიზეზი და უარი უნდა განმარტოს წერილობით.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close