2025 წლის მეორე კვარტალში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები შემცირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი 1.0 პროცენტით შემცირდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 5.4 პროცენტი შეადგინა.
საქსტატის ცნობით, 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 56.1 პროცენტით არის გაზრდილი. საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსის დაფარვა თბილისით შემოიფარგლება და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.
უწყების ანგარიშით, 2025 წლის მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების 0.6-პროცენტიანი კლება დაფიქსირდა საცხოვრებელი ბინების სეგმენტში, 2.5-პროცენტიანი შემცირება – კერძო სახლების სეგმენტში.
2024 წლის მეორე კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში: ბინების – 5.2 პროცენტით, ხოლო კერძო სახლების – 5.7 პროცენტით.
რაც შეეხება 1 მ²-ის ფასს ბინების სეგმენტში, ყველაზე ძვირი ბინები მთაწმინდის რაიონია, სადაც 1 მ² ბინის ღირებულებამ 6 624 ლარი შეადგინა. შემდეგ მოდის ვაკე, სადაც 1 მ² ბინის ფასი 5 856 ლარია; ჩუღურეთში – 4 358 ლარი; საბურთალოზე – 4 267 ლარი; დიდუბეში – 4 069 ლარი; კრწანისში – 3 992 ლარი; ნაძალადევში – 3 819 ლარი; ისანში – 3 813 ლარი; გლდანში – 3 669 ლარი; სამგორში – 3 468 ლარი. კერძო სახლების სეგმენტში კი 1 მ²-ის ფასი მთაწმინდაზე 4 462 ლარია; ვაკეში – 3 957 ლარი; დიდუბეში – 3 577 ლარი; საბურთალოზე – 3 505 ლარი; ისანში – 3 143 ლარი; ჩუღურეთში – 3 068 ლარი; სამგორში – 2 944 ლარი; კრწანისში – 2 897 ლარი; ნაძალადევში – 2 573 ლარი; გლდანში – 2 540 ლარი.
კომენტარები