მედიცინაიტალია

სწრაფად მზარდი საფრთხე იტალიაში – როგორ უნდა დაიცვათ თავი დასავლეთ ნილოსის ვირუსისგან

იტალიაში დასავლეთ ნილოსის ვირუსით (West Nile Virus – WNV) ინფიცირების შემთხვევები საგანგაშოდ მატულობს – 2025 წელს ქვეყნის მასშტაბით 455 შემთხვევა და 21 გარდაცვალება დაფიქსირდა, რაც იტალიას ამ მხრივ ევროპაში ყველაზე მეტად დაზარალებულ სახელმწიფოდ აქცევს.

დასავლეთ ნილოსის ვირუსი წარმოადგენს ვირუსულ ინფექციას, რომელიც ადამიანებს, ძირითადად, კოღოს ნაკბენით გადაეცემათ. გადამტანებად ითვლებიან Culex-ის გვარის კოღოები, ხოლო ბუნებრივ რეზერვუარებად – ფრინველები. ადამიანები და ცხენები ე.წ. „ჩიხურ მასპინძლებად“ მიიჩნევიან: ისინი თავად ავადდებიან, თუმცა მათი ორგანიზმი არ წარმოადგენს ვირუსის გავრცელებისა და ცირკულაციის წყაროს.

საინტერესოა, რომ ვირუსი უკვე ენდემურია იტალიის გარკვეულ რეგიონებში, განსაკუთრებით პოს დელტასთან ახლოს მდებარე ემილია-რომანიასა და ვენეტოში, თუმცა წელს განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო კამპანიის რეგიონში გამოვლენილმა 8 შემთხვევამ – ყველა ნეიროინვაზიური ფორმით და ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობით. ინფიცირებულთა უმეტესობამ ზაფხულის არდადეგები ბაია დომიციაში გაატარა.

რადგან ინფიცირების შემთხვევათა 80%-ში ინფექცია უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ვირუსის გავრცელება შესაძლოა ბევრად მასშტაბური იყოს, ვიდრე დადასტურებული შემთხვევები აჩვენებს. სპეციალისტთა აზრით, ასობით უსიმპტომო შემთხვევა სავარაუდოა, რადგან კლინიკურად მძიმე ფორმებს მხოლოდ 1-2% იღებს.

როგორ ვლინდება ინფექცია

ინკუბაციის პერიოდი 2–14 დღემდე მერყეობს, იშვიათად – 21 დღემდე. თუ სიმპტომები იჩენს თავს, გრიპისმაგვარია: სიცხე, თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ლიმფური კვანძების გადიდება, კანზე გამონაყარი.

ყველაზე სახიფათოა ნეიროინვაზიური ფორმები – ენცეფალიტი, მენინგიტი, ტვინის დაზიანება, რაც ძირითადად ხანდაზმულებსა და იმუნიტეტდაქვეითებულ პირებ ემართებათ. ასეთ შემთხვევებში შესაძლოა გამოვლინდეს კრუნჩხვები, მხედველობის დარღვევა, მოძრაობის კონტროლის დაკარგვა, დამბლა და კომა. მაურიციო ფერი, იტალიის ვეტერინარული საზოგადოებების კოორდინატორი, ხაზგასმით აღნიშნავს: „მხოლოდ 0.5-1%-ში ვლინდება ასეთი მძიმე ნევროლოგიური სიმპტომატიკა, თუმცა ეს ფორმები შესაძლოა ლეტალურად დასრულდეს.“

.ვირუსის გავრცელების მიზეზები

დასავლეთ ნილოსის ვირუსის გავრცელება მჭიდროდ არის დაკავშირებული კლიმატურ და სოციალურ ფაქტორებთან: გლობალური დათბობა, ინტენსიური წვიმები, ურბანიზაცია და ფრინველთა მიგრაცია იდეალურ გარემოს ქმნის ვირუსის გადამტანი კოღოების გამრავლებისთვის.

მთავარი ვექტორი იტალიაში – Culex pipiens – ძალიან მგრძნობიარეა ტემპერატურისა და ნალექების ცვლილებებისადმი. მისი სიცოცხლის ციკლი დაახლოებით 1–4 კვირას შეადგენს, რაც ხელს უწყობს ვირუსის სწრაფ რეპლიკაციას და გავრცელებას.

დაავადების კონტროლი

იტალიაში ინფექციასთან ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია ვეტერინარული მონიტორინგი. 2018 წლიდან იტალიაში დარეგისტრირდა 247-ზე მეტი ადგილობრივი ნეიროინვაზიური შემთხვევა. სწორედ ვეტერინარული სამსახურები უზრუნველყოფენ ე. წ. One Health მიდგომის განხორციელებას – ცხოველის, ადამიანის და გარემოს ჯანმრთელობის ინტეგრირებული კონტროლს.

მონიტორინგი სამ მიმართულებაზეა გათვლილი:

  • ენტომოლოგიური მონიტორინგის ფარგლებში სხვადასხვა ზონაში იყენებენ სპეციალურ კოღოსმჭერ მახეებს, რომლებშიც მოხვედრილი მწერები შემდგომ ლაბორატორიულად მოწმდება დასავლეთ ნილოსის ვირუსზე.
  • ცხენების კონტროლი: ეს ცხოველები ინფექციის გავრცელების შესახებ ადრეულ შეტყობინებას იძლევიან, რადგან ნევროლოგიურ სიმპტომებს ვირუსის ადამიანებში გავრცელებამდე ავლენენ.
  • ფრინველების კონტროლი: ფრინველები ვირუსის ბუნებრივი რეზერვუარები არიან და მათი მონიტორინგი აუცილებელია ინფექციის გეოგრაფიული გავრცელების შესაფასებლად.

ვირუსის აღმოჩენა ცხოველებსა და კოღოებში ხშირად ადამიანებში დაავადების გამოვლენამდე რამდენიმე დღით ადრე ხდება, რაც დროული პრევენციული ღონისძიებების გატარების შესაძლებლობას იძლევა.

დონორების უსაფრთხოება და ადამიანების ჯანმრთელობა

ვირუსი არ გადაეცემა ადამიანიდან ადამიანს უშუალო კონტაქტით, მაგრამ იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია ინფიცირება სისხლის გადასხმის ან ორგანოს გადანერგვის გზით. იტალიის სისხლისა და ორგანოთა ეროვნული ცენტრები (CNS და CNT) მჭიდროდ თანამშრომლობენ ვეტერინარებთან და ჯანდაცვის სამინისტროსთან, რათა უზრუნველყონ დონორების სკრინინგი და რისკის ზონებში დონაციების დროებითი შეჩერება.

პრევენცია გადამწყვეტია

ვაქცინა ადამიანებისთვის ჯერ არ არსებობს, ამიტომ პრევენცია ეფუძნება კოღოებისგან თავდაცვას, როგორიცაა:

  • ფანჯრებზე ბადეების დაყენება;
  • კანის დაფარვა ღია სივრცეში ყოფნისას;
  • კოღოს საწინააღმდეგო სპრეების გამოყენება;;
  • დაგუბებული წყლის ჭურჭლის რეგულარული დაცლა
  • მიზნობრივი დეზინსექცია მაღალი რისკის ზონებში.

ზაფხულსა და შემოდგომაზე, განსაკუთრებით საღამოს საათებში, როცა კოღოები ყველაზე აქტიურები არიან, ეს ზომები განსაკუთრებით საჭირო და შედეგიანია.

One Health მიდგომა – ეფექტიანი პრევენციისთვის

დასავლეთ ნილოსის ვირუსი ნათლად აჩვენებს, რამდენად მჭიდროდაა დაკავშირებული ადამიანის, ცხოველისა და გარემოს ჯანმრთელობა. სწორედ ამიტომ One Health მიდგომა — მრავალპროფილური თანამშრომლობა ექიმებს, ვეტერინარებს, ბიოლოგებს, ეკოლოგებსა და საზოგადოებრივ ჯანდაცვასთან — აუცილებელია ეფექტიანი პრევენციისთვის.

„ვეტერინარული მონიტორინგი არ არის მხოლოდ ცხოველთა დაცვა — ეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის თავდაცვის ხაზია“, ამბობს ანტონიო სორიჩე. მეცნიერების, ჯანდაცვისა და გარემოს დაცვის ერთიანი ხედვაა მთავარი გზა ვირუსის გავრცელების შესაკავებლად.

ინფიცირების შემთხვევები კონკრეტული რეგიონების მიხედვით

რაც შეეხება კონკრეტიკას რეგიონების მიხედვით – კამპანიაში ამჟამად, სულ ცოტა, ცხრა ადამიანია ინფიცირებული, რომელთაგან ზოგიერთი მძიმე მდგომარეობაშია და სხვადასხვა სააავადმყოფოშია მოთავსებული.

ნეაპოლის მონალდი კოტუნიოს საავადმყოფოში ამჟამად ორი პაციენტი იმყოფება: ერთის მდგომარეობა სტაბილურია, მეორესი კი – კრიტიკული.

კიდევ ექვსი შემთხვევა დაფიქსირდა კაზერტის პროვინციის ქალაქ მოსკატის საავადმყოფოში. სამი პაციენტის მდგომარეობა შეფასებულია, როგორც მძიმე, დანარჩენები კი დაკვირვების ქვეშ არიან.

ნეაპოლის კარდარელის საავადმყოფოში კიდევ ერთ პაციენტს ვირუსი დაუდასტურდა, თუმცა სიმპტომები არ აღენიშნება. მისი მდგომარეობა შეშფოთების საგანი არ არის, საავადმყოფომ გააძლიერა დასავლეთ ნილოსის ცხელების პრევენციისა და მონიტორინგის ზომები.

ლაციოში 2025 წელს დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ ცხრას მიაღწია, ყველა მათგანი ლატინის პროვინციაში დაფიქსირდა. მათ შორის, Fondi-ს საავადმყოფოში ბოლო დღეებში ერთი ინფიცირებული გარდაიცვალა.

ბოლო ორი შემთხვევა ლატინის ადგილობრივი ჯანდაცვის დეპარტამენტმა და რომში მდებარე ლაძარო სპალანცანის სახელობის ინფექციური დაავადებების ეროვნულმა ინსტიტუტმა დაადასტურეს: ესენი არიან 71 წლის მამაკაცი, რომელიც უკვე გაწერეს საავადმყოფოდან და 76 წლის ქალი თანმხლები დაავადებებით, რომელიც ამჟამად სტაციონარში იმყოფება.

რაც შეეხება დანარჩენ შემთხვევებს: ერთი კრიტიკულას მძიმეა და რეანიმაციაშია, ოთხი მათგანი ჩვეულებრივ პალატებში მოათავსეს. ორი პაციენტი გაწერეს. ერთ-ერთი მათგანი მკურნალობას სახლში აგრძელებს.

რეგიონული ჯანდაცვის ორგანოები აძლიერებენ მეთვალყურეობასა და შეკავების ზომებს, განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც შემთხვევები ფიქსირდება.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close