საზოგადოებახელოვნებასაქართველო

„მყვინთავები“ – ოჩიაურის ძეგლი ისევ ბიჭვინთის კარიბჭეა

გოგი ოჩიაური ამბობდა ხოლმე, რომ ბიჭვინთაში დადგმულ ძეგლებს საშიშროება არ ემუქრებათ იმიტომაც, რომ დე ფაქტო აფხაზეთის კულტურის მინისტრი მისი მოწაფეა... „ხუმრობით იმასაც ამბობდა მამა, გამიშვით სოხუმში და აფხაზეთის დაბრუნებაზე მე ვიზრუნებო“

„რამდენიმე თაღზე დამაგრებულია ფიგურები – შიშველი ახალგაზრდები, ქალი და ვაჟი ხტებიან ზღვაში მარგალიტების საძებნელად დელფინების, თევზების, ლოკოკინების გარემოცვაში… – თავისუფლების, უდარდელობის, შეიძლება ითქვას „უწონადობის“ ეს განცდა ჯერ კიდევ ორგანული იყო 60-იანელთა თაობისთვის, რომელსაც გოგი ოჩიაური მიეკუთვნებოდა“…

მას შემდეგ, რაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ტურიზმის სამინისტროს ლიცენზირების დეპარტამენტის ახლა უკვე ყოფილმა ხელმძღვანელმა ქრისტინა ლაკერბაიამ განაცხადა, რომ აფხაზეთში არ სჭირდებათ ღარიბი რუსი ტურისტები, გააქტიურდნენ ვლოგერები, რომლებიც ნაწყენი რუსების შემორიგებას ცდილობენ.

სოციალური ქსელები გაივსო ვიდეოჩანახატებით, რომელთა ავტორები „ბიუჯეტურ ტურებს“ სთავაზობენ დამსვენებლებს და თანაც პირდაპირ თუ ირიბად პასუხობენ ლაკერბაიას, რომელიც ამტკიცებდა, რუსი ტურისტები აფხაზეთში არაფერს ყიდულობენ „დოშირაკის“ (სწრაფად მოსამზადებელი წვნიანი) გარდა.

ტურების ორგანიზატორები და აფხაზეთში დასვენებით კმაყოფილი მოგზაურები ამბობენ, რომ „ამ მშვენიერ მხარეში საჭმელად არ ჩამოდიან“, რომ აფხაზეთი, პირველ ყოვლისა, „თვალწარმტაცი მხარე“, „განუმეორებელი ბუნება“, „სუფთა ზღვა“, „ისტორიული ნანგრევებია“… და, რაც მთავარია, ამის ხილვა საკმაოდ იაფი ჯდება.

როგორც წესი, „ისტორიულ ნანგრევებში“ ვლოგების ავტორები საბჭოთა აფხაზეთის მემკვიდრეობას გულისხმობენ, მათ შორის, საბჭოთა ეპოქაში აშენებულ და ქართულ-აფხაზური ომის დროს დანგრეულ შენობებს, რომლებიც უფროსი თაობის რუს ტურისტებში საბჭოთა წარსულის ნოსტალგიას ქმნის. ამ შენობების პროექტები „საქქალაქმშენსახპროექტში“, საპროექტო ინსტიტუტების ქსელში იქმნებოდა, მოსკოვსა და თბილისში. არქიტექტურულ პროექტებთან ერთად მნიშვნელობას ანიჭებდნენ საკურორტო ზონის დეკორს – მოზაიკებს, მრგვალ ქანდაკებას, რელიეფურ კომპოზიციებს.

დღევანდელ აფხაზეთში ნამყოფი რუსი მოგზაურები განსაკუთრებით გამოარჩევენ „მყვინთავების“ ქანდაკებას ბიჭვინთაში – გოგი ოჩიაურის სკულპტურულ კომპოზიციას, რომელიც 1969 წელს გაიხსნა კურორტის მთავარ შესასვლელში. ტურისტების შეფასებებს, მათ ვლოგებს, დღიურებს თუ გადახედავთ, დარწმუნდებით, რომ „მყვინთავები“ ბიჭვინთის სიმბოლო, მისი სახე გახდა. თითქმის არ არსებობს ტურისტი, რომელსაც ერთი სურათი მაინც არა აქვს გადაღებული გოგი ოჩიაურის ძეგლთან. სხვათა შორის, რუსულ სოციალურ ქსელებში ბიჭვინთის მთავარი სკულპტურული კომპოზიციის ავტორად მოხსენიებულია არა გოგი ოჩიაური, არამედ მისი ძმა, ირაკლი… კინომცოდნე ლელა ოჩიაური, რომელიც მხატვარ ირაკლი ოჩიაურის ქალიშვილია, ამბობს:

„წლების წინ წიგნი გამოიცა, რომელშიც ძეგლის ავტორად შეცდომით მოიხსენიეს მამაჩემი. მას შემდეგ გავრცელდა ეს ინფორმაცია. მივმართეთ კიდეც, მივწერეთ ვიკიპედიას(რუსულად სკულპტურულ კომპოზიციას “Море“/„ზღვა“ჰქვია – nostal.ge), რუს ვლოგერებს, მაგრამ ჯერჯერობით შეცდომას არ ასწორებენ“.

ირაკლი ოჩიაურის გარდა ძეგლის ავტორად ხშირად ზურაბ წერეთელს ასახელებენ. თუმცა ეს მხოლოდ ნაწილობრივაა შეცდომა – ზურაბ წერეთელი ბიჭვინთის დასასვენებელი კომპლექსის ერთ-ერთი ავტორია, უფრო სწორად კომპლექსის მხატვრული გაფორმების ხელმძღვანელი. 1967 წელს, როცა ბიჭვინთის საკურორტო ზონის მშენებლობა სრულდებოდა, წერეთელს კომპლექსის იერსახის შექმნა და 7 პანსიონის ფასადების გაფორმება დაავალეს.

გააგრძელე კითხვა აქ: radiotavisupleba.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close