ზურიკო დავითაშვილი საბერძნეთში გააგრძელებს კარიერას?
„სენტ-ეტიენის“ ქართველ ნახევარმცველს იტალიური და ესპანური კლუბებიც იწვევენ

ზურიკო დავითაშვილი საბერძნეთის ვიცე-ჩემპიონის, „პანათინაიკოსისთვის“ სასურველი მარცხენა შემტევების სიის ლიდერია – „სენტ-ეტიენის“ ქართველ ნახევარმცველთან დაკავშირებით ინფორმაციას სააგენტო Athens-Macedonian News Agency (ANA-MPA) ავრცელებს.
„ერთ-ერთი პოზიცია, რომლის გაძლიერებაც „პანათინაიკოსს“ სურს, მარცხენა ვინგერის პოზიციაა. ათენელების განსაკუთრებულ ინტერესს „სენტ-ეტიენის“ თავდამსხმელი ზურიკო დავითაშვილი იწვევს.
საფრანგეთში გავრცელებული ინფორმაციით, დიდი ხანია ათენელები ზურიკო დავითაშვილის ტრანსფერის განხორციელებას ცდილობენ.
24 წლის ქართველი ნახევარმცველი, რომელმაც ორი წელი გაატარა „ბორდოში“ (14 გოლი, 12 საგოლე გადაცემა 71 თამაშში), გასულ სეზონში „სენტ-ეტიენში“ ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი იყო. მან 34 ოფიციალურ მატჩში 9 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა.
დავითაშვილს არ უნდა მეორე დივიზიონში თამაში, ამიტომ გუნდიდან წასვლა სურს, თუმცა მისი კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდეა ძალაში. ეს მარტივად განსახორციელებელი ტრანსფერი არ იქნება, რადგან ფრანგულმა კლუბმა შარშან, ზაფხულში ქართველის დასამატებლად 6 მილიონი ევრო გადაიხადა. დავითაშვილის შეძენის სურვილს იტალიისა და ესპანეთის გუნდებიც გამოხატავენ.
წყაროს ცნობით, „პანათინაიკოსმა“ ფეხბურთელს უკვე გააცნო საინტერესო პროექტი, რათა კარიერის საბერძნეთში გაგრძელების პერსპექტივაში დაერწმუნებინა“, – წერს ბერძნული საინფორმაციო სააგენტო.
შეგახსენებთ, რომ 2023 წელს მომხდარი ინციდენტის გამო საბერძნეთში გულშემატკივრებს საფეხბურთო მოედნებზე მატჩებზე დასწრება გარკვეული ხნით აეკრძალათ.
კომენტარები