სმარტფონი და ბავშვის ფსიქიკა: როდის იწყება საფრთხე?
გლობალური კვლევა 100 ათასზე მეტ ახალგაზრდა მონაწილეს მოიცავს 163 ქვეყნიდან

თუ ბავშვის განკარგულებაში სმარტფონი ჯერ კიდევ 13 წლამდე ჩნდება, დიდი შანსია, რომ სრულწლოვანების ასაკში მას ფსიქიკური პრობლემები შეექმნას – ასეთია ახალი მასშტაბური საერთაშორისო კვლევის მთავარი დასკვნა.
კვლევის მიხედვით, იმ ახალგაზრდებს, რომლებმაც სმარტფონის გამოყენება 13 წლის ასაკამდე დაიწყეს, ზრდასრულ ასაკში საგრძნობლად უფრო ხშირად აღენიშნებათ შფოთვა, გარიყულობის განცდა და თვითმკვლელობაზე ფიქრებიც კი. ამ დასკვნამდე მივიდნენ ავტორები გლობალური კვლევისა, რომელშიც 163 ქვეყნისა და ტერიტორიის 100 000-ზე მეტი ახალგაზრდა მონაწილეობდა (18-იდან 24 წლამდე).
მოზარდების ფსიქიკური ჯანმრთელობის შეფასება მოხდა სპეციალური ინდექსის – MHQ (Mind Health Quotient) – მეშვეობით, რომელიც ემოციური, კოგნიტიური და სოციალური ფუნქციონირების სრულ სპექტრს მოიცავს.
კვლევის შედეგებში, რომელიც სამეცნიერო ჟურნალ Journal of Human Development and Capabilities-ში გამოქვეყნდა, ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ბავშვების ნაადრევი ციფრული ჩართულობა სერიოზულ საფრთხეს უქმნის ახალი თაობის ფსიქიკურ მდგრადობას.
„ყველაზე მძიმე შედეგები ფიქსირდება იმ შემთხვევაში, როცა სმარტფონი 13 წლამდე გადაეცემა ბავშვს, – ამბობს კვლევის წამყვანი ავტორი, ამერიკული ანალიტიკური ცენტრის – Sapien Labs-ის პროფესორი ტარა ტიაგარაჯანი. – განსაკუთრებით გამოკვეთილია ეს ტენდენცია გოგონებში: მათში უფრო მაღალია შფოთვის დონე, უფრო ძლიერია რეალობისგან გაუცხოების განცდა და ზოგჯერ თვითმკვლელობაზე ფიქრებიც კი უჩნდებათ“.
რატომ არის 13 წლის ასაკი მნიშვნელოვანი ზღვარი?
ექსპერტების აზრით, სწორედ ამ ასაკამდე გრძელდება ბავშვის ფსიქიკური განვითარებისა და სოციალური იდენტობის ფორმირების აქტიური ფაზა. სმარტფონის მუდმივი გამოყენება კი ამ ბუნებრივ პროცესს ცვლის – ხელს უშლის რეალურ ურთიერთობებს, ზრდის სოციალურ წნეხსა და სოციალურ ქსელებში სხვებთან მუდმივი შედარების მავნე ჩვევას ასაზრდოებს.
რას გვირჩევენ სპეციალისტები?
კვლევის ავტორები მშობლებს ურჩევენ, გადახედონ ბავშვების ტექნოლოგიურ ჩვევებს და რაც შეიძლება გვიან გახდეს მათთვის სმარტფონი სრულად ხელმისაწვდომი. ამის ნაცვლად, რეკომენდებულია ეკრანის წინ გატარებული დროის მკაცრი მონიტორინგი, ალტერნატიული აქტივობების ხელშეწყობა და რეალურ ურთიერთობებზე ორიენტირებული აღზრდის სტრატეგიები.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ – ეკრანი შეიძლება იყოს ბავშვობის ნაწილი, მაგრამ მან მთლიანად არ უნდა ჩაანაცვლოს ბავშვობა.
ნინო ხოშტარია
კომენტარები